გალაკტიონ ტაბიძეს აფხაზეთი გამორჩეულად უყვარდა და ლექსებსაც უძღვნიდა. იგი ამ მხარეს ხშირად სტუმრობდა. ახლობლები იგონებენ, რომ მას ფანჯრიდან ზღვისა და ჩამავალი მზის ყურება მოსწონდა.
სოხუმის ქალაქის საბჭოს თხოვნით მიმართა: ,,მუშაობის პირობების გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის აღდგენის მიზნით მაქვს სურვილი დავსახლდე ქალაქ სოხუმში" და სახლის აშენების ნებართვა ითხოვა. პასუხად ქალაქის საბჭომ გამოუყო ნაკვეთი ჩერნიავსკის მთაზე, სადაც 1949-1958 წლებში პოეტი სახლს აშენებდა.
გალაკტიონის უბის წიგნაკში ვკითხულობთ: ,,სახლი უნდა იყოს ორსართულიანი ქართული სტილის, რაც შეიძლება მაღალი. იდეა მიქელანჯელოსი - სიმაღლის იდეა". აფხაზეთის საზოგადოება მის შემოქმედებას დიდ პატივს სცემდა. სოხუმში გალაკტიონისადმი მიძღვნილი საღამოები ტარდებოდა, მის ლექსებს საჯაროდ კითხულობდნენ.
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გალაკტიონ ტაბიძის არქივში დაცულია საინტერესო ფოტომასალა, რომელიც პოეტის აფხაზეთში ყოფნის პერიოდს ასახავს. ყველაზე ადრეულია 1927 წლის 27 მარტით დათარიღებული ფოტო, რომელზეც გალაკტიონი სოხუმის დრამატული წრის წევრებსა და ცნობილ მსახიობ და პედაგოგ ელო ანდრონიკაშვილთან ერთად არის გადაღებული. ამ წელს, 2 აპრილს, სოხუმში გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. აქვეა დაცული აფხაზ მწერლებთან ერთად გადაღებული ფოტოები: დიმიტრი გულუასთან, ხუხუტი ბღაჟბასთან, ბაგრატ შინკუბასთან, ასევე, აფხაზეთის მასწავლებლებთან, მეცნიერებთან და სხვა.