კეთილი ადამიანები
30 მაისი, 2021
კეთილი ადამიანები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ჩემი გმირი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


ეს ტექსტი ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. თავიდან ვფიქრობდი, პოლიტიკისა და კულტურის სფეროდან გამომეყო ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლებად სიმპათიას იმსახურებდნენ და კარგი ცხოვრებისეული წარსული ჰქონდათ, ასევე, ავტორიტეტი და პატივისცემა. შემდეგ მივხვდი, რომ ღიმილსა და სითბოს ჩვენში ახლობელი და ნაცნობი ადამიანები იწვევენ.


ასეთი იყო მარატიც. გვარს ვერ ვასახელებ, რადგან არ მაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული ჩანახტის შესახებ ახლობლებისგან ნებართვა ავიღო. ჩვენ ერთმანეთი ოჩამჩირის რაიონში სოფლის გზაზე გავიცანით. გზის საკითხავად შევჩერდით, გვაინტერესებდა, ხომ არ დავიკარგეთ. მე დამსახურებად არ ჩავუთვლი ადამიანს ჩვეულებრივ აფხაზურ, კავკასიურ სტუმართმოყვარეობის გამომხატველ მანერებს - სახლში შეგვიყვანა და შემდეგ მოგვიანებით განვაგრძეთ გზა, არც ისე ფხიზლებმა.


ასეთი შეხვედრა ცხოვრებაში ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, ნაცნობობა განვაგრძეთ. ბევრად გვიან შევიტყვე, რომ დაახლოებით 2 წლის წინ მარატი გარდაცვლილა. როგორც მისი თაობის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, ომის შემდგომი არანამკურნალევი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რისი მკურნალობაც, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, შესაბამისი თანხა რომ ყოფილიყო და ამისი სურვილიც. მარატი იყო აბსოლუტურად რიგითი, ტიპური ადამიანი ახალი აფხაზეთისთვის, შეუმჩნეველი, მაგრამ უკიდურესად არქეტიპული. გარდაიცვალა არანამკურნალევი ჭრილობებით, რადგან მისთვის საავადმყოფოებში სირბილი "სირცხვილი" იყო. თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი, უხერხულობად თვლიდა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. აღნიშნული აფხაზური უფროსი თაობის აბსოლუტურად ტიპური მახასიათებელია. და უფრო უარესი ის არის, რომ ეს უფრო ახალგაზრდა თაობასაც გადაეცა. გარდაიცვალო ახალგაზრდად შეიძლება უფრო საპატიოც არის, ვიდრე უმიზნო ცხოვრება - სწორედ ასე ფიქრობდა მარატი, სანამ ცოცხალი იყო.
ჩვენი გაცნობისას მარატი სახლში მარტო იყო, შემდეგ მისი უმცროსი ბიჭი მოვიდა, ცოტა საშიანო საქმეებში მიეხმარა. რომელიღაცა წლის ზაფხული იყო, 7-8 წლის წინ და ჩვენი გმირის მეუღლე სადღაც პიცუნდაში სამუშაოდ იყო, რესტორანში მზარეულად მუშაობდა.


მარატთან ურთიერთობისას ბევრი რამ მისი განცდის შესახებ გავიგე. თუმცა, ის უფულობის გამო არ დარდობდა, რომელიც დიდწილად მას ცხოვრებაში არც კი უნახავს. მთელი თავისი ცხოვრება სოფელში გაატარა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც დაიბადა, არცერთი დღე ქალაქში არ უცხოვრია, რაც თანამედროვე აფხაზეთში დიდი იშვიათობაა, ეს იყო ადამიანი, რომელიც ძველებური სოფლური ცხოვრებისკენ ისწრაფვოდა, ისეთისკენ, რომელიც საბჭოთა დროსაც კი აღარ იყო.


