მე საბჭოთა ბავშვი ვარ... ჩემს კლასში სწავლობნენ საბჭოთა ჩინოვნიკების შვილები და პირველი განსხვავება სწორედ მაშინ დავინახე. მათ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდათ, პრიალა ყდიანი რვეულები, ლამაზი სასკოლო ჩანთები, ,,იმპორტული" ტანსაცმელი - ასე ამბობდნენ თავად.
მახსოვს, მაღაზიები ყოველთვის სავსე იყო ტანსაცმლით, მაგრამ მათ ყოველთვის განსხვავებულად ეცვათ, დახლქვეშ და გადამყიდველებთან ნაყიდი ,,იმპორტული" ტანსაცმელი, თავიდან მეგონა ეს სპეცტანსაცმელი იყო, რომელიც მათ უნდა სცმოდათ რათა სხვებისგან გამორჩეულები ყოფილიყვნენ. ასეც იყო, ,,დიდი კაცების" შვილები ყოველთვის განსაკუთრებულები იყვნენ, ყველა წამყვანი როლი მათ ჰქონდათ საბავშვო ღონისძიებებზე, ფრიადზე ნაკლებად არ უნდა შეფასებულიყვნენ, მათი სასკოლო მოსწრება სხვა ბავშვების ნიშნებთან არ უნდა ყოფილიყო გათანაბრებული. ამის მიუხედავად, ვალდებულები ვიყავით სხვდასხვა პიონერულ ორგანიზაციაში გავწევრიანებულიყავით, არავინ გვიხსნიდა ამის მიზანს, ჩემი აზრით უბრალო ფორმალობა იყო და სტატისტიკისათვის სჭირდებოდათ ეს ყველაფერი.
კლასგარეშე აქტიურობის და სწავლის გამო მასწავლებლები იძულებულები იყვნენ ისე შევეფასებინე, რა დონეზეც ვსწავლობდი. ერთი ეპიზოდი მახსენდება ჩემი ბავშვობიდან, ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა მეთამაშა სასკოლო სპექტაკლში, ამ დროს კი ერთ საგანში ნიშანი უსამართლოდ დამაკლეს, მაშინვე გამიჩნდა გულწრფელი პროტესტი და ვთქვი, ზეიმზე არ მივიდოდი, რადგან ძალიან განვიცადე სემესტრის ბოლოს ოთხის მიღება, ამის გამო დედაც გამინაწყენდა, ეს უბრალოდ მიზეზი იყო, სინამდვილეში კი ჩემი საქციელით იმის თქმა მსურდა, რომ უსამართლოდ მექცეოდნენ არც მე შევუწყობდი ხელს სპექტაკლში მონაწილეობით.
ძალიან აქტიური ვიყავი, ვწერდი წერილებს საბავშვო გაზეთების რედაქციებს და ერთხელ ჩვენს კლასში სკოლის დირექტორი შემოვიდა კომკავშირის რაიკომის მდივანთან ერთად და მითხრა მოვმზადებულიყავი ცხინვალში შეხვედრზე წასასვლელად, სადაც საბავშვო მწერალი მზია ხეთაგური იქნებოდა. მახსოვს, ჩემი კლასელები განაწყენდნენ, ,,რატომ ის და არა ჩვენ? რით დაიმსახურა მან?", შეხვედრაზე პირველ რიგში ვიჯექი, ძალიან სასიამოვნო იყო, თავი ცოტახნით მეც განსაკუთრებულად ვიგრძენი.
საბჭოთა კავშირი ჩემთვის არის ,,დიდი და პატარა კაცების"" ქვეყანა, სადაც ,,დიდ კაცებს"" ყველაფრის უფლება და შესაძლებლობა ჰქონდათ, დანარჩენებმა კი მათ ჩრდილქვეშ უნდა იცხოვრონ. მე ლენინგორში დავიბადე, წლების შემდეგ ამ ადგილს კვლავ ლენინგორი დაერქვა და ისევ მსგავს სისტემაში მიწევს ცხოვრება, სადაც ნორმად მიაჩნიათ ყველაფერი ქრთამითა და ნაცნობობით გააკეთონ. განსხვავება ისაა, რომ უკვე გავლილი მაქვს დემოკრატიის გაკვეთილები და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.
ჩემი აქტიურობის გამო ბევრს უთქვამს ჩემზე, რომ უცნაური ვარ და ძალით ვირთულებ ცხოვრებას, როცა შემიძლია გავჩუმდე და სხვებთან ერთად მშვიდად შევეგუო ყველაფერს. მე კი მგონია, რომ საზოგადოებისათვის სასიკეთო ცვლილებებს სწორედ განსხვავებული ადამიანები იწვევენ და მეც მომწონს ვიყო უცნაური და განსხვავებული.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.