ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გვიან წავიკითხე ეს ტექსტი, თუმცა ქრონოლოგიური ჩარჩოები – "ადრე" და "გვიან" – ფორმალური გამონაგონია – სინამდვილეში წავიკითხე მაშინ, როდესაც მას ჩემს ცნობიერში შემოღწევა შეეძლო.
ბევრი რამის შეფასება-გადაფასების, სინთეზისა და ანალიზის, რაციონალურისა და ემოციურის მძიმე ჭიდილში ჩაბმული ჩემი ცნობიერება, ჩემი მეგობრის დახმარებით, მოულოდნელად წააწყდა რამდენიმე აღმოსავლურ საკრალურ ტექსტს. ჯერ იყო დაახლოებით 5 ათასი წლის ხანდაზმულობის "ბჰაგავატ გიტა", რომელმაც ჩემში საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული პროტესტი გამოიწვია იმის გამო, რომ ადამიანის სულიერი მოძრაობების ზედმიწევნით დეტალურად განხილვის, ყველა გარე პერიპეტიისა თუ წინააღმდეგობის აღწერის მიუხედავად, პასუხგაუცემელი დარჩა ჩვენი კულტურისთვის მთავარი კითხვა – რა მიმართებაშია ეს სწავლება მეორე ადამიანთან. "მეს" გარდა, მეორე ადამიანი, სხვა ადამიანი ამ ტექსტში არ ჩანს! ეს საკმაოდ მძიმე და რთულად მისაღები აღმოჩნდა მაშინ ჩემთვის. შევეცადე, ამ, ჩემი გადასახედით, ფუნდამენტური ხარვეზის ამოსავსები არგუმენტები მეძებნა ტექსტში, მის ინტერპრეტაციებში, მაგრამ საბოლოოდ და ამომწურავად ამ კითხვას ჩემთვის მაშინ პასუხი ვერ გაეცა.
სულ მცირე ხნის წინ, ისევ იმავე მეგობრის დახმარებით, გავეცანი კიდევ ერთ ინდურ საკრალურ ტექსტს – "აშტავაკრა გიტას", რომელმაც კი არ შეალამაზა ან შეფუთა, არამედ კიდევ უფრო გაამწვავა წინააღმდეგობები ჩემში, რომლებიც პირველმა ტექსტმა გამოიწვია და დიდ საფიქრალად მიქცია! დრო ხომ პირუთვნელი მსაჯულია, რა გადაარჩენდა ტექსტს ათასწლეულების განმავლობაში, ასეთი კონცეპტუალური ხარვეზი რომ ჰქონოდა!
ჩვენი, დასავლური კულტურა, დგას ერთ მთავარ პოსტულატზე – საკუთარ თავზე, ოღონდ სხვა ადამიანის პრიზმიდან. აღმოსავლურმა აზროვნებამ, რომელიც დგას თვითშემეცნების უალტერნატივო მოცემულობაზე, ჩემში სრულიად გარდაქმნა ადრინდელი აზროვნება. თვითშემეცნების გზას ადამიანი მაშინ ადგება, როცა მარცვალ-მარცვალ შეკოწიწებულ ჭეშმარიტებებს, ავტორირეტულ თეორიებს, დიდ ნარატივებს დაამსხვრევს და ამ გამოცდილებით, ამ სულიერი იარებით ადგება თვითშემეცნების გზას! ჩემშიც ასე მოხდა – დაინგრა ყველა უკვე შექმნილი კონსტრუქცია და ასე მარტივად, ასე პირდაპირ დავიწყე სამყაროს ახლებური აღქმა!
"აშტავაკრა გიტა", ერთი შეხედვით, წინააღმდეგობებით აღსავსე ტექსტია. მეფისა და ბრძენის დიალოგში ადამიანის განვითარებისთვის, მთავარ მდგომარეობამდე მიღწევისთვის ერთნაირად უსარგებლოა ტკივილიც და სიხარულიც, წარმატებაც და იმედგაცრუებაც, ძალისხმევაც და მოდუნებაც, აქ მთავარი ნეიტრალური მდგომარეობაა, როდესაც ცოდნა ემოციას უთანაბრდება და როდესაც დამკვირვებელი ერთდროულად დაკვირვების ობიექტიც არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თვითშემეცნების გზაზე ადამიანი ხვდება არა იმას, რომ არის ღმერთის ნაწილი, არამედ იმას, რომ ღმერთია თვითონ! ამ დიდ და ფართე აზროვნებაში პასუხიც იძებნება ჩემთვის დიდ და მნიშვნელოვან კითხვაზე – სად არის სხვა ადამიანის ადგილი? პარადოქსულად გამაოგნებელი, მაგრამ უთბილესია პასუხი: "მე ვარ შენ"!
როცა ვკითხულობთ ტექსტებს განსხვავებული კულტურებიდან, როდესაც ვმოგზაურობთ განსხვავებულ ქვეყნებში, როდესაც ვისმენთ სხვა ხალხთა ფოკლორულ მუსიკას, როდესაც ვაგემოვნებთ ეგზოტიკურ კერძებს, რბილი და პლასტიკური ხდება ჩვენი ცხოვრება, არ გვეშინია პოსტულატების ნგრევის, რადაგან რაც უფრო მეტი გაქვს დანგრეული, მით მეტ მეთოდსა და მეტ მასალას ფლობ უკეთესის ასაშენებლად, მით უფრო მცირდება გარესამყარო შენ ირგვლივ... ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ, რომ მთელი სამყარო მოიცვა შენმა ცნობიერებამ, რომ არ არსებობს არაფერი უცხო, რომ მეორე ადამიანიც ხარ შენ!
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.