ახალგაზრდობაში მარატს მთაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მიჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად შეიძლება ამის საშუალება არ ყოფილიყო, ნაცვლად იმისა, რომ ზღვის სანაპიროზე გასულიყო და დამსვენებელი გაეცნო, რასაც ჰქვია ჯიუტად, მთისკენ მიიწევდა. როდესაც დიდი აფხაზური სოფლების სასაზღვრო დასახლებებს გაივლიდა, მარატი სწორედ იმ ადგილას სახლის აშენებაზე ოცნებობდა. "ახალგაზრდობაში ვერაფრით ვიგებდი, ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და მათ შორის, ჩვენი ნათესავები, ნელ-ნელა ბარში ჩამოდიოდნენ, სადაც იყო სიცხე, ცოტა მიწა, სადაც ყველგან შურია, ეჭვიანობა, ჭორები და ჭუჭყი,"-ამბობდა მარატი, რომლის შეიძლება ერთადერთი ცხოვრებისეული პროექტი სწორედ სადღაც იქ გადასახლების იდეა იყო, სადაც ადამიანური ცოდვებისგან შორია.


მარატი დარწმუნებული იყო, რომ მისმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა. "რა ვნახე ამ ცხოვრებაში? რაც ვნახე იმისთვის, მადლობა ომს, მთელს აფხაზეთს გავეცანი. ახლა ნებისმიერ წერტილში არის ვიღაც, ვინც ჩემთვის ლუკმა-პურს არ დაიშურებს,"- ჩვენი გმირის ცხოვრება არაფრით გამორჩეული ყოველდღიურობისგან შედგებოდა. ნაადრევი სამსახური ჩაისა და თამბაქოს პლანტაციებში, მძიმე სამუშაო, მაგრამ სრულიად საკმარისი ფული საბჭოთა კავშირში სამოგზაუროდ. შემდეგ დააქორწინეს, რომ სადღაც შორეულ ჩრდილოეთში არ შეექმნა ოჯახი. ცოლის დამსახურებით 65 წლამდე მიაღწია, მართალია, ავადმყოფობდა, მაგრამ სუფრასთან ჯდომა და სიამოვნების მიღება შეეძლო. აი, ასეთი უპრეტენზიო ცხოვრება ჰქონდა, რომელშიც თავად მარატმაც ვერ შენიშნა მთავარი.
არაფერი სჭირდებოდა, ყველაფერს გასცემდა - როცა შეეძლო ფულს, როცა შეეძლო ფიზიკურად ეხმარებოდა, როდესაც თავად ვერ ეხმარებოდა, პრობლემის გადასაჭრელად უახლოეს გარემოცვას რთავდა.
თუ საჭირო იყო ვინმეს საავადმყოფოში გადაყვანა, არაფრად აგდებდა, რომ მანქანაში ბენზინი არ იყო, გზაზე რომ გავალთ, ვიპოვითო.


ვინმე სახლს აშენებდა? მარატი ყოველთვის მიდიოდა დასახმარებლად. სახლის ასაშენებლად მილიონობით რუბლს ხარჯავენ და შეეძლოთ მუშებიც დაექირავებინათ. მაგრამ რისთვის, თუ არის მარატი, რომელიც ძველებურად თვლის, რომ სახლს ნათესავები და მეზობლები უნდა აშენებდნენ. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩვენს გმირს ოჯახთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ცოლსა და შვილებთან.


და აი, უკვე რამდენიმე წელია კეთილი ადამიანი აღარ არის. და ახლა ასობით ადამიანს, ათასობითს თუ არა, ახსოვს ყოველგვარი უმნიშვნელო და დიდი სიკეთე, რასაც მარატი მათ უკეთებდა. მარატისნაირებთან საბოლოოდ ქრება ძველი, კეთილი აფხაზეთი. ასეთი ადამიანები შინაგანი ასკეტურობით გამოირჩეოდნენ, იმით კმაყოფილდებოდნენ, რაც ჰქონდათ. ვიღაცებისთვის ხელმოცარულები იყვნენ, ზოგჯერ დასცინოდნენ, არ ცხოვრობდნენ იმ ღირებულებებით, რომლებითაც სხვები. არ განიკითხავდნენ და არ აკრიტიკებდნენ ადამიანებს, კომუნიკაბელურობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მიზიდულობის ცენტრები იყვნენ ნებისმიერ სუფრაზე. ფიქრობენ, რომ მათმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა. სინამდვილეში კი, გამოდის, რომ თუ ვინმე გახსენდება, მხოლოდ ისეთები როგორიც მარატია.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary