გაუცხოება მუზეუმებსა და ახალგაზრდებს შორის
27 ივლისი, 2013
გაუცხოება მუზეუმებსა და ახალგაზრდებს შორის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"მუზეუმში? ხუთი წლის ასაკში ვიყავი ბოლოს და მერე არ ვყოფილვარ" - გვეუბნება 23 წლის ახალგაზრდა, რომელმაც კამერის დანახვის შემდეგ არც სახელი თქვა და არც გვარი, კომენტარის გაკეთებასაც საჯაროდ მოერიდა.


ყველა ერთხმად თანხმდება, რომ კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის გაუცხოებაა.




გია ბუღაძე აღნიშნავს, რომ გამოფენაზე გამოტანილი ექსპონატის გაგებისა და აღქმისთვის განათლებაა საჭირო. ,,ჩვენ გვაქვს ხელოვნება, გვყავს მხატვრები, მაგრამ არ გვყავს კულტურული თვალსაზრისით გემოვნებიანი დამთვალიერებელი. რა სიამოვნება შეიძლება მიიღო ჭამით? რა სიამოვნება შეიძლება მიიღო ალერსით საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან? გამოფენისგან მიღებული სიამოვნება ძალიან დიდია" - ამბობს გია ბუღაძე. მხატვარი სამ მიზეზს ასახელებს, რომელიც ახალგაზრდების და არა მარტო მათი უგემოვნობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. როგორც ის განმარტავს, სკოლაში მიღებული ცოდნა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ,,სამწუხაროდ, დღეისთვის სკოლის პედაგოგების უმეტესობა კულტურული თვალსაზრისით გაუნათლებელია. რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ხელოვნების შესახებ ლექციებს ვუკითხავ ახალგაზრდებს. წელს სასწავლო წლის დასასრულს მოვახერხე ჩემი სტუდენტების წაყვანა მუზეუმში. იცით რა მოხდა? ჯგუფის ნახევარმაც კი არ ისურვა წამოსვლა".

იმისათვის, რომ საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულები ქვეყნის სამუზეუმო სივრცის განვითარებასა და ფუნქციონირებაში, მსოფლიოს ყველა სოლიდურ მუზეუმში არსებობს "მუზეუმის მეგობრების ჯგუფის" შექმნის პრაქტიკა. სწორედ ამიტომ 2012 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიც შეიქმნა მსგავსი საზოგადოება. მუზეუმის მეგობრები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები. თანამშრომლობის ფორმა კი სხვადასხვანაირია. "მუზეუმის მეგობრების საზოგადოების წევრი მუზეუმს შეიძლება, დაეხმაროს რაიმე პროექტის განხორციელებაში, საგამოფენო სივრცის მოწყობასა და გარემონტებაში. მეორე მხრივ, შესაძლებლობის შესაბამისად შეუძლიათ, მუზეუმს დონაცია გაუწიონ" - ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროგრამის "მუზეუმის მეგობრების საზოგადოების" ხელმძღვანელი გიორგი ბეზარაშვილი. ,,მუზეუმის მეგობრების" გუნდში გაერთიანებისთვის ოთხი სხვადასხვა სახის პაკეტის შეძენაა შესაძლებელი: სტუდენტური, ზოგადი, ოჯახური და ორმაგი. გიორგი ბეზარაშვილის თქმით, წევრობა მიზერული თანხის გადახდას გულისხმობს, თუმცა, მისივე თქმით, ზაფხულში, აქციის ფარგლებში სტუდენტური წევრობის საფასურის განახევრებამ გაწევრიანების მსურველების რიცხვი გაზარდა. "წევრებს გადაეცემათ პლასტიკური ბარათი, რომლითაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ნებისმიერ სხვა მუზეუმში გამოფენაზე უფასოდ შესვლისა და დათვალიერების, გამორჩეულ ღონისძიებებზე დასწრებისა და მუზეუმის მაღაზიაში ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ. წელიწადში ორჯერ ეროვნულ მუზეუმში ეწყობა კურატორის მიერ ორგანიზებული სპეციალური ტური, რომლის საშუალებითაც მუზეუმის მეგობრებს შეუძლიათ ფონდში არსებული ის ექსპონატები დაათვალიერონ, რომლებიც საგამოფენო სივრცეში არ ხვდება - სხვა დამთვალიერებლებმა შეიძლება ისინი ვერასდროს იხილონ. ტურს ატარებს მეცნიერი, რომელსაც აქვს ღრმა ცოდნა. ექსპონატი შეიძლება სულ სხვა ჭრილში წარმოაჩინოს" - განმარტავს გიორგი ბეზარაშვილი. ახალგაზრდებში ინტერესის გასაღვივებლად ეროვნულმა მუზეუმმა ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებშიც დაიწყო, მაგრამ როგორც გიორგი ბეზარაშვილი აღნიშნავს, ამ აქტივობას ახალგაზრდებში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ,,საზოგადოება ვერ გრძნობს ამ პრობლემას, რაც მუზეუმისა და ახალგაზრდების გაუცხოებას გულისხმობს. ისევე, როგორც წლების წინ, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის აუცილებლობას ვერ ხვდებოდნენ. მუზეუმის შემთხვევაში საქმე გვაქვს სულიერ ჯანმრთელობასთან".

