ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ადამიანის უფლებები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
10 დეკემბერი საინტერესო დღედ შემოვიდა ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. ეს თარიღი – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე – პირველად, 90-იანი წლების ბოლოს გამოცხადდა უქმე დღედ. სასიამოვნოსთან ერთად, გასაკვირიც იყო ეს ფაქტი ჩვენთვის, რადგან ხომ არსებობს ფასეულობები, რომლებზე საუბარიც და მათი მნიშვნელობის დადასტურებაც უხერხულია, ასეთია ადამიანის უფლებები!
სწორედ ამის გამო, ერთდროულად სასიამოვნოც არის და გასაკვირიც, ადამიანის უფლებების დაცვა ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტების ფიქრის და ძალისხმევის საგანი რომ გახდა. 1948 წლამდე ბევრი იტრიალა სამყარომ, ბევრი საფიქრალი მოილია და გადააფასა, ზოგს შიგთავსი, ზოგს კი ფასადი შეუცვალა და ასე, ძალიან ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, შეჩერდა ერთ უმთავრეს არჩევანზე - ადამიანის უფლებებზე! დღეს პოლიტიკური და სამართლებრივი ევროპის ცენტრში, იმ მომრგვალო შენობაში მსოფლიოში ყველაზე საგულისხმო რამ ხდება – ყოველწამიერად დასტურდება იმისი მნიშვნელობა, რისი მნიშვნელობის დადასტურებაც თითქოს უხერხული გვგონია.
ათასჯერ მხილებულა ევროპული ორგანიზაციების ფორმალურობა და სიმბოლურობა, მაგრამ ის მაინც ყველაზე საიმედო და ყველაზე მომხიბვლელი რჩება... რჩება თვითკრიტიკის ასე მაღალი ხარისხის გამო, იმის გამო, რომ არ ერიდება, თვალი გაუსწოროს ყველაზე უხერხულ მომენტებს! იმის გამო, რომ მისი ტრიბუნა თანაბრად ეთმობა სტიგმიანსაც და ავტორიტეტულსაც! იმის გამო, რომ სახელს არქმევს ყველაფერს ადამიანურს! იმის გამოც, რომ აქ სხვადასხვა აზრის მქონეთა მეგობრობას ხელს არაფერი უშლის! იმის გამო, რომ თანაბრად უნაწილებს თავის მონაპოვარს სხვადასხვა ქვეყანას, რასას, პროფესიას, ასაკს, მსოფლმხედველობას, სხვადასხვა გემოვნებას... არაფერია იმაზე დამაფიქრებელი და საგულისხმო, ვიდრე თითო ადამიანის პროტესტი, პლაკატითა და გაშლილი კარვით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეზოში თითქმის ყოველთვის რომ დახვდება კაცს... მაგრამ ამ საგულისხმო ჩამონათვალს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანს საკუთარ თავზე მაღლა დადგომა სურს!
ვერავითარი კონვენცია, ვერავითარი ინსტიტუცია, ვერც სახელმწიფოებზე გამარჯვებული კერძო ადამიანების საქმეები, ვერც კოლოსალური სააღსრულებო თანხები ვერ უზრუნველყოფს პრობლემას, თუ ჩემი აზროვნების ამოსავალი ნიშნული არის ჩემივე თავი, ათასგზის დეკლარირებული სიცოცხლის, თავისუფლების, უსაფრთხოების, გამოხატვის და სხვა უფლებებით. ყველაფერი ამაოა, თუ სხვა ადამიანის პრიზმიდან არ აღვიქვამ საკუთარ თავს, თუ ყოველი ჩემი მოქმედება მეტ-ნაკლებად მაინც არ არის გვერდით მდგომი ადამიანით გაპირობებული. არსებობს გრადაციები. ამ გრადაციის ბაზისურ დონეზე დგას ადამიანი, ცნობილი საყოველთაო უფლებებით. თუკი ის საკუთარ თავს სხვასთან მიმართებით აღიქვამს, მას პიროვნება ეწოდება და ეს უალტერნატივო ცნება ყველა კულტურაში!
ადამიანი სინამდვილეში მაშინაა თავისუფალი, როდესაც ის სხვის თავისუფლებას არ ზღუდავს. თუ ვინმე ბრალს დაგვდებს იმაში, რომ ეს მორალისტური აზროვნებაა, პასუხად ვიტყვით, რომ სინამდვილეში, ეს ყველაზე პრაგმატული, ყველაზე ეფექტიანი აზროვნებაა, რადგან მიზეზშედეგობრიობა, გვინდა თუ არა, სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.
საბედნიეროდ, დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სინამდვილეში კულტურა სხვა არაფერია, თუ არა სხვისი გათვალისწინება. ყველაზე გავლენიანი ევროპული ორგანიზაციების ამოსავალი წერტილიც მხოლოდ ეს არის! მხოლოდ ეს არის ამ სამყაროს განვითარების ყველაზე პერსპექტიული ვექტორი, წერტილი, რომელშიც მორალი პრაგმატულობას ემთხვევა! დიდი მსოფლიო ნარატივების აზროვნებაც სხვა არაფერია, თუ არა – მე ვარ სხვა! ამ პრიზმაში კი ადამიანის უფლებებს სულ სხვა კონტექსტი აქვს!
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.