ყველაზე მისტიკური ღამე
06 იანვარი, 2022
ყველაზე მისტიკური ღამე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ამ დროს სამყარო თითქოს კარგავს თავის ასტრალურ ბუნებას და არაკანონზომიერად უხრის ქედს ყველაზე დიდ ნათელს! იმ ღამეს ბნელს ნათელი სძალავს! შობის წინა ღამე ბოლო ბნელი ღამეა! ამიტომაც, "ალქაჯებიანი" წინადღამეების შემდეგ, დგება ნათელი, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია!
მართალია, დღეს ბევრს დავობენ ფორმალურ თემაზე – მაცხოვრის შობის დროზე, მის დაზუსტებაზე, ასტრალურ-ქრონოსულ ცვლილებებზე, ზუსტ მათემატიკურ დაანგარიშებებზე... ეს თეოლოგებისა და სხვა მეცნიერების სერიოზული კვლევის თემაა... თუმცა, დიდი და ფართო გადასახედით, მაინც ფორმალური – ყველაზე მთავარი ხომ ისაა, იმ ცივ და უკუნეთ ღამეში ვინც დაიბადა და ვის დაბადებასაც სკრუპულოზური სამეცნიერო დასკვნების გარეშეც ვგრძნობთ ადამიანები!

კარგა ხანია, დადგა შობის დღესასწაულის ენერგეტიკა და სიხარული! ვერ ვიტყოდით, რომ სხვადასხვა კულტურაში შობის რიტუალურ და ადათურ ფორმებში რადიკალური სხვაობაა, არა – თითქმის ყველა ქვეყნის ტრადიცია იწყნარებს ამ დღეს წმინდა ნიკოლოზისა და ბასილი დიდის ატრიბუტებს, ნაძვის ხეს, გირლანდებს, დარიჩინისა და ნუშის სურნელებას, ცხელი, ტკბილი ღვინის მსუბუქად გამაბრუებელ ეფექტს... ამ საერთოს გარდა, ყველა კულტურას დამატებითი კომპონენტებიც შეაქვს ამ დღესასწაულის აღნიშვნაში. ამის დასტურია ქართული ჩიჩილაკი, გურული ღვეზელი, გოზინაყი, ინდაური და არაერთი რამ და კიდევ ერთი მთავარი – ფანჯრებთან დანთებული დიდი კელაპტრები, საკუთარი სივრცის მომლოგინე ღვთისმშობლისთვის დათმობის დიდი სურვილით აღსავსე გულით!

შობის ოჯახთან ერთად, შინ შეხვედრა კიდევ ერთი ძველი და მყუდრო ტრადიციაა.

იმ ღამეს ყველა ოჯახიდან, ყველა რაკურსიდან, ყველა პროექციიდან ჩანს ბეთლემის ცაზე ამობრწყინებული შობის ვარკვლავი და არ მოხდება, რომ თუნდაც, ერთ ადამიანს, თუნდაც, ერთს, ან მისკენ მიმავალი გზა აერიოს, ან ბაგაში მისატანი ნებისმიერი ძღვენის ზიდვა გაუჭირდეს! ეს ძალისხმევა სინამდვილეში იმისთვისაა, რომ რაც ყველაზე სუფთა და ალალი გაგვაჩნია, იმ მოუხეშავ ბაგაში დავუგოთ ყმას, რომელიც პირადად შენთვის და პირადად ჩემთვის იბადება!

ირგვლივ შობის ბედნიერი ენერგეტიკაა!

წინ შენი და ჩემი სასწაულის ახდენის სიხარულია!




ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა შობა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary