ამას წინათ, ძველი ქართული ლიტერატურის ერთი ტექსტის კითხვისას ვფიქრობდი, ნეტავ იმ დროის ახალგაზრდები როგორი სინტაქსით, როგორი ლექსიკით, რა თემებზე საუბრობდნენ-მეთქი, აი, მაგალითად, რა სადარდებელი, საფიქრალი, სალაპარაკო, გასაპროტესტებელი ჰქონდათ დედოფალ შუშანიკის შვილებს. ენა, რომლითაც ეს დიდებული ტექსტია დაწერილი, მაინც ლიტერატურული ენაა, ნეტავ როგორი იყო ცოცხალი მეტყველება?
დღეს ენა ჩვენ თვალწინ ცხოვრობს და კიდევ ერთი განზომილება შეიძინა - თვალსაჩინო გახდა, ხელშესახები, პოსტებისა და კომენტარების ფორმა აქვს, რაც ენათმეცნიერების წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს. განსაკუთრებით საინტერესოა ენა, რომლითაც ახალგაზრდები მეტყველებენ. არ იფიქროთ, იმ პურისტების რიგს მივეკუთვნები, ვინც ახალგაზრდებს ენის ხელყოფაში ადანაშაულებენ, პირიქით, მგონია, რომ ენა მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, მხოლოდ მაშინ აქვს ხანგრძლივი არსებობის გარანტია, როდესაც ის მოქნილია, ყველა სიტუაციისათვის შესაფერისია, როდესაც მას ახალი თაობა მოირგებს.
სოციალურმა ქსელებმა, პირველ რიგში, ენის ეს ფორმა, მისი აწმყო გახადა თვალსაჩინო, ყველა გავლენა, ნასესხობა, ახალი ფორმა თუ ახალი შინაარსი, ყველა კონტექსტი თუ ემოცია, რომელიც ქართული ენის ინტერნერგანზომილებაში გვხვდება, ყველაზე კარგად გვანახებს, რა შეცვალა სოციალურმა ქსელმა ჩვენს სოციალურ ქცევასა და ამ ქცევის ენობრივ გამოხატვაში, მეტყველებასა თუ ტექსტში.
სოციალური ქსელების კომუნიკაცია სადღაც ენასა და მეტყველებას შორისაა, მეტყველებას სპონტანურობით ჰგავს, ენას - ფიქსირებული, მატერიალური არსებობით, ერთგვარი ხიდია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. სოციალური ქსელი ალტერნატიული ცხოვრების ადგილი გახდა, რაღაც არარსებული, არამატერიალური, პარალელური სივრცე, სადაც, ერთ მშვენიერ პანდემიურ დღეს, საერთოდაც, გადასახლდა კაცობრიობა.
ის, რომ აზრის გამოთქმის მარტივი საშუალება გვაქვს და რასაც ადრე პროკლამაციების, იატაქვეშა ორგანიზაციების, პროტესტისა და კარგად დაგეგმილი შეთქმულება-აჯაყებებით ვახერხებდით, დღეს მარტივად - პოსტითა და კომენტარით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, ერთი მხრივ, აადვილებს ცხოვრებას, მეორე მხრივ - ართულებს, თითქოს პასუხისმგებლობებს გვიმარტივებს, რაც, ყველაზე მეტად საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის, ახალგაზრდების ქცევის ფორმით შეიძლება დავასკვნათ.
აბა, დააკვირდით? რამე არ მომეწონა - პოსტი დავწერე, გავაპროტესტე და თითქოს მოვალეობა მოვიხადე. ვინმეს დასახმარებელი ტექსტია? შეიძლება ფულიც არ გადავრიცხო, უბრალოდ გავაზიარო. დიდი ხანია მეგობარი არ მომიკითხავს? დაბადების დღის მოლოცვას დავუტოვებ კედელზე, მეტიც, სოციალური ქსელით მისამძიმრება სევდიანი ეტიკეტის აუცილებელი ნაწილიც გახდა.
ყველაზე მეტად მაინტერესებს, აწი სად წავა ეს სოციალური ცხოვრება? რა იქნება ხვალ, როდესაც ეს თაობა გაიზრდება და შობს ახალ თაობას, როგორი იქნება იმ თაობის სამეტყველო სივრცე?
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სოციალური ქსელები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.