მძიმე საახალწლო დღეების შემდეგ სომხები უპირატესობას ტანაპურს ("მხსნელს") ანიჭებენ, ამის მიზეზი კი კერძის მსუბუქი კონსისტენციაა. სომხურად აპური წვნიანს ნიშნავს, ხოლო ტანს მაწუნის ფერმენტირებულ ფუძეს უწოდებენ. სომხურ სამზარეულოში მაწუნი უნივერსალური პროდუქტია.
სომხური ტანაპური სხვა წვნიანებისგან განსხვავებული კონსისტენციით გამოირჩევა, მასში ბევრი სითხეა, სხვა წვნიანები კი უფრო სქელია, ზოგჯერ ხორცის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის რაგუს ჰგავს. სომხეთის ყველა კუთხეში უყვართ საკუთარი ტანაპური, განსხვავება ძირითადად, სუნელებშია. ამ კერძს სიყვარულში, საფრანგეთის ელჩი სომხეთში, ჟან ფრანსუა შარპანტიეც გამოუტყდა.
გადმოცემით, ყარსის რეგიონში, სომხურ ოჯახს რუსმა კაზაკებმა დახმარება სთხოვეს. მათ ძალიან შიოდათ და გაყინულებიც იყვნენ. ზამთრობით ამ მთიან ადგილას შეიძლება -30 გრადუსიც ყოფილიყო. სტუმართმოყვარეობის წესების თანახმად მასპინძელმა სტუმრებს ცხელი წვნიანიც შესთავაზა. კაზაკებმა კერძის ჭამისას სახლის მეპატრონეს რამდენჯერმე გაუმეორეს: „შენ გვიხსენი, უბრალოდ, გვიხსენი, ძმაო“. მას შემდეგ ტრადიციულ სომხურ წვნიანს კიდევ ერთი სახელი «მხსნელი» გაუჩნდა. ტანაპურს ადრე სომხები თუჯის ქვაბში, ღუმელში ხარშავდნენ, რომელიც გამოთხრილ ორმოში იყო და „ტონირი“ ერქვა. ძველად მსგავსი ღუმელი თითოეული სომეხი გლეხის სახლში იყო. ღუმელში ყველასთვის ცნობილ სომხურ ლავაშსაც აცხობენ, რომელსაც ტანაპურთან ერთად მიირთმევენ.
დღეს, ძალიან ბევრი საშუალებაა ცივ ამინდში გასათბობად და შეიძლება, ტანაპურმა ვერც გადაგარჩინოთ, მაგრამ ეს საოცარი წვნიანი სომხური სამზრეულოდან დიდხანს გემახსოვრებათ.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ტრადიციული კერძები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.