საბუთიანი ქალიშვილობა 175 ლარად
20 ივლისი, 2013
საბუთიანი ქალიშვილობა 175 ლარად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქალიშვილობის დადგენა ექსპერტიზის საშუალებით ქორწინებამდე ან მის შემდეგ უკვე ჩვეულ პროცედურად იქცა. ქალმა ქალწულობის დამადასტურებელი საბუთი მუდამ ჯიბით უნდა ატაროს? როგორ შეიძლება დადასტურდეს ქალწულობა და რა ფაქტორები ახლავს თან ამ პროცედურას? და მაინც, ვის აინტერესებს, შენ ქალიშვილი ხარ თუ არა?
,,ერთი შემთხვევა მახსოვს, საქმრომ გოგონა იმის დასადგენად ნამდვილად ქალწული იყო თუ არა, ჩვენთან ცოლად შერთვამდე მოიყვანა. პირადი განცხადებითაც მოგვმართავენ, იმ შემთხვევაში, როცა არ სურთ აღნიშნულის გახმაურება და სურვილი აქვთ, ვინმეს დაუმტკიცონ თავიანთი სიმართლე. არის შემთხვევები, როცა ქორწინების პირველი ღამის შემდეგ მამაკაცს ეჭვი ეპარება ქალის უბიწოებაში. მოდიან მარტონი, დედასთან ან ქმართან, ზოგჯერ დედამთილთან ერთადაც. ბევრ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარებისა და სიმართლის დადგენის შემდეგ წყვილი გახარებული, ბედნიერი წასულა" - ამბობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ეკა ჩავლეიშვილი. მისი თქმით, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე წყვილს შორის სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე უმეტესად არ მყარდება და ამდენად, ასეთი შემთხვევები არც თუ ისე ბევრია.

,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" ერთადერთია საქართველოში, სადაც ექსპერტიზის საშუალებით ქალიშვილობის დადგენაა შესაძლებელი. ეკა ჩავლეიშვილის თქმით, ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში მრავალი სახის ექსპერტიზა ტარდება. მათ შორის არის ექსპერტიზები, რომლებიც მოიცავს, როგორც გვამის სასამართლო-მედიკურ კვლევას, ასევე ცოცხალ პირებზე დაზიანების არსებობის, მიმყენებელი საგნის, ხანდაზმულობისა და სიმძიმის ხარისხის დადგენას, დაზიანების წარუხოცელობის დადგენას, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას სქესობრივი ხასიათის ქმედების შემთხვევაში, ასაკის, სქესობრივი სიმწიფისა და საეჭვო სქესობრივი მდგომარეობის, ორსულობის, შეუღლების, განაყოფიერების ან ჩასახვის უნარის დადგენას, ასევე ცოცხალი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა მიწვეული სპეციალისტების მონაწილებით. ,,ცოცხალ პირებზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების რიცხვი წლის განმავლობაში 10 000-ს აღემატება, მაგრამ ცალკე დადგენილი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მოდის ჩვენთან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად სქესობრივი ხასიათის ქმედების შემთხვევაში (მათ შორის ქალწულობის დადგენასთან დაკავშირებით) არ გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი არ არის მცირე და წლის განმავლობაში, დაახლოებით, 140-200-ს მაინც აღწევს. ასაკობრივი ზღვარი მერყეობს არასრულწლოვანი ასაკიდან დაახლოებით 35-40 წლამდე". ქალიშვილობის დადგენა კომისიური წესით, ვიზუალური დათვალიერებით ხდება, რომელსაც სამი გამოცდილი ექსპერტი ატარებს. როდესაც მომართვიანობა სამართალდამცავი ორგანოების ჩარევით ხდება, ექსპერტიზის ჩატარება უფასოა და ექსპერტის დასკვნა საშუალოდ 4-5 დღის ვადაში გაიცემა, ხოლო პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში ექსპერტიზის წარმოება ფასიანია და 175 ლარი ღირს, დაჩქარებული წესით პასუხის მიღებისთვის კი თანხა ორმაგდება.

არის თუ არა ქალისთვის მსგავსი ტესტის ჩატარება შეურაცხმყოფელი? არის თუ არა ეს მისთვის გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი? ,,მსგავსი მოპყრობა ქალებისადმი არ არის გასაკვირი, ჩვენ ვცხოვრობთ კულტურაში, სადაც მამაკაცის სექსუალობა ხილვადია, მისი სექსუალური ქცევა წახალისებული, ქალი კი უხილავ ობიექტად რჩება, რომლის სექსუალობაც მხოლოდ ქმართან მიმართებაში განისაზღვრება და რეპროდუქციის ფუნქციას ატარებს" - ამბობს გენდერის მკვლევარი ნათია გვიანიშვილი. მისი თქმით, უამრავი მითი არსებობს "ქალიშვილობასთან" დაკავშირებით. ,,თავისთავად, არავის აქვს უფლება ადამიანი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანოს რაიმე სახის ექსპერტიზაზე და ქალებს სრული უფლება აქვთ, ამაზე უარი თქვან, პოლიციას მიმართონ და ასე შემდეგ, ეს ხომ ძალადობის ერთ–ერთი ფორმაა. ასეთი ქმედებები სექსიზმის პირდაპირი გამოხატულებაა" - ამბობს გენდერის მკვლევარი და ფემინისტი ნათია გვიანიშვილი.

