სკოლის პერიოდში ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ყველა წრეზე დავდიოდი, რაც მაინტერესებდა და სურვილი მქონდა, იყო ეს ფასიანი თუ უფასო. ამ ყველაფერში ჩემი პირველი მხარდამჭერი დედა იყო.
თვითონ წარმოშობით არის სოფლიდან, სადაც მხოლოდ 8 კლასიანი სკოლა იყო, იმის გამო რომ ოჯახში ბევრი დედ-მამიშვილი იყო, დედას მშობლებმა ვერ შეძლეს მათთვის უმაღლესი განათლება მიეცათ, ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა.
ბავშვობიდან მახსოვს დედას განსაკუთრებული სიყვარული და მზრუნველობა თავისი და-ძმებისა და დედის მიმართ. რადგან თვითონ ვერ მიიღო განათლება, ჩემს ყველანაირ აქტივობას მხარს უჭერდა, ყველანაირად ცდილობდა ჩემი სწავლისა და განათლებისათვის ხელი შეეწყო. იმ პერიოდში ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დედას ხელფასი იყო, ახლაც ვერ ვხვდები როგორ ახერხებდა ფული ყველაფრისათვის გაენაწილებინა და ჩემთვისაც უარი არაფერზე ეთქვა. როდესაც მე და ჩემმა დამ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ერთადერთი საზრუნავი სწავლაზე ფიქრი ყოფილიყო, სამსახურის გარდა ხშირად ბაზარში სოფლის პროდუქტს ყიდდა, ჩვენ რომ არაფერი მოგვკლებოდა. დღემდე სულ შრომობს, სახლის საქმეები, ბაღების მოვლა, სტუმრების მიღება, ამის მიუხედავად სულ ენერგია აქვს და არასდროს არ იტყვის, რომ დაიღალა, ან რაიმეს გაკეთება ეზარება. როცა უსამსახუროდ დავრჩი ძალიან განვიცდიდი, გადავწყვიტე მექარგა და ეს ჩემი შემოსავლის წყაროდ მექცია. ხშირად, გაღიზიანებულს ხალისი არ მქონდა. ჩემ გამო ისწავლა ქარგვა და 20-მდე სურათი მოქარგა, რომ გამეყიდა.
ჩვენი სახლი რაიონის ძველ უბანშია, ომის მერე აქ ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა და ძირითადად, ხანდაზმულები. როცა დედას ვესაუბრები ყოველთვის მიყვება - დღეს სონა ბაბოსთან ვიყავი, რაღაცით დავეხმარე, მარო ბაბო გავაპატიოსნე (ჩვენთან ასე ეძახიან გარდაცვალების შემდეგ მიცვალებულის მოწესრიგებასა და ჩაცმას). ჩვენს რაიონში არ არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც დედას რაიმე უწყენინებია, ვინც მასზე რამე ცუდს იტყვის. იმის მიუხედავად, რომ არ მოსწონს ამდენი პრობლემა რომ მაქვს, ყოველთვის მხარს უჭერს ჩემს სამოქალაქო ატივიზმს, ყველასთან ჩემი დამცველი და ჩემი პოზიციის მხარდამჭერია. დედაჩემი ჩემთვის ის ადამიანია, რომელიც ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისათვის ყველა სიძნელეს გადალახავს.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.