ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონება არც ისე მხიარულია, სამწუხაროდ.
და, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ჩემი ნაღვლიანი მოგონებების დიდი ნაწილი, სკოლას უკავშირდება. ამ ნებისყოფის სამჭედლოს, სადაც დაცინვა იმ ლეთეს წყალივითაა, რომელმაც აქილევსი უნდა გამოაწრთოს, სადაც თავის დაცვას თუ არა, ერთი ყურიდან შეშვებას და მეორედან გაშვებას მაინც სწავლობ.
ერთი ამბავი არასდროს მავიწყდება, ყოველთვის მიკარგავს მოსვენებას. აი ახლაც, გამახსენდა და სკოლის მოპრიალებული იატაკების მძაფრი სუნი და ლურჯი კედლების სიცივე ვიგრძენი.
ზუსტად არ მახსოვს, მგონი, მეექვსე თუ მეშვიდეკლასელი ვიყავი, როცა ჩვენი რაიონის გამგებელმა საუკეთესო მოსწავლეებისთვის სტიპენდია დანიშნა, კოლოსალური სტიპენდია – თვეში მთელი 10 ლარი.
თითო სკოლიდან თითო ბავშვი უნდა აერჩიათ, ჰოდა, ჩემი სკოლის დირექტორმა მე გამგზავნა – აქტიური და შემოქმედებითი ბავშვი ვიყავი, ოლიმპიადებსა თუ კონფერენციებში ვმონაწილეობდი, ხშირად უგზავნიდნენ სკოლას მადლობას, გამოხმაურებასა თუ ფარატინა დიპლომებს ჩემი სახელითა და გვარით. სწავლაშიც არა მიშავდა რა, თუმცა, იყვნენ ჩვენს სკოლაში უფრო გამართული ხუთოსნებიც, რომლებიც უფრო ბეჯითად იზეპირებდნენ წესებსა თუ თეორიას, მაგრამ სკოლის დირექტორმა სხვა პრინციპით აარჩია – შემოქმედებითი უნარების მიხედვით.
ჰოდა, დილით მითხრეს, რომ სწორედ მე გავხდებოდი სტიპენდიატი. ძალიან გამიხარდა. გარდა იმისა, რომ როგორც ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სხვანაირადაც გამიხარდა – ჩვენ, მარჩენალდაკარგულები, პენსიითა და დედას მასწავლებლის მიზერული ხელფასით (ისიც ხან იყო, ხან არა) ვირჩენდით თავს და მაშინ მეგონა, რომ დედას შვილი მოესწრო და ფინანსურად ამოვუდგებოდი მხარში.
სკოლის კიბეზე გახარებული ჩამოვრბოდი და ერთი მასწავლებელი შემომხვდა, უკვე იცოდა ახალი ამბავი და ალბათ, არც ჩემი გაბრდღვიალებული სახე გამოპარვია.
– რა კარგად მოიქცა დირექტორი, – დამტკბარი და მოსაწყლებული სახით მითხრა, – შენ მამა მოგიკვდა და ისედაც, ყველაზე გაჭირვებული ხარ სკოლაში, – მითხრა და გაიარა.
მან გაიარა, მე კი კიბეზე დავრჩი, მართლა ყველაზე საწყალი, დაპატარავებული და გაჭირვებული. ყველაფერმა ფასი დაკარგა.
და მერე რა, რომ ის სტიპენდია აღარც მოუციათ ბავშვებისთვის (უფრო სწორად, სულ ერთხელ მოგვცეს, სურათი გადაგვიღეს და რაიონის გაზეთში გამოაქვეყნეს გამგებლის ქება-დიდებასთან ერთად), იქნებოდა ის თუ არა, ჩემთვის უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.
საწყალი ვიყავი, რომელიც ლექსების კი არა, უმამობის გამო აარჩიეს.
სინამდილეში არ ყოფილა ასე, ამას წინათ, კონკურსების დიპლომების დასტას გადავხედე და გამეღიმა, როგორ ვცდილობდი გარემოსთვის დამემტკიცებინა, რომ საწყალი არ ვიყავი, არც შესაცოდი და, მით უმეტეს, თავზე ხელის გადასასმელიც არაფერი მჭირდა.
მერე გავიზარდე, მაგრამ ის ამბავი არ მავიწყდება და არც მასწავლებლის სახელი, გვარი, მამის სახელი და მოთაფლული ხმა.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.