,,იმ შემთხვევაში, როცა კაცი ქალს სთხოვს ექსპერტიზის საშუალებით დაადატუროს მისი ქალწულობა, ეს გულისხობს უპირველეს ყოვლისა კაცის სექსუალური განათლების არქონას. ასევე გამოდის, რომ ეს კაცი არ არის გონებრივად ძლიერი, იმდენად ძლიერი, რომ მან შეიყვაროს პიროვნება და არა საქალწულე აპკი. მსგავსი ფაქტი ქალისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა" - ამბობს ფსიქოთერაპევტი ლარისა პარკაძე. ფსიქოთერაპევტი ხაზს უსვამს იმ უარყოფით ემოციებს, რომლებიც ამ დროს ქალში წარმოიშობა, კერძოდ, შეურაცხყოფა, ცხოვრების მეგზურისადმი უნდობლობა. ლარისა პარკაძის თქმით, ქალის ცნობიერებას მიღებული ტრავმა ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება და უმჯობესი იქნება, თუ ის ასეთ მამაკაცთან ურთიერთობას გაწყვეტს. თუ ქალი მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, ის უკვე ვეღარ შეითავსებს იმ როლს, რისი შესრულებაც უწევს: ვერ იქნება კარგი დედა, საყვარელი ქალი კაცისთვის, ვერ იქნება კარგი მეუღლე და დიასახლისი. ,,ის დაკარგავს თვითდაჯერებულობას. რაც შეეხება შთამომავლობას, მსგავსი სტრესის გადატანის შემდეგ შვილი ვეღარ იქნება ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე პიროვნება, ვერ იქნება თავისუფალი, ვერ შეძლებს საკუთარი აზრი მკვეთრად დააფიქსიროს. სწორედ ქალის ემოციებზეა დამყარებული მუცლად მყოფი ნაყოფის მომავალი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. 21-ე საუკუნეში ჩვენ უნდა დავაფასოთ პიროვნება".

ფსიქოთერაპევტი ასევე ასახელებს იმ მიზეზებსაც, რაც წარმოშობს შემდეგში მსგავს ფაქტებს: ,,პრობლემა რა არის აქ? ინფორმაციის არქონა არა მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებში, არამედ ბიჭებშიც. ქალები ქალიშვილობის შემოწმების ფაქტს იღებენ როგორც ჩვეულებრივ ამბავს. არ მუშაობენ საკუთარ თავზე, არ იციან, რა უნდათ, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, დაამცირეს, მისი ფსიქოლოგია დააზიანეს. 10 თუ 12 წლის წინ ფსიქოლოგები ვაპირებდით, რომ შეგვექმნა სახელმძღვანელო სექსუალური განათლებისთვის. ვაპირებდით, რომ ახალგაზრდებისთვის სწორი ფორმით მიგვეწოდებინა ინფორმაცია, მაგრამ სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო. საქართველოში ოჯახებს რომ დავაკვირდეთ, რა ჩანს გარედან? ჩანს, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება აქვთ, კარგი ცოლ-ქმარია, იცავენ ტარდიციებს, არიან რელიგიურები, თუმცა, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება მის შიგნით, რა სტრესშია ქალი. როცა ქალის სექსუალური ცხოვრება სტრესშია - ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ, ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა".

ნათია გვიანიშვილის თქმით, საქართველოში ქალის უფლებებს ორი არაფორმალური ფემინისტური ჯგუფი იცავს: ,,პარტიზანი გოგოები" (ანონიმურია და უფრო ვიზუალური კამპანიებით გამოთქვამს პროტესტს) და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ასეთი სტერეოტიპებისა და საჯარო მიზოგინიის წინააღმდეგ გამოდის. ქალთა ორგანიზაციები ნაკლებად არიან ჩართულები ამ საკითხებში. სამწუხაროდ, ქალის სავალდებულო მორჩილების შესახებ მითს საქართველოში ეკლესია აღვივებს. აქედანვე გამომდინარეობს ორმაგი სტანდარტები კაცისა და ქალის სექსუალობის შესახებ. კაცი "აქტიურ" ელემენტად მიიჩნევა, რომლისათვის შეუძლებელია და სირცხვილია, რომ ცხოვრებაში ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი არ ჰყავდეს, ქალისთვის, რომელიც "პასიურად" ითვლება, პირიქით სირცხვილია ქმრის გარდა ვინმეს გაეკაროს.

ნათია გვთავაზობს ასევე სიტუაციის გამოსწორების სავარაუდო გზებს: "ამ ყველაფერს წესით და რიგით უნდა უშველოს არსებული კანონმდებლობის აქტიურმა გამოყენებამ (რაც მეტი ქალი იჩივლებს, მით უკეთესი), განათლებამ (როგორც ბიჭებისა და გოგოებისთვის, ისე ქალებისა და კაცებისთვის) და ქალების ფინანსურმა დამოუკიდებლობამ".

საინტერესოა, ახალგაზრდების შეფასება აღნიშნულ საკითხზე. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად იყო ცნობილი მათთვის ინფორმაცია ექსპერტიზის საშუალებით ქალიშვილობის შემოწმების შესახებ და რამდენად მართებულად მიაჩნდათ მსგავსი ქცევის გამოვლინება.




ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჯგუფ "პარტიზან გოგოებს".
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary