ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოგონება სოფლის ლამაზი, აფხაზური ქორწილებია.
ვაღიარებ, რომ მიპატიჟებაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო, მხოლოდ იმიტომ არა, რომ უარი გაანაწყენებდათ, არამედ იმიტომაც, რომ სხვაგან ამდენს და ასე გემრიელად ვერ შეჭამდით, ომისშემდგომი შიმშილის წლები ის-ის იყო იწურებოდა.
იმ წლებში, ორი საუკუნის მიჯნაზე, ნამდვილი ქორწილი იმართებოდა - მკაცრ მშობლებსა და განსაკუთრებით მკაცრ ძმებს შეეძლოთ, ქალიშვილებისა და დების არჩევანში ჩარეულიყვნენ. პატარძლის მოტაცება ახალგაზრდების მხრიდან სერიოზული ნაბიჯი იყო, რომელსაც გოგოს შეიარაღებული ნათესავების ვიზიტი და მძიმე საუბარი საუბარი მოჰყვებოდა. შემდეგ უკვე ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ საქმე როგორ წავიდოდა, დამეგობრდებოდნენ, თუ გაუცხოვდებოდნენ და საქორწილო სუფრა პატარძლის ნათესავების გარეშე ჩაივლიდა.
ამიტომ ქორწილი მხოლოდ სუფრა არ იყო, ეს იყო სოციალური პროცესი, რომლის ცენტრშიც დრამა იდგმებოდა, სადაც ახალი ოჯახი იბადებოდა. ეს ყველაფერი აქტიურად განიხილებოდა, მიპატიჟებულები მნიშვნელოვანი საქმის მონაწილეები და მოწმეები ხდებოდნენ.
20 წლის წინანდელი სოფლის ქორწილი და თანამედროვე ქალაქური ქორწილი აფხაზეთში აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. დღეს ქორწილებში აღარ დავდივარ, მხოლოდ იმიტომ არა, რომ აფხაზეთში იშვიათად ვარ, თუ მეპატიჟებიან, მინდა ხოლმე წასვლა, მაგრამ არა ქორწილში.
ქორწილი თითქმის, ყოველთვის პროვინციული წვეულებაა ხმაურიანი მუსიკით, მთვრალი ადამიანებით, სიამაყის ზეიმით. ეს არის მოვლენა, რომელიც ფუფუნებით იზომება.
სოფლის ქორწილი სოციალური პროცესი იყო იმითაც, რომ ყველაფერს რასაც სუფრაზე ხედავდით, დამსწრეების მიერ იყო მოყვანილი, ნათესავების, მეზობლებისა და თანასოფლელების მიერ. არაფერს ვამბობ ნატურალური პროდუქტების ხარისხზე, სახლში დამზადებულ სასმელზე. აფასებდნენ ნამცხვრების ცხობის ტექნიკას, ხორცის მომზადების ტექნოლოგიასა და სერვირებას.
აფხაზეთის ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სოფლის ქორწილში მოხვედრა სასიხარულო მოვლენა იყო და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, შეირაღებული კონფლიქტის დროს გუდაუთისა და ზემო ოჩამჩირის სოფლები ისე არ დაზარალდნენ, როგორც სანაპიროსთან ახლოს მდებარე, სახლები მოვლილი იყო, მეურნეობა გამართული, სოფლის ქუჩებში მანქანები მოძრაობდნენ.
დღეს ყველაფერი სხვაგვარდაა, გუდაუთის სოფლები უმეტესად პენსიონერებით არის სავსე - ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები ქალაქებში გადავიდნენ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სახელმწიფო სოფლების განვითარებაზე არ ზრუნავდა და 1999 წელს თუ შევადარებთ, ცოტა რამ შეიცვალა.
ქორწილებს სოფლებში უკვე ნაკლებად იხდიან, მოდური აღარ არის. სოფელში ჩემი ბოლო სტუმრობისას, ყველსა და სხვა პროდუქტებს ქალაქში ვყიდულობდით. აფხაზურ სოფელში უკვე 3 წელია არ ვყოფილვარ, მაგრამ მეეჭვება რამე მკვეთრად შეცვლილიყო.
ჩვენი ახალგაზრდობის დროს არარეალურად მრავალრიცხოვანი (1500-2000-კაციანი) ქორწილების შესახებ მუდმივად დადიოდა ხმები. სოფელში 300-400-კაციან ქორწილს იხდიდნენ, ესეც არ იყო ცოტა, მაგრამ 1000 კაცზე ბევრად ნაკლებია. მოწვეული სტუმრების უახლოესი წრე და ოჯახის ნაცნობები ჩამოდიოდნენ.
ბოლო წლებში ქორწილი ფულის შეგროვების ინსტრუმენტად იქცა, ეს ერთგვარად დახარჯული თანხის ანაზღაურების მცდელობაა. ამავე დროს, ადამიანებს შორის ურთიერთობა მცირდება, ამბობენ, რომ ისეთი ქორწილები, სადაც ბევრ უცხო ადამიანსაც შეხვდებოდით, შემცირდა.
როდესაც პანდემია დაიწყო, აღმოჩნდა, რომ თეატრების დაკეტვა უფრო მარტივი იყო, ვიდრე თავყრილობების შეზღუდვა, რის შედეგადაც დაავადება მარტივად ვრცელდებოდა და ადამიანები იღუპებოდნენ. ჯერჯერობით, აღნიშნული პრობლემა ისევ მოუგვარებელია.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ქორწილი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.