"ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დაკრძალვა მიცვალებულზე, ქორწილი სიყვარულზე, გარეგნობა კი ჭკუაზე მნიშვნელოვანია. ვცხოვრობთ შეფუთვის კულტურაში, რომელიც უგულებელყოფს შიგთავსს" – ეს მწვავე შეფასება ურუგვაელ მწერალს, ედუარდო გალეანოს ეკუთვნის. ამ დაუნდობელი განზოგადების ფარგლებში ალბათ, დიდწილად, სამართლიანად მოექცა ქორწილიც. ის, თავისი ბუნებით, ისეთი რთული მენტალური და სოციალური ფენომენია, სხვადასხვა კულტურისა და ეპოქისთვის ნიშნეულ იმდენ პლასტს ითავსებს, რომ ზოგჯერ ამ სოციალურ-კულტურულ-რელიგიურ-რიტუალურ შეფუთვაში მნიშვნელობას კარგავს მთავარი.
თუ ძველ საქართველოში ქორწინების ლეგიტიმაცია საღვთისმსახურო რიტუალს და სამრევლო დავთარში აღნუსხვას უკავშირდებოდა, დღეს ამის ორი გზა არსებობს: საერო – ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაცია და სასულიერო – ჯვრისწერა. ორი ადამიანის ქორწინების ფორმალურ არგუმენტად ეს გზები მიიჩნევა. ისე, არც დღეს და არც ოდესმე არავინ უმსჯელია, მით უფრო, გადაუმოწმებია ქორწინების მოტივაციის არგუმენტები. რაკი რთული, უფრო სწორად, არაერთიკურია ამაზე საუბარი, შესაფასებლად მაინც შეფუთვაღა გვრჩება.
ადრე საქართველოში ქორწინება უსათუოდ ნიშნავდა მეუღლის სახლში ქალის საცხოვრებლად გადასვლას. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქალზე მემკვიდრეობა არ გადადიოდა, უძრავი ქონების მფლობელი ის იშვიათად ხდებოდა. ამიტომ, როგორც მატერიალურად, შესაბამისად, მენტალურადაც, ის მეუღლეზე დამოკიდებული ხდებოდა. დღეს ეს ურთიერთობები, მართალია, ჯერ მაინც მნიშვნელოვანწილად არა, მაგრამ შესამჩნევად დაბალანსდა, ქორწინების დროს უკვე ხშირად გვხვდებიან ქონებიანი ქალები და შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც – თანაბარწილიანი ქონების მფლობელი წყვილები.
"ერთ სულად და ერთ ხორცად" ქცევა, იმის გააზრება, რომ, ერთი მხრივ, ეს არ არის დროებითი ცვლილება, რომ შენს ახლად დაკანონებულ მდგომარეობას შეუძლებელია, ჰქონდეს ალტერნატივა და, მეორე მხრივ, იმის შეგრძნება, რომ ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებას ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა ჰქონდეს განმეორებადი, პერმანენტული ხასიათი, რომ მარტივად შეგიძლია ერთხელ დადებული უღლის გადაგდება, რთულ შინაგან პრობლემებს იწვევს. ამ მდგომარეობის სტაბილურად წარმართვისათვის კი საჭიროა მოუდუნებელი ძალისხმევით მიღწეული ბალანსი.
გარეგანი ატრიბუტების (ქორწინების ბეჭდები, ლხინი, საჩუქრები, თეფშის დამტვრევა, ტორტის დაჭრა, თაიგულის სროლა და ა. შ...) თვალსაზრისით, ქორწინება ყველა კულტურაში გადატვირთული რიტუალია. როცა ტექნიცისტური ცხოვრების მთავარი გამომსახველობითი საშუალება ციფრული ფორმატია, აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევა ქორწინების რიტუალის ფოტოგრაფიული ასახვაც. დღეს ამ, სპეციალიზებული ფოტოგრაფების, მომსახურებამ კოლოსალურ ფასებამდე აიწია. ძველი ტრადიციების ნარჩენებია ის წარმოდგენებიც, თითქოს ბეჭედი და საქოწინო სამოსი სიძეს ქალის ოჯახმა უნდა შეუძინოს, ხოლო ქალს, პირიქით, საქმროს ოჯახმა. ქორწინების ტრადიციას ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეთი, ლოგიკურად აუხსნელი დეტალი ახლავს.
დღეს დიდწილად გადავარდა ან ძველებური მასშტაბის აღარ არის მზითვის ტრადიციაც. ქალისთვის მეუღლის ოჯახში გასატანებელი საყოფაცხოვრებო ნივთების ვრცელი და დეტალური ჩამონათვალის ამსახველი ათულობით ე. წ. "მზითვის წიგნია" ჩვენამდე შემორჩენილი. ზოგიერთ მათგანში საგულისხმოდ მრავალფეროვანია როგორც ქალის პირადი და სულიერი სარგებლობისთვის საჭირო ატრიბუტების, ისე საერთო საოჯახო სარგებლობისთვის აუცილებელი ნივთების ჩამონათვლი.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში საქორწილო სუფრას იხდიდნენ, ძირითადად, რამდენიმე ასეული სტუმრის მონაწილეობით. ბოლო წლების განმავლობაში ეს ციფრი საგრძნობლად შემცირდა და შესაბამისად, ქორწილის ადგილმაც საგანგებოდ მოწყობილი სეფებისა და ტენტების (ხშირად მათ მოსაწყობად იკეტებოდა ქუჩები, გზატკეცილები, იჭრებოდა ხეები...) გადაინაცვლა სახლებსა ან რესტორნებში. პანდემიური რეალობიდან გამომდინარე, გასტრონომიული შეკრებების მასშტაბი, საშუალოდ, 3 ათეული ადამიანით შემოიფარგლა. თუმცა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც დემონსტრაციული იერის (ძირითადად, საქორწილო სამოსი და ზედმეტი პომპეზურობა) გარეშე მაინც ახერხებენ 100-მდე ადამიანის შეკრებას.
ქორწინების საკითხში დღეს ყველაზე მწვავედ დგას ერთნაირსქესიანთა კავშირის სამართლებრივი ლეგალიზაციის პრობლემა.
ქორწინების შინაგან ბუნებაზე, როგორც ორი ადამიანის ინტერპერსონალურ ურთიერთობაზე, საუბარი არც ერთ კულტურაში არ არის კორექტული – ცხადი ერთი რამაა მხოლოდ: სადაც მთავარია შინაგანი და დაფარული, იქ მეორეხარისხოვანს, ფორმალურს დიდი მასშტაბი არა აქვს და იქ ქორწილი არასოდეს აღემატება სიყვარულს!
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ქორწილი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.