- დღეს არმენთან წავიდეთ...
- ხვალისთვის ხომ არ გადავდოთ? დაღლილები ვართ.
- არა, გაბრაზდება, მასთან ყოველთვის 3 რიცხვში მივდივართ.
მსგავსი საუბარი საახალწლო დღეებში სომხურ ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია. სადღესასწაულო აღნიშვნა 2-3 დღეს კი არა, 7 დღემდე გრძელდება. წინაპრებისგან საახალწლო ტრადიციები შემორჩათ, მთავარი სითბოს გამოხატვა და ერთიანობაა.
ახალი წლის ღამეს სომხები ათობით კერძით სახლში აღნიშნავენ. ითვლება, რომ ეს ჯადოსნური წუთები ოჯახთან ერთად უნდა გაატარო. ხოლო დილით, მიუხედავად დაღლილობისა და ნაბახუსევობისა სომხეთში სტუმრებს იღებენ, შეიძლება ითქვას, უთვალავი რაოდენობით.
90-იან წლებში როცა ჯერ კიდევ არ იყო მობილური ტელეფონები, ადამიანები ერთმანეთს არ აფრთხილებდნენ და ისე მიდიოდნენ სტუმრად იმ იმედით, რომ სახლში დახვდებოდნენ. როგორც წესი, ოჯახის ერთი წევრი შინ რჩებოდა, რომ თავად მიეღო სტუმრები.
ზოგჯერ სომხები წუწუნებენ და არ მოსწონთ ტრადიცია, მაგრამ სინამდვილეში მოუთმენლად ელიან დღეებს, როცა მაღვიძარა და მოვალეობები აღარ შეაწუხებთ და დღესასწაულებს ახლობლებთან ერთად აღნიშნავენ. სადაც მიხვალთ, ვალდებული ხართ, ყველა სახლში გასინჯოთ კერძი, შეიძლება ერთი და იმავე სახეობის დაგემოვნებაც მოგიწიოთ.
საახალწლო დღესასწაულების დროს ყველაზე ბედნიერები ბავშვები არიან. თუ ისეთ სახლს ესტუმრებით, სადაც ბავშვია, საჩუქარი აუცილებლად მიუტანეთ და უთხარით, რომ თოვლის ბაბუამ დაუტოვა.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.