გიორგი კეკელიძე და დედის წერილები
02 მარტი, 2021
გიორგი კეკელიძე და დედის წერილები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირაში დედაზე ძალან საინტერესო ბლოგებს შემოგთავაზებთ. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

დედაჩემი ყველაზე უკეთე წერილებში იკითხება. ბავშვობიდან მწერდა. თუ სადმე მიდიოდა - მიტოვებდა, თუ სადმე ვიყავი - მიგზავნიდა.

2001 წელია. ჩემი სტუდენტობის პროლოგი. პირველი კურსი. ესეთი ხანია, რომ ჯერაც ოთხმოცდაათიანები გვკიდია ზურგზე, თუმცა უკვე ხელებს სადღაც გაურკვეველ მომავალში ვაფათურებთ ბრმად. ამ ფათურისას თითებს ბევრ რამეს წამოკრავდი და მათ შორის აუცილებლად იყო რაღაც უცხო თარიღები, კიდევ უფრო უცხო სახელებს რომ უკავშირდებოდა. ჯერაც ის დროა, რვა მარტი რომ მეტად არის შეყვარებულის და უკანასკნელი თეთრების შემაშინებლად ხანგრძლივი, საშინელი სუნის ,,დუხებში"" დახარჯვის დღე. ის დროა, მაგრამ უკვე ვალენტინობაზეც მოგვესმა. გავიგეთ, რომ შეყვარებულების თარიღია ევროპაში. ის მთლად ზუსტად ვერ გავიგეთ, ვინ იყო ვალენტინი - უმეტესს ვალენტინა და ზოგს, საბჭოთა სახელმძღვანელო გამოვლილს, საერთოდ ვალენტინა ტერეშკოვას საქმე ეგონა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილად მოჩანდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გზის და საჭმლის ფული უკვე გამოგზავნილი აქვთ, ვიღაც გოგო მომეწონა. ეს ორი ამბავი ერთმანეთს ერთ წინადადებაში იმიტომაც უკავშირდება, რომ ფული მჭირდება. და ფული იმიტომ მჭირდება, რომ ვალენტინობა მოდის.

დავწერე წერილი, სადაც ახალ საგანზე, მკაცრ ლექტორზე და ამ ლექტორის დავალებულ უამრავ წიგნზე ეწერა დაწვრილებით და გულისშემძვრელად. ეწერა ისიც, რომ წიგნები ძალიან ძვირი ღირდა და არც მინდოდა, უბრალოდ ქსეროქსის ფული მჭირდებოდა - 20 ლარი. წერილი, რა თქმა უნდა, სახლში გავაგზავნე და სამ დღეში ვაგზალზე დავხვდი წითელ ,,მარშუტკას"". ,,მარშუტკის"" მძღოლმა საიდუმლო სახით და სწრაფი მოძრაობით გადმომცა ტილოში გახვეული საგანი, რომლიდანაც ოციოდ ნაბიჯის გამოვლის შემდეგ, საიდუმლო მოძრაობითვე დავაძრე მჭადი, და მჭადის ზურგთან ჩაჩურთული კონვერტი. 20 ლარით და წერილით. აღელვებით ჩავირბინე კიბეები და იმ გრძელ დახლებს მივუახლოვდი, მეტროდან ვიდრე დინამომდე რომ გაშლილიყო. კაი ,,დუხს"" ვეძებდი. მოკლედ, ვიარე და ვარჩიე, ვარჩიე და ვიარე. ბოლოს, ერთს დავადგი თვალი. ორ ლარს დაგიკლებო, იმან. ორი ლარი დიდი ამბავი იყო. წავიღე ჯიბისკენ ხელი და ჰა! არაფერი. წამის მეასედში ყველა ჯიბე და თეორიულად მოჯიბო ადგილი მოვსინჯე, ლამის ჭადის გავტეხე და ის კიბეებიც გულბრყვილო დაჟინებით ავირბინ-ჩამოვირბინე. არაფერიც! გაქრა 20 ლარი. განადგურებული ვიდექი. არ მახსოვს. შეიძლება ხუთი, შეიძლება 10 წუთიც კი. მერე ჯიბიდან ის წერილი ამოვიღე და წავიკითხე.

წერილში დედაჩემი წერდა: ,,ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო. საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას ქმარს გამუატანე და მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი, მერე გზობა, მაგ კაცს ჟილეტს გამუვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო""...

////

ამასწინ ჭიშკართან პროდუქტი დავუტოვე და ჭიშკართანვე რაღაც შეხვეული ფუთა დამახვედრა. ჰოდა, სანამ ფუთას გავხსნით, ამბავს შესავალი სჭირდება. უკვე სრულიად ბანალურ და უიმედოდ აუცილებელ კითხვებს ხან წინ უსწრებს და ხანაც მოსდევს - ,,თმები გჭირდება". მე, ამხელა ნარცისი კაცი, აბა, როგორ ვიგუებ ამ მოწოდებას და ვეუბნები, ასეც ძალიან მიხდება მეთქი. მასე ვის უხდებაო, რომ მეუბნება, ურბანული ფოლკლორიდან ვიცი საზეპირო და იმას ვაგებებ: ჯეისონ სტეითემს მეთქი. ეგ ჯეისონ სტეითემი და მისი ფილმები დიდად მეც არ მომეხსენება, მაგრამ რადგან სხვაგან ჭრის, ბარემ აქაც იყოს, თუმცა - ამაოდ. აბა, კეპი რატომ გახურავსო? კეპი, მეთქი იმიჯია, ბიუროკრატის სტერეოტიპს ვამსხვრევ! ამოყვანა რომ მინდოდეს, გადავინერგავდი! და კიდევ მაქვს მომზადებული რამდენიმე მკვლელი ფრაზა - ეგეც ამაოდ.

და, აი, ფუთაში, ყინულებში შეფუთული რაღაც წამალი დევს. და წამალს ახლავს ეს ინსტრუქცია.

ადრე გრძელი წერილებით, თვიური გეგმას რომ მიმხელდა და ახლა რაც ტელეფონის საქმეს დაუფლა, მესიჯებით, დედაჩემისგან, სხვა შეტყობინებათა შორის, მომდის ამგვარიც: ,,დღეს მძიმე დღეა, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე, იცოდე, ხორცი არ შეჭამო".

მე წესების ზედმიწევნით მიმდევარი მორწმუნე კაცი ვერ გახლავართ, მაგრამ ამ დავალებას სულ ვასრულებ. სხვა არაფერი შევასრულე, ძალიან არ ვგავარ იმ გიორგის, რაც დედაჩემს წარმოედგინა.

არც მძაფრი სიუჟეტითაა ეს მოკლე ამბავი რაც მოგითხრეთ, არც სოფლის სცენების სურათებით სავსე და არც სხვა რამ მსგავსით, მაგრამ თქვენც იცით, რომ არის რაღაც დიდი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი და სწორედ იმას წერ ყველაზე მშრალად და ბანალურად. სხვანაირად ვერ გამოდის.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary