დედა
04 მარტი, 2021
დედა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირაში დედაზე ძალან საინტერესო ბლოგებს შემოგთავაზებთ. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

სკოლის პერიოდში ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ყველა წრეზე დავდიოდი, რაც მაინტერესებდა და სურვილი მქონდა, იყო ეს ფასიანი თუ უფასო. ამ ყველაფერში ჩემი პირველი მხარდამჭერი დედა იყო.
თვითონ წარმოშობით არის სოფლიდან, სადაც მხოლოდ 8 კლასიანი სკოლა იყო, იმის გამო რომ ოჯახში ბევრი დედ-მამიშვილი იყო, დედას მშობლებმა ვერ შეძლეს მათთვის უმაღლესი განათლება მიეცათ, ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა.

ბავშვობიდან მახსოვს დედას განსაკუთრებული სიყვარული და მზრუნველობა თავისი და-ძმებისა და დედის მიმართ. რადგან თვითონ ვერ მიიღო განათლება, ჩემს ყველანაირ აქტივობას მხარს უჭერდა, ყველანაირად ცდილობდა ჩემი სწავლისა და განათლებისათვის ხელი შეეწყო. იმ პერიოდში ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დედას ხელფასი იყო, ახლაც ვერ ვხვდები როგორ ახერხებდა ფული ყველაფრისათვის გაენაწილებინა და ჩემთვისაც უარი არაფერზე ეთქვა. როდესაც მე და ჩემმა დამ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ერთადერთი საზრუნავი სწავლაზე ფიქრი ყოფილიყო, სამსახურის გარდა ხშირად ბაზარში სოფლის პროდუქტს ყიდდა, ჩვენ რომ არაფერი მოგვკლებოდა. დღემდე სულ შრომობს, სახლის საქმეები, ბაღების მოვლა, სტუმრების მიღება, ამის მიუხედავად სულ ენერგია აქვს და არასდროს არ იტყვის, რომ დაიღალა, ან რაიმეს გაკეთება ეზარება. როცა უსამსახუროდ დავრჩი ძალიან განვიცდიდი, გადავწყვიტე მექარგა და ეს ჩემი შემოსავლის წყაროდ მექცია. ხშირად, გაღიზიანებულს ხალისი არ მქონდა. ჩემ გამო ისწავლა ქარგვა და 20-მდე სურათი მოქარგა, რომ გამეყიდა.

ჩვენი სახლი რაიონის ძველ უბანშია, ომის მერე აქ ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა და ძირითადად, ხანდაზმულები. როცა დედას ვესაუბრები ყოველთვის მიყვება - დღეს სონა ბაბოსთან ვიყავი, რაღაცით დავეხმარე, მარო ბაბო გავაპატიოსნე (ჩვენთან ასე ეძახიან გარდაცვალების შემდეგ მიცვალებულის მოწესრიგებასა და ჩაცმას). ჩვენს რაიონში არ არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც დედას რაიმე უწყენინებია, ვინც მასზე რამე ცუდს იტყვის. იმის მიუხედავად, რომ არ მოსწონს ამდენი პრობლემა რომ მაქვს, ყოველთვის მხარს უჭერს ჩემს სამოქალაქო ატივიზმს, ყველასთან ჩემი დამცველი და ჩემი პოზიციის მხარდამჭერია. დედაჩემი ჩემთვის ის ადამიანია, რომელიც ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისათვის ყველა სიძნელეს გადალახავს.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary