წინასაახალწლო ქაოსის დროს, ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვნი დღესასწაული გვავიწყდება - შობა. სომხები შობას 6 იანვარს აღნიშნავენ. სომხური სამოციქულო ეკლესია შობის წინა დღეს 5 იანვარს აღნიშნავს. ტაძრებში, მათ შორის, ეჩმიაძინში "ჩრაგალუიცის" (ლამპრების ანთება) ლიტურგია აღევლინება.
"ჩრაგალუიცი" სომხურად ლამპრების, სანთლების ანთებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ადამიანებს საღამოს ანთებული ლამპრები და სანთლები სახლებში მიაქვთ, რომლებიც განასახიერებს ღვთაბერივ ნათებას, ღვთის კურთხევას, ბეთლემის ვარსკვლავის ნათებას, რომელმაც მოგვებს ჩვილი იესოსკენ მიმავალი გზა აჩვენა.
ჩემი ოჯახი შობას ყოველთვის სახლში აღნიშნავს. საახალწლო დღესასწაულებზე სადაც არ უნდა მოვხვდეთ, 5 იანვრის საღამოს შეხვედრის ადგილი ერთი და იგივეა. ვფიქრობ, სადღესასწაულო აურზაურის შემდეგ საშობაო ცეცხლით სახლს სიმშვიდე და სიწყნარე უბრუნდება. ამ დღეს დედა რამდენიმე კერძს ამზადებს - ტკბილ ფლავს ბრინჯით, გარგრის ჩირითა და ქიშმიშით, მწვანილებით შეზავებულ თევზს, დესერტად კი ქადებს. საშობაო სუფრაზე წითელი ღვინო აუცილებელია. ჩვენი საშობაო ღამე ყოველ წელს ერთნაირია - თბილი ოჯახური გარემო სანთლის გარშემო. ამ დღეს ჩვენი ცხოვრება ოჯახურ ფოტოებს ჰგავს, რომლებიც სადღესასწაულო ბარათებზე ხშირად გვხვდება, მხოლოდ ერთი განსხვავებით, წლებთან ერთად ფოტოებზე ადამიანების რაოდენობა იმატებს, ან იკლებს. ჩვენ უკვე ბავშვები გვყავს. ისინი ფოტოებს ალამაზებენ, მაგრამ ცარიელი ადგილიც არის - მამაჩემის ადგილი.
მომდევნო დღეს, 6 იანვარს, საშობაო ლიტურგია დილიდან აღევლინება. შემდეგ უკვე ნათლისღების დღესასწაულს წყლის კურთხევის ცერემონიალით აღნიშნავენ. ღვთისმსახურების შემდეგ მცირეოდენი ნაკურთხი წყალი სახლებში მოგვაქვს. წყალი ავადმყოფთა სამკურნალო საშუალებად ითვლება, რამდენადაც ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებებს ფლობს. შობას ყოველწლიურად ერთნაირად აღვნიშნავთ, შობის ლოცვებიც კი არ იცვლება, თითოეული ჩვენგანი გულში მხოლოდ ერთ რამეზე ლოცულობს - მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა შობა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.