ფილმის ჩემგან რეკომენდება არც ისე გამართლებული ამბავია, მით უმეტეს, როცა კინომანი ვარ და არა ამ საქმის სპეციალისტი. მე ყველაფრის ყურება მიყვარს, მარველის ფილმებიდან დაწყებული მძიმე საფესტივალო კინოთი და მულტფილმებით დამთავრებული. დიდხანს ვფიქრობდი, რომელი ფილმი მერჩია მკითხველისთვის, ცნობილ კინოკრიტიკოსთა მოსაზრებებიც წავიკითხე, სტატიები "ყველა დროის საუკეთესო ფილმებიც" მოვძებნე. ძალიან დიდი არჩევანია და მხოლოდ ერთი უნდა გირჩიოთ. იმ დროს, როცა ჩვენ ყველას გვჭირდება სუპერ გმირები ან უბრალოდ გმირები, "ბეტმენი" ძალიან აქტუალურია... მაგრამ ამას ისედაც უყურებთ, მე თქვენ ფილმს ანტიგმირის შესახებ გირჩევთ, ეს "ჯოკერია".
ფილმი "ჯოკერი" ამერიკული ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც 80-იანი წლების გოთემში ანტიგმირის გამოჩენის შესახებ გვიყვება. ქალაქში მის სისასტიკეს ბევრი ადამიანი შეეწირა. ფილმის პრემიერა 2019 წელს შედგა. კრიტიკოსების ვერა, მაგრამ მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა და მსოფლიოს მასშტაბით მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, 2019 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიაზე "ჯოკერი" 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის, მაგრამ გამარჯვება მხოლოდ ჰოაკინ ფენიქსმა მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მოიპოვა და ასევე, ფილმს ოსკარი საუკეთესო მუსიკისთვის გადაეცა.
რატომ ეს ფილმი? პირდაპირ დავწერ, რომ თითოეულ ჩვენგანზეა. ჩვენს ცხოვრებაზეა, ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებსაც ვიცნობთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ, არ ვიმჩნევთ... ჩაგვრა ყველგანაა, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე სოციალურ ქსელებში... რა ვიცით ერთმანეთის შესახებ? არც არაფერი, მაგრამ ისე გვიყვარს ერთმანეთის კრიტიკა, დაცინვა... აი, საზოგადოებისგან გარიყული არტურ ფლეკის ამბავი ყველამ გულთან ახლოს რატომ მიიტანა... ვინ არის ის? მასხარა, კომიკოსი, ტანჯული კაცი თუ მკვლელი? ჩემი აზრით, ყველა როლს ითავსებს. მინდა გითხრათ, რომ ფილმი სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის არაა, განსაკუთრებით ოჯახური კინოსეანსისთვის. შეუძლებელია, ამ ფილმს დივანზე მჯდომმა ხელში პოპკორნითა და სასმელით ხელში უყუროთ.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ფილმები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.