პანდემია და ქალები ჩემ გარშემო
09 მარტი, 2021
პანდემია და ქალები ჩემ გარშემო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა "ქალი ჩემი საზოგადოებიდან". სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

როცა რომელიმე მათგანზე წერას ვცდილობ და ერთ-ერთის ამორჩევა მინდა, ძალიან რთულია, რადგან იმდენნაირი, იმდენად საინტერესო ქალია, რომელი ამბავი მოვყვე, ვერ ვხვდები.
ბოლო დროს, როცა პანდემიამ და ახალმა რეალობამ სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, ისინი კიდევ უფრო სხვა სახითა და ძალით გამოჩნდნენ, თავიანთი სრულიად წარმოუდგენელი, ჯადოსნური უნარებით.

სახლი, სკოლა, სამსახური, ყოველდღიური, შეუმჩნეველი შრომა-ყველაფერი ერთ სივრცეში. თითქოს სახლი იმ წერტილად იქცა, რომლის გაფართოებითაც სამყარო იშვა. ყველაზე დიდმა ტვირთმა კი ისევ ქალების მხრებზე გადაიარა.

მე ვიცნობ მათ, ისინი ყველგან არიან.

ერთი დილით, 5 საათზე დგება, რომ საკუთარ სამეცნიერო კვლევაზეც იმუშავოს, მერე დისტანციური სკოლის წარმოსახვით მერხთან დასვას ბავშვები, თავადაც სამუშაოს მიუჯდეს.

მეორე საკუთარი შვილის თერაპევტად იქცა, ონლაინთერაპიების პროცესშია ჩართული და ყველაზე დიდი დატვირთვაც სწორედ მასზეა, ახალ მეთოდებს და სტატიებს ეძებს ინტერნეტში, ეს მისთვის დაუსრულებელი პროცესია.

მესამეს 5 შვილი ჰყავს და პატარა სივრცეში რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს მათი სასწავლო პროცესის დაგეგმვას. ერთად თამაში როგორი ძნელია? ათასი რამის მოფიქრება უწევს.

მეოთხემ ამ პანდემიის დროს დისერტაცია დაიცვა, მეხუთემ ახალი წიგნი დაწერა, უკვე შესანიშნავი გამოხმაურება აქვს ახალ რომანს, ქალის ხმა და ქალის სათქმელი - ზუსტი და მკაფიო.

მეექვსე - დაწყებითი კლასის მასწავლებელია და ონლაინფორმატის მიუხედავად ახერხებს, რომ სახლში ჩაკეტილი ბავშვებისთვის გაკვეთილები ნამდვილ ფოიერვერკად აქციოს.

მეშვიდემ მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ჯგუფი შექნა სოციალურ ქსელში, სადაც ინოვაციურ დავალებებს, პრეზენტაციებსა და საგანმანათლებლო რესურსებს უყრის თავს.

მერვეს ორი შვილი ჰყავს, აუტიზმის სპექტრით, ორი, შინგამოკეტილი ბავშვი სენსორული სირთულეებით, რას არ აკეთებს, რას არ ცდილობს, რომ ყოფა ცოტათი ასატანი გახადოს, თან ხატავს და სამკაულებს ქმნის. სამსახური დაკარგა პანდემიის დროს და თავი რომ გაიტანოს.

მეცხრემ დიდი ხნის განმავლობაში შეკოწიწებული, აშენებული, წელში გამართული ბიზნესი დაკარგა, ახლა გარდაქმნას, ახალი სიტუაციისთვის მორგებას ცდილობს და იცით, ახერხებს კიდეც.

მეათე თითქმის ყოველ მესამე დღეს საავადმყოფოშია, შვილი ჰყავს ურთულესი დიაგნოზით, მის სუნთქვასაა დადარაჯებული, მის გულისცემას და მაინც ახერხებს, თავად იყოს საუკეთესო შვილი და მეგობარი.

მეთერთმეტე სადილს აკეთებს და რამდენიმე მოხუც მეზობელს უმასპინძლდება. ყოველ დილით დგება და ახალ მენიუს ადგენს, აუცილებლად აბალანსებს პროდუქტებს, რომლებიც აუცილებელია ხანდაზმული ადამიანების იმუნიტეტისთვის.

მეთორმეტე მძიმე დიაგნოზს ებრძვის, ამავე დროს, მასწავლებელია და არ ყოფილა არცერთი გაკვეთილი, როცა მოსწავლეებს რაიმე მოკლებოდათ იმის გამო, რომ ქიმიოთერაპიის მერე დასუსტებულია და დაღლილი. ინოვაციური ტექნოლოგიები სკოლაში - ეს მისი საყვარელი საქმეა, ამიტომაც მეცნიერების რთული საკითხები მისი მოსწავლეებისთვის საყვარელ გასართობად, აღმოჩენად ქცეულა. აქ არ ზარმაცობენ, არ ცდილობენ, მარტივად გამოძვრნენ დავალების შესრულების დროს.

მეცამეტე ყოველდღე ახლომდებარე სკვერში გადის, საკვებს ყიდულობს და მიუსაფარ ცხოველებს კვებავს, ასეა მთელი პანდემიის განმავლობაში, ის არ იცნობს მეთოთხმეტეს, რომელიც გზებსა და ქუჩებში მოწანწალე ძაღლებს აპურებს.

მეთხუთმეტე ყოველ საღამოს ზღაპრებს კითხულობს ბავშვებისათვის, სულ უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდება მისი აუდიტორია, სულ უფრო და უფრო საინტერესო წიგნებს არჩევს.

მეთექვსმეტე ნებისმიერი ქალია, ამ რთული სიტუაციის დროს, რომელსაც ისედაც მძიმე ტვირთი ასმაგად დაუმძიმდა, პანდემია, სამსახურის დაკარგვა, შინ გამოკეტილი ბავშვები, ფინანსური სირთულეები და ის, საკუთარი ნევროზის, უძილო ღამეებისა და ჩაშავებული ქუთუთოების ფონზე მაინც ახერხებს გადარჩეს და სხვებიც გადაარჩინოს.

ჩემი რთული ბავშვობის, ოთხმოცდაათიანი წლების შიმშილისა და გაჭირვების დროს ქალებმა გადაარჩინეს ქვეყანა, დღესაც, პანდემიის მთავარმა სიმძიმემ მათ მხრებზე გადაიარა, გადაიარა რა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ისინი, ყოველდღიური, ყოფითი გმირები კვლავ მოახერხებენ ქვეყნის გადარჩენას.

პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary