მამა - ჩემი ცხოვრების გმირი
27 მაისი, 2021
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ჩემი გმირი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

მე სხვანაირი გმირები მყავს. ამ გმირებზე სხვებმა არ იციან და რომც იცოდნენ, მათი გმირები ვერასდროს გახდებიან. არიან გმირები, რომლებიც მხოლოდ შენთვის არიან ასეთები. ჩემი გმირი მამაჩემია.
მამებზე ძნელად წერენ ხოლმე. წერენ, მაგრამ ვერც ისე იოლად, როგორც, ვთქვათ, დედებზე.
მე დღეს მამაზე ვწერ. თუ მამას ვწერ:

გამარჯობა, მამა. შენ ყველაზე მორცხვი და მშრომელი კაცი იყავი, ვისაც კი ვიცნობდი ან მსმენია. მარტო ყოფნა გერჩივნა. ამიტომაც, ვიცი, მანდ წოლა გიჭირს. მანდ ბევრი ხალხია. შენი ადგილი მანდ არ არის. ზაფხული დადგა, სათხილეში ბალახი გაკვირვებულია, უკვე სოფელში უნდა ასულიყავი. ფიქრს გავურბივარ, როგორ შეძელი, ასე ავადმყოფმა ამდენი თხილის მარტომ მოგროვება, ჩამოტანა და ის თხილი ისევ არ გაყიდულა. რომც გავყიდო, არ ვიცი, რა ვუყო იმსიმძიმე ფულს, ყველაზე დიდ და მძიმე ფულს მსოფლიოში. ალბათ, გახსოვს, საღამოობით, ძილის ამბებს რომ მიყვებოდი. იმ ამბებით გაგყავდი შენი ვერახდენილი ოცნებების სასაფლაოზე. შენ მსოფლიო გინდოდა გენახა, მაგრამ ორი ავტობუსის გზა აღმოჩნდა დაბედებული საზღვარი.
იცი, სიცოცხლის მნიშვნელობა ყველაზე ცხადად როდის შევიგრძენი? ან გნებავთ დროის? ან სიკვდილის? მოგიყვები: შარშან, ნოემბრის ოცდაექვსში ექიმმა მამაჩემის პალატიდან გამიყვანა, დაძაბული სახით შემხედა და მითხრა: ჰა, ჰა, ერთი თვე ან თვე-ნახევარი დარჩენია და თქვენ როგორ გირჩევნიათ? მერე აღარ მაგონდება, რა აინტერესებდა იმ ექიმს: სახლში წავიყვანდით თუ იქ დავტოვებდით, მკურნალობას ვეცდებოდით თუ რამე გამაყუჩებელს ვიყიდდით. არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ იქ მჯდარი ნეიტრალურსახიანი ექთნის დაზეპირებული ამოხვნეშა: ეჰ, ეჰ! და ის, რომ მაშინ უცებ რამე კი არ მეწყინა, გავბრაზდი. დიახ, გავბრაზდი ამ უდანაშაულო ექთანზე და ყველაზე, ვინც ამის მერე მამაჩემთან შემოვიდოდა, თავს დანანებით გადააქნევდა: ნაცნობებზე, ნათესავებზე, სხვებზე. ეს "ნწ, ნწ", "ვაი" და "ეჰ, ეჰ" - ეს "ცოცხლებისგან" "მომაკვდავისკენ" მიმართული თანაგრძნობა, თითქოს ღმერთები დასტიროდნენ ოლიმპოდან ადამიანებს. და მინდოდა მეყვირა: "შეხედეთ, აი, ის, ცოცხალია, ტელევიზორს უყურებს, ისევე, როგორც შენ და მე! ზეგ მოკვდება? მაზეგ? მერე რა? აი, ახლა, ამ წუთას ცოცხალია!"
სადღაც საათის ჩაძინებული, დილის ექვსისკენ, დედაჩემმა გამაღვიძა და საოცრად მტკიცე ხმით მითხრა: მამაშენი აღარ არის, გიორგი, იცოდე, შენ კარგად უნდა იყო, ასე უნდოდა მამაშენს. ყოფილა წუთი, როცა ერთდროულად ხვდები ყველაფერს და ვერაფერსაც. მერე ეს წუთი სამუდამოდ გრძელდება, სხვა წუთებს გვერდით მიჰყვება გაყინული. სხვა წუთებში ყველაფერი ხდება, რაც სიცოცხლის წესია - სამუშაო, სიყვარული, შური, სიხარული, დაღლა, გაოცება, ტკივილი. ეს წუთი კი ისევ ისეთია. ეს დამატებითი წუთი. ზუსტად იმ ჭერის ფერი, რომელსაც უმიზნოდ ავხედე, როცა საგანგებოდ ჩემთვის გამაგრებულმა დედაჩემმა ის სიტყვები მითხრა. დედაჩემმა, თვითონაც ავადმყოფმა, საღამოობით ძლივს რომ იდგა ფეხზე და ახლა ბზარდამალული ხმით მელაპარაკებოდა.
ის წუთი, ალბათ, არ გალღვება. არც დანარჩენ წუთებს შეერევა. თუ შეერია, ხელოვნური გახდება ყველაფერი, ცხოვრება კი სხვა ამბებს გულისხმობს - მოუსვენრობას და სიცხეს. ასეთი წუთები სიკვდილის მერე დაიძვრებიან. თუ სული არსებობს და თუ სული უკვდავია, ასეთ წუთებში იცხოვრებს სული. ეს იქნება მისი სამოთხე ან ჯოჯოხეთი.
