გერმანელი მოგზაური იულიუს კლაპროტი თავის წიგნში "მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში 1807 და 1808 წლებში" წერს: "ოსი ქალები არ ერიდებიან კაცებს, არამედ ორივე სქესი თავისუფლად ურთიერთობს… თაგაურის მხარის ქალები... თავის სილამაზით და მოხდენილი (წერწეტი) აღნაგობით თანამემამულე ქალთაგან გამოირჩევიან. ისინი ჰგვანან ქართველ ქალებს".
ოსი ქალები მკიდნენ, ზურგით ეზიდებოდნენ შეშას, ბევრი მათგანი ხნავდა და მინდორში მუშაობდა, სოფლის პროდუქტებს ყიდიდნენ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ვაჟიშვილის სრუწლოვანებამდე მემკვიდრეობა ცოლის განკარგულებაში გადადიოდა.
ოსების ჩაცმულობას ჩერქეზულს ამსგავსებდნენ. ქალები ატარებდნენ წინ ჩაჭრილ კოჭებამდე სიგრძის კაბას, რომელსაც გრძელი და განიერი, ზოგჯერ ვიწრო სწორი სახელოები ჰქონდა. კაბის შიგნით ეცვათ განსხვავებული ფერის ქვედაბოლო. წელზე შემორტყმული ჰქონდათ ნაქარგი ქამარი. დაბალი სოციალური ფენის ქალები ქამრის ქვეშ წინსაფარს იკეთებდნენ. ახალგაზრდა ქალები მრგვალ ხავერდის ქუდებს ატარებდნენ, ასაკოვნები კი – მატყლით დაჩითულ და ტილოში შემოკრულ მაღალ ჩაჩს. ქუდსა და ჩაჩზე ზევიდან კი მსუბუქ მოსახვევს იხვევდნენ. მაღალი ფენის ქალბატონების სამოსი მორთული იყო ნაქარგობით.
იხილეთ ფოტოგალერეა
მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ფოტომასალა განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში", ბმული: http://dspace.nplg.gov.ge/).