მესამეკლასელების გაკვეთილზე ვართ. ბავშვები "მე და საზოგადოებას" სწავლობენ. მაშა მასწავლებელი დაფაზე დიდი ასოებით წერს სიტყვას "ტოლერანტობა", მერე კი ბავშვებს სთხოვს, ჩამოთვალონ სიტყვები, რომლებიც ამ თემასთან კავშირში აგონდებათ.
დაფის გვერდით "კლასის კონსტიტუციაა" მიმაგრებული და მასწავლებელი მას გაკვეთილის განმავლობაში "ურჩ" მესამეკლასელებს ახსენებს. ეს დოკუმენტი მაშა გვარამიამ და მისმა მოსწავლეებმა აზრების შეჯერებით, პირველივე გაკვეთილზე მიიღეს.
ახლა უკვე ახალგზარდა მასწავლებელი მაშა გვარამია რომ გავიცანი, ჟურნალისტიკაზე სწავლობდა, ბლოგს წერდა, სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. ჩანდა, რომ ჟურნალისტობა ის გზა იყო, რომელიც ძალიან გამიზნულად აირჩია და ამ მიმართულებას არ გადაუხვევდა. მაშას თუ როგორც ერთხელ დაწერა, "განათლებაში პორტირებულს" ვნახავდი, ნაკლებად წარმომედგინა. პირველადაც ზუსტად ეს ვკითხე, რამ წაიყვანა სკოლაში? აღმოჩნდა, რომ მასწავლებლობაზე "ეტალონისთვის" მასალების წერისას და "თავისუფალი ასოციაციის" პროექტზე მუშაობისას დაფიქრდა.
""ეტალონში" მუშაობის დროს განათლების სისტემის ძალიან ბევრი პრობლემა დავინახე. ამ დროს, 2018 წელს დავფიქრდი, მეც ხომ არ გავხდე მასწავლებელი და ვეცადო, შიგნიდან შევცვალო სკოლა,"- ჰყვება მაშა.
"მოქალაქეობის" გამოცდა 2019 წელს ჩააბარა. მიხვდა, რომ "ამ საგანს ახალგაზრდა ადამიანების ყურადღება სჭირდებოდა, რომლებიც მოსწავლეებს ბევრ რამეს დაანახებდნენ და ასწავლიდნენ თანამედროვე სამყაროს მაგალითებით და მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას არ მისცემდნენ".
საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. სკოლის "ჩაკეტილ წრეში" სამსახურის ძებნის ხანგრძლივი პროცესიც ამის შემდეგ დაიწყო.
გასაუბრება 30 ან 40 სკოლაში გაიარა, პარალელურად განათლების სამინისტროში, კოორდინატორად მუშაობდა. მაშა იხსენებს, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე მისი მეგობრებიც აღმოჩნდნენ.
ცოტა ხნის წინ სკოლა "თამარიონში" დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, მასწავლებლობა რთულია, განსაკუთრებით, ახლა, ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში, მაგრამ ცდილობს, თავი გაართვას, მისი მთავარი იარაღი კი უშუალობაა.
"მოსწავლეებს თავიდანვე დავანახე, რომ მასწავლებელიც მათნაირი ადამიანია - მათსავით უყურებს სპორტს, დადის აქციაზე, თეატრში, უყურებს ფილმებს, უსმენს მუსიკას. ერთხელ, "ჰარი პოტერის ჰუდი" მეცვა და ერთმა მოსწავლემ მკითხა, მას, თქვენ ჰარი პოტერი მართლა იცითო? ერთხელ "პატარა უფლისწულზე" ვყვებოდი და გაუკვირდათ, გაგიგიათო?" - გვეუბნება მაშა.
სკოლის დერეფანში ვდგავართ, პირბადიანი ბავშვები დარბიან, თამაშობენ და ყვირიან. კვირა დასრულდა და მაშაც დამსახურებული დასვენებისთვის სახლში ბრუნდება.