***
თეატრში პირველად მამაჩემმა წამიყვანა. ოზურგეთში. 1990 წელს. არაფორმალების შეხვედრააო. არაფორმალები კი მრავლად მენახა, თუნდაც ჩემივე მეზობლები, მაგრამ მაშინ ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა. საღამო იყო. თბილი, მზეშერჩენილი. ქუჩაში - უჩვეულოდ ბევრი ხალხი. შესასვლელში - მით უფრო. ძლივს შევძვერით. ხელში ამიყვანა. სცენა დავინახე თუ არა, შუქი ჩაქრა. ზვიადმა დაიძახა, ეს სუკ-მა მოგვიწყოო. სანთლები ავანთოთო. იდგნენ სანთლებით და კითხულობდნენ ლოცვას. "მრწამს ერთი ღმერთი". მართლა ჯადოსნური ამბავი გამოვიდა. უკანა გზაზე, ტრადიციულად, კისერზე ვეჯექი და მეუბნებოდა, მთვარეს გახედეო. სულ ასე იქცეოდა. არ უნდოდა, რამე ისეთი გამომრჩენოდა, რასაც თვითონ ამჩნევდა. ყვითელი და სავსე მთვარე ეკიდა. ოდნავ დამცინავი. მეგონა, სადაცაა თვალს ჩამიკრავდა. და რომც ჩაეკრა, ეს უფრო ნაკლებ გამიკვირდებოდა, ვიდრე უკვე მომხდარი - შინ დაბრუნებული, ეზოში დავრბოდი და ვყვიროდი: თეატრში ცოცხალი ზვიად გამსახურდია ვნახე-მეთქი. ასე, "პირიქით" იწყებოდა ყველაფერი.
მეორე პროლოგიც უცნაური გამოდგა: მერე, ადგილობრივ კინოთეატრში რომ წამიყვანეს სკოლიდან, დიდი ეკრანი გაფუჭებული დაგვიხვდა. ამ ეკრანის წინ პატარა ტელევიზორი დაედგათ და ლეონარდო დი კაპრიოს დახრჩობის ამბავს იქ ვუყურეთ. ვინმეს რომ გადაეღო, ეპოქალური სცენა იქნებოდა. ფილმი ეგ იყო, თუ იყო. "ტიტანიკს" მაინც სჯობდა.
***
ბაღში რომ მაკითხავდა, საღამოს შვიდამდე მის სამსახურში ვრჩებოდი. ვიჯექი კვერცხის კონტეინერსა და "პრიმას" ყუთებს შორის საგანგებო სკამზე და "ტომ სოიერის თავგადასავალს" ვუსმენდი. მამაჩემი საკუთარი ოცნებების ციხეში მუშაობდა - სურსათის მაღაზიაში, გამყიდველად. ოზურგეთის ბაზარზე ცალკე დავწერ - მგონი ერთ-ერთი საზვერე იყო საბჭოეთიდან თავისუფალ და დამოუკიდებელ და სუვერენულ, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ საქართველოში სხეულების გადმოსაყვანად. შესაძლოა, ახლაც ამ საზვერეში ვართ. არ ვიცი.
ხოლო მამაჩემი მიკითხავდა ტომის ამბებს და ცალი თვალით და ცალი ხელით მარგარინს ყიდდა. ძნელი საქმეა, დამიჯერეთ. იქვე ჭადრაკის ისტორიის წიგნები და ამოცანების კრებულები ეწყო. კაპაბლანკა, ალიოხინი, ტალი. მამაჩემი ფიშერისტი იყო, თუმცა, პოლ მორფი ყოფილა ადრე ყველაზე მაგარიო, იტყოდა ხოლმე. ყველას გახსნილი თამაშით უგებდაო. მაგრამ ოფიციალური ჩემპიონი ვერ გახდა, ადრე მოკვდაო. უიღბლო რომ იქნები კაციო. და კვერცხი 20 კაპიკი ღირსო. რამდენი გინდათო.
ძნელია ვერახდენილი ოცნებებით ცხოვრება. სადღაც დამალული ოცნებებით ცხოვრება. ალბათ, შენში შენზე დიდი მკვდრის ყოფნას ნიშნავს.
ამიტომაც, დღეიდან, სადაც წავალ, ყველგან წავიღებ შენს პატარა ფოტოს, ამ სურათით შეგახედებ სხვა სოფლებსა და ქალაქებს. განა მე არ ვიცი ზეპირად ის ფრაზები, სხვები რომ იტყვიან: "რა აზრი აქვს თავის მოტყუებას, ის მაინც ვერაფერს დაინახავს, ვერაფერს იგრძნობს, რომ ყველაფერი, რასაც ფორმა აქვს, დაიშლება და გაქრება ადრე თუ გვიან". ვიცი, მაგრამ ცხოვრება ცოდნაზე უფრო განცდა მგონია. და რადგან სამყარო ჩვენი წარმოდგენაა მასზე, ყველაფერი ისე იქნება, როგორადაც გამოვიგონებთ. ამიტომაც, შენ ცოცხალი ხარ, ადექი და გამომყევი ახალ გზებზე, მამა.

პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary