საქართველოში წვნიანებს, უფრო სწორად, შეჭამანდებს უფრო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ამზადებდნენ. განსაკუთრებით საინტერესოა ნედლი თუ გამომშრალი ხილისგან მომზადებული წვნიანი კერძები, მაგალითად, ალუბლისა და შინდის კერკის შეჭამანდი, ასევე, სხვადასხვაგვარი ფხალისგან მომზადებული ცხელი, გემრიელი, მაწიერი სადილი. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს რძის პროდუქტების წვნიანები, მაწვნის შეჭამანდი, თავისი მესხური ნაირსახეობით, თუთმაჯით, ყველის წვნიანი, რომელიც ორგვარად მზადდება, როგორც სპეციალურად გამომშრალი, ისე ახალი, ჭყინტი ყველით.
აღმოსავლეთ საქართველოს კუთვნილებაა ღოლოს შეჭამანდი, ასევე, ნივრის თუ პურის ხარჩო. ეს ორივე კერძი უფრო ღარიბ ოჯახებში მზადდებოდა, "უღონობის ღონის კერძია", როგორც ერთი ზეპირი მთქმელი ამბობს.
ხილისგან მომზადებული წვნიანები თანამედროვე გასტრონომიისთვის ძალიან აქტუალურია, ამ მხრივ, ქართული კულინარიული გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. ქართული დიალექტური კორპუსის ზეპირი მთქმელები ბევრი კერძის მომზადების საიდუმლოს გვიზიარებენ.
"ალუბლის, ღოღნაშოს, კრინჩხის, ჭანჭურის შეჭამანდი. ხილს მოვხარშავთ, მერმედ გავხეხავთ საწურში. გასახეხს თუშფალანგს ვეტყვით. თუშფალანგში გადის წვენიც და თითონ ხორციც, კურკა კი რჩება. გასახეხს თავის წვნიან-ხორციანათ მოუკიდებთ საფანელს – ფქვილი გახსნილი ცოტა წყალში. დანაყულ ნიგოზით, მწვანილით და ნიორით შევკმაზავთ. უზავთ მარილს და მივართმევთ, უხდება შაქრის შერევა." - მოგვითხრობს ზეპირი მთქმელი.
თბილისის ახლომახლო ტყეებში, შემოდგომობით ველური ქლიავი მწიფს, სწორედ იქ დაკრეფილი უგემრიელესი, ტკბილ-მჟავე ნაყოფით მოვამზადე ცხელი, მაწიერი, ცოცხალი გემოთი გაჯერებული წვნიანი. რეცეპტი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ზეპირი მთქმელი გვასწავლის, ერთადერთი, უფრო მეტი პიტნა და ბაზილიკი დავუმატე, წითელი დოლის ფქვილისგან პურის ჩხირები გამოვაცხვე სეზამითა და ნივრით და იმავე ხილის ცივ-ცივი კომპოტიც დავუმეგობრე, შეგიძლიათ, წვნიანში ცოტაოდენი ნაღებიც გაურიოთ. ძალიან გემრიელია, დაელოდეთ სეზონს და თქვენც სცადეთ.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ტრადიციული კერძები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.