ხდება ხოლმე, როცა მეგობრები ერთად დროს ვატარებთ და დიდი ხანია ჩვენს ცხოვრებაში საინტერესო არაფერი მომხდარა, ვამბობთ: "კარგი იქნებოდა ახლა, ვინმეს ქორწილში ყოფნა". ქორწილი სომხეთში ერთი დიდი ქეიფი და დღესასწაულია. სომხები ახალი ოჯახის შექმნას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ყველაფერი ქორწილით იწყება, რომელიც ოჯახის ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად ძალიან მხიარულად და მდიდრულად უნდა ჩატარდეს. ძველ დროში პატარძლის კაბა წითელი და მწვანე ქსოვილით იკერებოდა და ოქროს ლენტით იწყობოდა.
სიძე და პატარძალი ერთი დღით მეფე და დედოფალი ხდებოდნენ, ამიტომ ისინი იდეალურად ჩაცმულები უნდა ყოფილიყვნენ. სამოსი საუკეთესო ქსოვილებისგან უნდა დამზადებულიყო, სამკაულები კი ოქროსი ან ვერცხლის ყოფილიყო, იმის მიუხედავად, თუ ოჯახს რა სოციალური სტატუსი ჰქონდა.
ბევრი ძველი ტრადიცია არ შემონახულა, მაგრამ ზოგიერთი დღესაც აქტუალურია. მაგალითად, როდესაც პატარძალთან მოდიან, ნათესავებიდან ყველაზე მოხერხებული და როგორც წესი, ასეთი ძმა აღმოჩნდება ხოლმე, დედოფალს ფეხსაცმელს პარავს. ქორწილი რომ არ ჩაიშალოს, სიძე ან ნათლია "ქურდს" ფეხსაცმლის სანაცვლოდ ფულს სთავაზობს. "გამოსყიდვის" ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში ნარჩუნდებოდა. პატარძლის ძმა სახლის შესასვლელს ხმლით კეტავდა, მანამდე არ უშვებდა მისულებს, სანამ სიძე, მისი მამა ან ნათლია გამოსასყიდს არ გადაიხდიდა. საქორწილო ზეიმი დილიდან დაღამებამდე გრძელდებოდა. პატარძალთან საჩუქრებით მოდიოდნენ და ამავე დროს, უმღეროდნენ. პატარძლის ოჯახი თავშეკავებული უნდა ყოფილიყო და სიხარული ისე არ გამოეხატა, როგორც სიძისას. ასეთი დამოკიდებულება დღემდეა შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, პანდემიის გამო სომხებისთვის ქორწილების, მსგავსი დიდი ზეიმისა და დღესასწაულების გაუქმება დიდ სტრესს უკავშირდება.
პირველ შემთხვევაში კოვიდმა ნიშნობიდან იფეთქა. იტალიიდან დაბრუნებულმა სიდედრმა საჩუქრებთან ერთად საშიში ვირუსიც ჩამოიტანა. ამ ქალს უყურადღებობისა და გულგრილობისთვის ყველა განიკითხავდა. სწორედ იმ დროს წვეულებების მომწყობი ორგანიზაციის საქმიანობა არაეთიკურად და არაგონივრულად ითვლებოდა.
ადამიანებს ერთი თვისება აქვთ, დროსთან ერთად შიშს კარგავენ, თუ დისკომფორტს გრძნობენ. აი, ამიტომ ბოლო დროს გამართული ქორწილებიც დიდი მასშტაბით გამოირჩეოდა, მიუხედევად იმისა, რომ ჩუმად მართავდნენ. მაღალი თანამდებობის სამხედრო პირი სამსახურიდანაც კი გაათავისუფლეს, როდესაც მისი ქორწილის ფოტოებმა მთელი ინტერნეტი მოიცვა. დღეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი, სომხები თვლიან, რომ დროა ძველებურად მასშტაბურ და მდიდრულ ქორწილებს დაუბრუნდნენ, მათ არ შეუძლიათ, ახალი ოჯახის შექმნა არ აღნიშნონ, როგორც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. ვიმედოვნებ, რომ ვაქცინაცია და სავალდებული რეგულარული ტესტები კოვიდის რისკებს შეამცირებს.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ქორწილი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.