1991 წლის აგვისტოში პურის რიგში კინაღამ გადამთელეს. არ მახსოვს, ეს აგვისტოს პუტჩამდე იყო, თუ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად ჩამოიშალა. ეს ამბავი იქ კი არ ხდებოდა, სადაც პროდუქტების დეფიციტი იყო, არამედ ეს ხდებოდა აგუძერაშიც, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ მაღალი ხელფასები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პური უკვე არ იყო, პატარა მეწარმეები ლავაშებს აცხობდნენ, მაგრამ ზოგჯერ საცხობად ფქვილიც არ ჰქონდათ.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ ომი დაიწყო და უბრალო ადამიანის თვალში ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის საბჭოთა კავშირის დაშლასთან არდაკავშირება. აფხაზეთი საბჭოეთის ტურისტული ადგილი იყო, ძალიან მაღალი დონის საცხოვრებელი პირობებით.
სწორედ ამიტომ უფროსი თაობის ლოგიკას საბჭოთა ეპოქის ღირებულებებზე არ ვიღებ, მაგრამ ჩემთვის გასაგებია. მათი ცხოვრება, არ აქვს მნიშვნელობა, დარჩნენ, თუ წავიდნენ, ორ ნაწილად გაიყო: მდე და შემდეგ. საბჭოეთში მათ ჰქონდათ კეთილდღეობა, საკრუიზო გემები, ავიამიმოსვლა მოსკოვში 24 რუბლად, ფული ყოველდღიურობას არ აკლდა. აი, შემდეგმა ეტაპმა კი ადგილობრივებს ყველაფერი წაართვა, ჩაიკეტა საზღვრები, ზოგჯერ თითქმის შიმშილობდნენ.
უკვე მოგვიანებით, როცა მქონდა შესაძლებლობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში მემოგზაურა, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ აფხაზეთი ისე ჰქონდათ მოწყობილი როგორც ოაზისი, საბჭოური სამოთხური ცხოვრებისთვის და მისი საშუალო დონის მაცხოვრებელმა არ იცოდა, რომ სამხრეთსა და ჩრდილოეთში ადამიანები სიღარიბეში ცხოვრობდნენ, არავითარი ორსართულიანი სახლები. საბჭოთა აფხაზეთის სოფლებში უნივერმაღებს აგებდნენ, სადაც ახალი ავეჯის და ზოგჯერ მანქანის ყიდვაც შეგეძლოთ. აი, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების სასოფლო მაღაზიებში კი, თუ შეეძლოთ, ერთდროულად 20 პურს ყიდულობდნენ, რადგან რამდენიმე დღეში ერთხელ მიჰქონდათ.
სოხუმიდან ფრენა იყო მოსკოვამდე, თბილისამდე, კიევამდე - საბჭოთა აფხაზეთის საშუალო მაცხოვრებელი ნამდვილად კომფორტულად ცხოვრობდა.
საბჭოთა დრომ აფხაზეთს ბევრი ცუდი და კარგი რამ დაუტოვა. შესანიშნავი ინფრასტრუქტურა 10, 15 და კავშირის დაშლის 20 წლის შემდეგაც კი მიტოვებულ ან ნახევრადმიტოვებულ სოფლებში თუ მოხვდებით, გზებით გაოცდებით.
ამასთანავე, საბჭოთა ეპოქამ აფხაზეთს კრიმინალური კულტურაც დაუტოვა, მისწრაფება არა შემოქმედებითი საქმიანობისადმი, არამედ პარაზიტული ცხოვრების წესი. ამ ყველაფრის შემდეგ თითქმის ყველა დასაქმებული სახელმწიფო და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. ადამიანებით ივსება რაიონული ადმინისტრაციები, ხელისუფლება... დიდიხანია მაკვირვებს და მაინტერესებს, საიდან მოაქვთ ფული, რომ დასაქმებულებს გადაუხადონ.
არის რაღაცები, რასაც საბჭოთა ეპოქიდან დღევანდელ ცხოვრებაში გადმოვიტანდი. ცხოვრება საზღვრებს გარეშე, რა თქმა უნდა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ფარგლებში შეიძლებოდა გადაადგილება. არავის არ უნდა ვთხოვდე ნებართვას, რომ შეფერხების გარეშე წავიდე მაგალითად, სოჭიდან ერევანში, მიუხედავად პოლიტიკური კონფლიქტისა და წინააღმდეგობისა. უფრო მეტიც და უარესი, თანამედროვე ახალგაზრდობა თვლის, არამარტო აფხაზეთში, არამედ სამხრეთ კავკასიის თითქმის ყველა რეგიონში, რომ ცხოვრების ეს წესი ნორმაა: ჩაკეტილი საზღვრებით, შეკვეცილი გზებით, სიღარიბით. ამ გაგებით ჩვენ გასული საუკუნის პირველ პერიოდში ვბრუნდებით და ჯერ ისევ ვრჩებით.
საბჭოთა კავშირი სისხლსა და ძალადობაზე იყო აშენებული. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ისეთი პირობები შეიქმნა, რომელთა საშუალებითაც გრძელვადიანი მშვიდობიანი ცხოვრება იყო მიღწევადი პოლიტიკური კონფლიქტების დაძლევის ფონზე. ძალიან კარგი იქნებოდა, შემდეგ ეპოქაში თუ გადავიტანდით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ სამხრეთ კავკასია დღეს ერთი საუკუნის წინანდელ რეგიონამდე უფრო დაყოფილია.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.