კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული მიდგომები ჩვენთანაც მსგავსია, ისე როგორც ყველგან.
მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ სჯერა ამ ყველაფრის, არიან ადამიანები, რომლებიც პანდემიას არასერიოზულად უყურებენ, მართალია, სჯერათ ინფიცირების, თუმცა, ისე უყურებენ როგორც უბრალო გრიპს.
ჩვენთან, მით უმეტეს, არანაირი საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით ,,წითელი ჯვრის" მიერ გაკრულ საინფორმაციო ბუკლეტებს რუსულ ენაზე, რომელსაც მოსახლეობაში დიდი დაინტერესება არ გამოუწვევია. ადგილობრივები ინფორმაციას, ძირითადად, ქართული ტელევიზიებიდან იღებენ, სადაც ბევრი გადაცემაა ამ თემის ირგვლივ, თუმცა, მხოლოდ უსმენენ...
ჩვენი რაიონული საავადმყოფო სრულიად მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას, ჩვენს რეგიონში ერთ დღეს გამოვლენილი პირველი შემთხვევიდან ორი ადგილობრივი იყო, მოგვიანებით კი გამოვლინდა მათი 15-მდე კონტაქტი, რომლებიც მედიკოსები იყვნენ და მათი კარანტინში ყოფნისას ყველანაირი თავდაცვის საშუალების გარეშე შედიოდნენ კოვიდ ინფიცირებულებთან.
პანდემიამ განსაკუთრებით დაამძიმა ჩვენი ყოფა, რადგან მისი გამოცხადებისთანავე ჩაიკეტა სინაგური-პერევის ბოლო გამშვები პუნქტი. მას შემდეგ კი რაც რუსეთმაც ჩაკეტა საზღვარი, ადგილობრივებს წაერთვათ საბოლოო დამაკავშირებელი გზა, რომლის საშუალებითაც ვლადიკავკაზის გავლით წამლებს იღებდნენ.
ჩაკეტილობამ გამოიწვია საკვები პროდუქტების დეფიციტი, განსხვავებით ხელისუფლებისაგან განსაკუთრებული ორგანიზება გამოიჩინა სამოქალაქო საზოგადოებამ, ნაწილი საკვებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებდა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, კერავდნენ პირბადეებს და არიგებდნენ საავადმყოფოებსა და მოსახლეობაში, ნაწილმა ფინანსური კუთხით გამოიჩინა დახმარება, შეიძინეს ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, რომელიც საკმარისი რაოდენობით არ იყო ადგილზე. დროებით ყველამ გვერდით გადადო საკუთარი სიმპათიები და ანტიპათიები, პოლიტიკური შეხედულებები, ადამიანებმა ერთმანეთს გადაატანინეს მძიმე პერიოდი.
ჯერჯერობით ჩვენთან ვაქცინაცია არ დაწყებულა, თუმცა, როცა დაიწყება, იქნება რუსული ვაქცინა, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. ჩვენი რაიონი მჭიდროდ დასახლებული არ არის, გზის ჩაკეტვის შემდეგ კი იმდენად ცოტა ადამიანი დარჩა ადგილზე, თუ დასაქმებული არ ხარ, ბევრ ადამიანთან არ გექნება შეხება, ასე ვარ მეც. თუმცა, მაინც ყველანაირ წესს ვიცავ, განსაკუთრებით ჩემი მშობლების გამო, რომლებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. დედას აქვს დიაბეტი და გულის დაავადება, მამა კი 70 წელსაა გადაცილებული, არ მინდა, ჩემ გამო მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.
ჩვენს ოჯახში ყველაზე გათვითცნობიერებული ამ საკითხში დედაა, ყველა გადაცემას უყურებს, უამრავ სტატიას კითხულობს მედიკოსების, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში არიან დასაქმებული, უკვე კარგად არჩევს ცრუ ინფორმაციას და ამის შესახებ ჩვენც გვესაუბრება.
როგორც შესაძლებლობა მოგვეცემა მთელი ოჯახი ვაპირებთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვას. რაც შეეხება ზოგად სურათს ჩვენს რაიონში, გვყავს 88 წლის გამოჯანმრთელებულიც და გარდაცვლილებიც, ამის მიუხედავად, ჩვენ შედარებით მსუბუქად გადაგვაქვს პანდემია. მოსახლეობა ხუმრობს იმუნიტეტის გამომუშავებაზე სტრესისა და ინფექციების მიმართ.