"ქუთაისის მერიის გვერდით ნიგერიელი სტუდენტი სასტიკად სცემეს"
23 ივლისი, 2013
"ქუთაისის მერიის გვერდით ნიგერიელი სტუდენტი სასტიკად სცემეს" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
როგორც მთელს ქვეყანაში, ქუთაისშიც მრავლად შეინიშნება ნიგერიელი სტუდენტები. მათი გამოჩენა და სიმრავლე ქუთაისელებისთვის უცხო და ზოგისთვის მიუღებელიც აღმოჩნდა.
ორიოდე დღის წინ "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე დაწერა: "ქუთაისის მერიის გვერდით ნიგერიელი სტუდენტი სასტიკად სცემეს". მომხდარი ფაქტით დავინტერესდით და შევეცადეთ, დაგვედგინა, რა მიზეზით მოხდა ანგარიშსწორება სტუდენტის მიმართ. ჩვენთან საუბარში თვითმხილველი ლევან ჭანჭალეიშვილი აღნიშნავს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა ნიგერიელის მიმართ, კანის ფერის ხაზგასმით ადგილობრივმა მცხოვრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ნიგერიელის რეაქცია მოჰყვა.

მოვლენის მთავარი გმირი ტიმოთი იდაჰ აბაჰ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. მომხდარის შესახებ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა. ეს ფაქტი ჩვენი მეშვეობით შეიტყო სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ და ინგლისურენოვანი პროგრამის ,,სამკურნალო საქმის" კოორდინატორმა ირინე ფხაკაძემ. ის მეორე კოორდინატორის თამთა პერტაიას მეშვეობით შეეცადა ტიმოთისთან დაკავშირებას. ტიმოთიმ მათთან საუბრისას განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარებულია, თვითონვე განაცხადა პოლიციაში და საქმე გამოძიებულია.

ირინე ფხაკაძე აღნიშნავს, რომ დაუჯერებელი რამ მოხდა. "ერთი წლის სინამდვილე, რომელიც ამ სტუდენტებს ჩვენს ქალაქთან აკავშირებს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ასეთი ფაქტი პირველია. მსგავსი შემთხვევა აქამდე მათ სტუდენტებს არ შეჰქმნიათ, ვფიქრობდი, რომ ქართული საზოგადოება მზად იყო უცხოელებთან ურთიერთობისათვის. პროგრამის კოორდინატორები და საზღვარგარეთის ურთიერთობის დეპარტამენტი მაქსიმალურად ეხმარება ნიგერიელ სტუდენტებს ქალაქთან ადაპტაციაში და ყველა პრობლემის გადაჭრაში. ვიმედოვნებ, რომ მომხდარი ადგილობრივი პირის სიმთვრალით იყო გამოწვეული და აღარ განმეორდება".

დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ. მისი ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ქუთაისში წერეთლის გამზირზე მოქალაქემ ნიგერიელ სტუდენტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებულმა საპატრულო ეკიპაჟს მიმართა, რაზეც მის მიერ მითითებული პიროვნება ადგილზე შეაჩერეს. გამოიძახეს ქუთაისის საქალაქო პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულმა ღამე წინასწარი მოთავსების იზოლატორში გაათენა. მეორე დღეს სასამართლომ ასლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ქუთაისელი ახალგაზრდები მომხდარის შესახებ, ან როგორი დამოკიდებულება აქვთ, ზოგადად, განსხვავებული რასის ადამიანების მიმართ.

ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, "ქუთაისში სამასამდე ფერადკანიანი სტუდენტია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა კანის ფერის გამო ვინმეს ეჩხუბოს. ძალიან ცუდი ფაქტია, იმედია, სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე დადგებიან , რათა მსგავი რამ აღარ განმეორდეს".

მირანდა გაბუნია: "უცხო რასის ადამიანების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ნეგატიური არ არის. რაც შეეხება ნიგერიელის ცემის ფაქტს, გაუმართლებელია".

კახა გარდავა: "რასიზმი ჩემთვის მიუღებელია. კანის ფერის გამო უცხოელის ცემა არაეთიკურია. უარყოფითად აღინიშნება ქართველთა სტუმართმოყვარეობაზე".

ლაშა შეყილაძე: "სხვა რასის ადამიანებს შემწყნარებლურად ვუყურებ. ნიგერიელი სტუდენტის ცემას უარყოფითად შევაფასებ, ასეთი რამ ჩვენს ქალაქში არ უნდა მომხდარიყო და აღარ უნდა განმეორდეს".

ზეზვა სანიკიძე: "ნიგერიის მოქალაქის ცემას რასიზმად, არატოლერანტობად შევაფასებდი. თუმცა, ქუთაისი ტრადიციული ქალაქია. ამ ქალაქში ფერადკანიანი არატრადიციულთან ასოცირდება. ესაა მთავარი მიზეზი პრობლემებისა. ასე ვთქვათ, ფერადკანიანის მოსვლა ახალი კულტურის შემოსვლას ნიშნავს. მნიშვნელობა აქვს, როგორი ტოლერანტია კულტურა სხვა კულტურასთან. ქუთაისი კარჩაკეტილი ქალაქია, მომხდარი ამ მიზეზითაც გაუმართლებელია, თუმცა, გააჩნია, როგორ შეხედავს ადამიანი, ზოგისთვის მსგავსი ქმედება მისაღებია".
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary