ზუსტად ერთი წლის წინ პატარა ქალაქში უნდა ჩავსულიყავი, სადაც სულ რაღაც 25 000 მოსახლეა. ეს ქალაქი რუსეთში მდებარეობს. ქალაქში შესვლა შეუძლებელი იყო, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები იცავდნენ.
გზად ერთი ადგილობრივი შეგვხვდა, რომელმაც ტყის გავლით გადასვლა გვირჩია, უკანაც ამავე გზით დავბრუნდით. მაშინ სულ რაღაც 7 ინფიცირებული ჰყავდათ, მაგრამ ქალაქი მაინც ჩაკეტეს.
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დროში უკან დავბრუნდი, საგუშაგოების, ჩაკეტილი გზებისა და საზღვრების სამყაროში.
კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებები ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ნაკლებად ვარ მზად იმისთვის, რომ გადაადგილების შეზღუდვა ეკონომიკას ცუდ დღეში ჩააგდეს და მათ შორის, ჩემს პირადსაც.
მთელ ამ ვითარებაში ერთი კარგი გარემოებაც შევნიშნე, ადამიანის სიცოცხლის ფასი უკანასკნელ ათწლეულში ბევრად გაიზარდა. კორონავირუსის პანდემია არც პირველია ცივილიზაციის უახლეს ისტორიაში და შესაძლოა, არც ყველაზე დრამატული. მანამდე, არასდროს კაცობრიობა ასე ერთიანი არ ყოფილა ყოველდღიური ცხოვრებისეული რიტმის გაჩერებაზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის ეს ისტორია ორი ნაწილისგან შედგება, სამისგანაც კი. პირველი ის არის, რაც ტექსტის დასაწყისში აღვნიშნე. ეს არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა არა მსოფლიოს, არამედ ადგილობრივი მასშტაბით, როცა ტრანსპორტი სჭირდებათ ადამიანებს იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახები გამოკვებონ და არა მალდივებზე გასაფრენად. ეს დაუშვებელია და საშიშია არა სამედიცინო, არამედ სხვა თვალსაზრისით. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა დიდიხანი არ არის, რაც ძალადობრივ მმართველობას დააღწიეს თავი. ეს არ ნიშნავს დემოკრატიას, უბრალოდ, თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში ძალის გამოყენება არ იმალება. სწორედ ამიტომ ძალიან საშიშია, ხელახლა მივცეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხელისუფლებებს ის ძალაუფლება, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ და ენატრებათ. გასულ წელს კარგად დავინახეთ, რომ ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ძალოვნებისთვის ერთგვარ გასართობად და კუნთების თამაშის პროცესად იქცა. ეს ძალიან საშიში თამაშია, რომელმაც შეიძლება წარსულში დაგვაბრუნოს.
აღნიშნული მხოლოდ ერთი მხარეა, მეორემ კი დაგვანახა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშაა. სწორედ ეს არის მიზეზი აფხაზეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა. მოსახლეობას გავრცელებული ვირუსის არათუ არა სჯეროდა, არამედ ცხოვრებას ძველებურად აგრძელებდნენ, მრავალკაციანი ქორწილებითა და სუფრებით. შედეგიც ცნობილია და სამწუხარო.
და მესამე ნაწილიც - სამყაროს გაჩერება ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენ არც ისე კარგად ვცხოვრობთ, რომ მილიონობით ადამიანს შემოსავალი შეუწყდეს და ის დანაზოგი დახარჯონ, რომელიც არ აქვთ. შეიძლება მსგავსი შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აქვთ, მაგრამ არა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.