ეროვნულ მუზეუმს აქვს ასევე მოხალისეობის პროგრამა. მუზეუმი მოხალისეებად იღებს სხვადასხვა ასაკის ადამიანს, ზრუნავს მათი პროფესიული დონის ამაღლებაზე, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დახვეწაზე.

ცისია ცერცვაძე ეროვნული მუზეუმის მოხალისეობის პროგრამაში 2012 წლის მაისის თვეში იღებდა მონაწილეობას. "ეს იყო ძალიან საინტერესო, შემეცნებითი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოხალისეებად ვმუშაობდით. შეიძლება ითქვას, მუზეუმს ვუწევდით პოპულარიზაციას, რათა უფრო მეტ დამთვალიერებელს ევლო. პროგრამა სწორედ ახალგაზრდობაზეა გათვლილი" - ამბობს ცისია.

საქართველოს ეროვნულ არქივიც მრავალფეროვანი ღონისძიებებით გამოირჩევა და ექსპოზიციაზე მისულ დამთვალიერებელს სთავაზობს თემატურად შერჩეულ ფოტოებსა და ხელნაწერებს. როგორც არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი აღნიშნავს, მომავალშიც იგეგმება ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შეთავაზება.




საინტერესო ექსპოზიციები აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმსაც. მისი ხელმძღვანელის მაია გურაბანიძის თქმით, მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან, სტუდენტებს კი, ინტერესი თავად უნდა უჩნდებოდეთ.




აუცილებელია, ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ის "მთავარი" გრძნობა გაუჩნდეთ, რომელიც მათ მუზეუმში, გამოფენაზე, პერფორმანსზე, აქციაზე თუ ხელოვნების სხვა სფეროს ნიმუშის (ძველი თუ ახალი) სანახავად მიიყვანს - სიყვარულის გრძნობა" - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნების დოქტორი ლელა ოჩიაური. ის მუზეუმების მიერ სპეციალური სტრატეგიის შემუშავებაზე საუბრობს. "აქტიურად და "აგრესიულად" უნდა მოქმედებდნენ თავად მუზეუმები, გალერეები, გამოფენების კურატორები. არა მხოლოდ პიარითა და მედიაშეტყობინებით უნდა იფარგლებოდნენ, არამედ სწორი და გამართული "სტრატეგიითა და ტაქტიკით" უნდა მოქმედებდნენ დამთვალიერებლის მისაზიდად და მისაჯაჭვად. საჭიროა "პროპაგანდა", რომ "პრესტიჟულად" და "მოდურად" ითვლებოდეს ამა თუ იმ გამოფენის ნახვა, უნახაობა კი - "ჩამორჩენილობის" მაუწყებელად".
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary