საზოგადოებაში კარგად ფეხმოკიდებულ, მის ქსოვილში კარგად გაჯერებულ ტენდენციებს ყოველთვის ირეკლავს ხელოვნების დარგები. შესაბამისად, თუ გადავხედავთ ქართულ საბჭოთა კინოს, ერთ-ერთ დომინანტურ თემად აღმოვაჩენთ ახალგაზრდებში განათლების მიღების ანომალიამდე მისულ პრობლემებს.
ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმების რეზიკოები და ვაჟიკოები სინამდვილეში საკუთარი მშობლების მანიაკალურად აკვიატებული სურვილების ტყვეები არაინ. არადა, ვერც ამ მშობლებს გაამტყუნებ – მათი თვალათახედვით, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი აუცილებელი ატრიბუტი იყო საზოგადოების სრულფასოვანი წევრებისათვის. თანაც ეს თაობა ვერაფერს ხედავდა საჩოთიროს საკუთარი შვილების პირადი სივრცეების უხეშ დარღვევაში, მათ პირად არჩევანში ჩარევაში, მათი შვილების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების ფორმალობად და თვალთმაქცებად ქცევაში, მაშინ, როცა შვილების თაობას შესანიშნავად შეეძლო ეკეთებინა მისთვის საინტერესო საქმე – გაეშენებინა ბაღები, დაემზადებინა სათამაშოები... ბოლოს და ბოლოს, ყოფილიყო ლაღი და საკუთარი სურვილების შესაბამისად ეცხოვრა.მეოცე საუკუნის არაერთი მოღვაწის პირად არქივში შეიძლება აღმოვაჩინოთ საპროტექციო შინაარსის წერილები "დანიშნული" ბილეთებით, "პაროლებით", რესტორნების "დახურვის" დაპირებებით, ძველი ურთიერთობების შეხსენებებით.... ეს იყო პარალელური რეალობა, რასაც მშობლები საკუთარი შვილების ბუნებრივი, ლაღი ახალგაზრდული მისწრაფებების საპირისპიროდ ქმნიდნენ. საბოლოო შედეგი კი ისეთივე იყო, როგორიც საბჭოთა ღვინის ხარისხი.
რა თქმა უნდა, ნელა, მაგრამ მაინც შეიცალა ბევრი რამ... მიუხედავად იმისა, რომ წინა ინერცია ჯერ კიდევ აუტანლად მძლავრია ჩვენში, საზოგადოების ერთმა ნაწილმა უმაღლეს განათლებას, როგორც ფენომენს, დაუბრუნა თავისი ნამდვილი არსი. მართალია, ეს ნაწილი ჯერ საზოგადოებაში ფონს ვერ ცვლის, მაგრამ საიმედო პერსპექტივას ქმნის.
განათლების სისტემა, როგორც აქილევსის ქუსლი, გრძელვადიანი განვითარების რელსებზე დგას. სწორედ ამიტომ აქვს დიდი გასაქანი ძველ ინერციებს. რეპეტიტორობის ინსტიტუტის ჯერ კიდევ მძლავრი პრიმატი იმაზე მიუთითებს, რომ სკოლას არ აქვს რესურსი, მოამზადოს აბიტურიენტი, რაც თანამედროვე სასკოლო განათლების პროფანაციის პროცესს მეტად აღრმავებს.
რა ხშირად გვსმენია ხავსს მოჭიდებული მშობლების მოსაზრება, რომ საკმარისი, მოზარდმა მხოლოდ იმ ერთი წლის განმავლობაში იმუშაოს და ისწავლოს ინტენსიურად და ყველაფერი გამოუვა. არადა, დამამთავრებელ კლასამდე გაჯეტებს მიჯაჭვული, ხშირად დაბალი კოგნიტური უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდებისთვის სტრესულია ეს ერთი წელი როგორც შემეცნების, ისე პიროვნული სტაბილურობის თვალსაზრისით. შედეგებიც მერყევი და არასახარბიელო დგება.
საინტერესოა, რომ დღეს ინტერნეტსა და სოციალურ სივრცეებზე დამოკიდებული აბიტურიენტებისთვის პროსფესიის არჩევისას აქტუალური გახდა პროგრამირებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულება. სამწუხაროდ, მოტივი აქაც მარტივად ამოსაკითხია – დიდი ძალისხმევის გარეშე, იოლად გამოსვლა, რაც სინამდვილეში ასე არ არის და შედგად დიდ აცდენას ვიღებთ.
მახსენდება დიმიტრი უზნაძის ერთი მეტად საგულისხმო დიაგნოზი: "ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისკენ, მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა... პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა."
სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემის სათავე და სწორედ ამის გათვალისწინებაა გამოსავალიც. შრომის კულტურის განვითარება ჩვენში, მიზეზ-შედეგობრვი კავშირის დანახვა საქმეში ჩადებულ ძალისხმევას და მისგან მიღებულ შედეგს შორის ყველაზე უკეთ გაგვააზრებინებს და დაგვაგეგმინებს მომავალს.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა უმაღლესი განათლება. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.