გზა
18 მაისი, 2021
გზა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა საბჭოთა კავშირი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

საბავშვო ბაღისკენ მიმავალი და უკან, სახლისკენ მომავალი გზები ორი ნიშნით სხვაობდნენ. ანუ გზა ერთი - ნიშანი სხვადასხვა. სხვადასხვა და აუცილებელი. დაბრუნების სიმბოლო მთვარე გახლდათ, რადგანაც ბაღიდან მამას მოვყავდი და სანამ შინისკენ გავუდგებოდით, ვიდრე შეღამებამდე, ბაზარში, მის სავაჭრო დახლთან ველოდი. ეგ საბჭოთა თუ გარდამავალი დროის ოზურგეთის ბაზარი კიდევ დიდი სანახაობა იყო, ცალკე მოსაყოლი - რუსული მარგარინების გვერდით უკვე ფრთხილად შემოპარული თურქული საღეჭი რეზინები, ვისოცკის და ჯინა ლოლობრიჯიდას შავ-თეთრი, პრიალა პოსტერები, ვაშლი, მსხალი, თხილი და ორი ცალი, მოულოდნელი ბანანი. ჯერ კიდევ საშიში ხილი. თუ ვინმე სადმე უქეიფოდ იქნებოდა, ჩურჩულით იტყოდნენ - მგონი ბანანმა მოწამლა. ეგრე. ჰოდა, უკან გვიან ვბრუნდებოდით და ასე მახსოვს, რომ მთვარე სულ თან მოგვყვებოდა.

აი, ბაღში წასვლისას კი გარდაუვალ შემხვედრად დიდი, გაბურძგნული და ცოტა მრისხანე თავი მეგულებოდა. მხოლოდ თავი, მაგრამ ბარემ გოლიათის ტანზე დიდი და ალბათ მძიმეც. ეს თავი იმ კაცს ეკუთვნოდა, ვისი სახელობის ქუჩაზეც მე ვცხოვრობდი. უფრო გვიან შევიტყვე, რომ "ციმბირელ პაპასაც" ეძახდნენ და ცხოვრებაც ბარემ საბესტსელერო წიგნისა ჰქონდა. ნესტორ კალანდარიშვილი. თავადური გარემოდან შობილი პირწავარდნილი რევოლუციონერი, მოხეტიალე და ყალბისმქმნელად არაერთხელ ცნობილი და გასამართლებული, ხანაც ესერი და ხანაც ანარქისტი, იაპონელთაგან დაჭრილი და მერე ბოლშევიკი, ლენინთან სიტყვაგაცვლილი კაცი. ირკუტსკში და იაკუტსკში ეგ თავი დღემდე დგასო. არ ვიცი. აი, ოზურგეთში კი, დამოუკიდებლობის აღდგენისას, მყისვე მოკვეთეს და ზედა კვირიკეთში, მინდორზე დააგდეს, მოფარებულში. ქუჩასაც თავისუფლების ეწოდა. ჩემს ქუჩას. ჰოდა, ის ძეგლი ერთხელ წამოიქცა თურმე და საწყალი ღორი მოიტანა, იქვე მწოლიარე. არის რაღაც სიმბოლური ძეგლების ბიოგრაფიაში. სიმბოლური და ცინიკური. ახლა ეს ძეგლი იქაც აღარ მოჩანს. მოსაკითხია.

საბჭოთა კავშირი დაემხო და სკოლაში წავედი. ცხადია, ინერციები დიდხანს გვდევდა - სასკოლო სახელმძღვანელოებში ბელადების ბიოგრაფიებითა და კედლებზე წითელგვარდილების სურათებით, მაგრამ სრულიად გაუცნობიერებლად, თუმცა, ცხადად ვგრძნობდი, რომ რაღაც დიდი და როგორც გვიან, შევიტყვე, ცუდი - დასრულდა. და ამის სიმბოლო ჩემთვის ის ცარიელი კვარცხლბეკი იყო, სკოლაში მიმავალს რომ მხვდებოდა. მთვარე ისევ მომაცილებდა. მთვარე იქნება ახლაც.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary