პანდემიის გავლენა ყოველდღიურობაზე
04 მაისი, 2021
პანდემიის გავლენა ყოველდღიურობაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა პანდემია და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

პანდემიური ტალღები და მისით გამოწვეული მძიმე, ხშირად ფატალური შედეგები, უცხო არ არის მსოფლიოსთვის. ჩვენს მეხსიერებასაც კარგად ახსოვს ტიფით თუ ქოლერით გარდაცვლილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები...
არსებობს ალექსანდრე ორბელიანის მოგონება, ეპიდემიით გადათელილ თბილისში ერთადერთ მანუგეშებელ ეფექტს წითელ ღვინოში რომ პოულობდნენ... კავკასიურ ომებში კი გრიგოლ ორბელიანს, იძულებითი კარანტინით გაღიზიანებულს, დღეები აქვს ყაზარმებში გამოკეტილად გატარებული იმის გამო, რომ მთელი ბატალიონის სამხედრო სამოსი სადეზინფექციოდ იყო წაღებული...

ისიც გვახსოვს, სამედიცინო და ეპიდემიური სამსახურის თანამშრომლების დიდი მსჯელობის საგანი რომ გახდა, ეპიდემიით გარდაცვლილი ორბელიანის კუბო თავხდილი ჩამოეტარებინათ თუ არა თბილისში... მზის შუქი, წითელი ღვინო და შელოცვები, როგორც გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობებიდან, იმის მიმანიშნებელი ფაქტორებია, რომ მაინც უჭირდა მსოფლიოს კოორდინაცია და თითოეული ქვეყნის ბედ-იღბალი, ძირითადად, თავისივე გეოგრაფიაში იხარშებოდა.

დღეს ისევ ამ ბეწვის ხიდზე დგას სამყარო, მაგრამ ეპიდემიას პანდემიის მასშტაბები აქვს, მის გეოგრაფიას, ნაციონალური კი არა, – ტრანსნაციონალური. ამბები ამ ეპიდემიით გამოწვეული მძიმე და ფატალური ტრაგედიების შესახებ დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ოჯახში შედის. უკიდურესად ურთიერთდამოკიდებული გახდა სამყარო – ის ერთნაირი პროგნოზებით, ერთნაირი მოლოდინით, ერთნაირი აღქმებით, ერთნაირი ილუზიებით და მითებით ცხოვრობს... და ამის ფონზე შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ეს ვითარება უკიდურესად კარგი შესაძლებლობა იქნებოდა სამყაროს ნიველირებისთვის, მისი უნიფიცირებისთვის, ათასნაირი შეთქმულების ხორცშესხმისთვის... მაგრამ ასე არ მოხდა!
შექმნილმა მდგომარეობამ და განვლილმა თვეებმა დაადასტურა, რომ ადამიანი იმდენად უნიკალურია, რომ მეტად გართულდა ვირუსის კლინიკური მახასიათებლების ბოლომდე გამოკვეთა, მისთვის მაღალფორმალიზებული გამოსავლების მისადაგება, მუტაციების პროცესების გამკლავება და ამის შესაბამისად ვაქცინების მოდელირება. ეს საგულისხმო პროცესია! კიდევ უფრო საგულისხმო ის არის, რომ არც ერთი სუბკულტურა ბრმად არ მინდობია ასეთი მდგომარეობიდან უნივერსალურ გამოსავალს – ყველამ დაუსვა კითხვები ვაქცინას, ანალიტიკურად ჩაუღრმავდნენ მის ტექნოლოგიურ თუ მეთოდურ აღნაგობას, მკაფიოდ გამოიკვეთა ეთიკური და ბიოეთიკური კონტექსტებიც და ასე, ფეხის წვერებზე ატარეს მსოფლიო ფარმაცევტული ბაზარი.

ბედნიერებაა, არსებობდეს ორი ფაქტორი: ერთი მხრივ, კითხვები და, მეორე მხრივ, ვაქცინა, რომლის ხარისხი და ეფექტი, არამხოლოდ სამედიცინო, არამედ ეთიკური დილემების ჭრილში იხვეწებოდეს!

დღეს ამ ჩაკეტილ და დაგმანულ მსოფლიოში, რომელშიც აქამდე ადამიანი ნერვულად, ხარბად, აგრესიულად, გაუფილტრავად იღებდა ყველა სიახლეს, იპყრობდა ყველა დიდ გზაჯვარედინს, მოცული იყო "ტრანს" და "მეგა" და "მეტა" - ცნებებით, პირველად მიაყურადა ადამიანმა საკუთარ თავს, და დაიწყო ფიქრი პანდემიის დამარცხებაზე კი არა, უფრო მნიშვნელოვანზე – საკუთარ სიცოცხლეზე! ყველაფერს დაუფლების, ყველაფრის მოცვის სურვილზე კი არა, უფრო მნიშვნელოვანზე – ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებაზე! ადამიანთა სტატისტიკებსა და მათ რაოდენობრივ ანალიზზე კი არა, უფრო მნიშვნელოვანზე – ოჯახის წევრზე, რომელსაც, თვეებია, არც გასაუბრებია! თავისუფლების თეორიებზე კი არა, უფრო მნიშვნელოვანზე – საკუთარ თავისუფლებაზე!

დღეს უკვე საუბრობენ, რომ პანდემიის დროს, ადამიანებს უჩნდებათ თანაგრძნობა, სხვისი ტკივილის გაზიარების განცდა, მწვავდება სილამაზის აღქმა და ადამიანი იბრუნებს მისთვის ნიშნეულ უნიკალურ – საკუთარი მსგავსის გლოვის უნარს!
დღეს სამყარო ბეწვის ხიდზე დგას! ბეწვის ხიდი კათარზისს ნიშნავს, კათარზისი კი ისე არ მოხდება, თუ რაღაც ენერგიამ არ შეგძრა... ვდგავართ შეტორტმანებულ სამყაროში, წინ თითოეული ჩვენგანის არჩევანია!

პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary