"18 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. ახლა მეცინება ისეთი ასაკია. მიყვარდა ძალიან, მართლა კარგი გოგო იყო. შვილიც მალევე შეგვეძინა. წარმოიდგინეთ სიტუაცია: სტუდენტები ვიყავით, არ ვმუშაობდით, მშობლები გვარჩენდნენ და პატარა ბავშვი გვყავდა გასაზრდელი. ღამეების თენება ბავშვის გამო და გამოცდებისთვის მზადება. წაშლილი სახეებითა და დაძაბული ნერვებით გვიწევდა ცხოვრება" - გიო, 26 წლის.
სანდრო 25 წლის - "მე ცოლი არ მყავს, არც მყოლია. არც ვგეგმავ ჯერ, არ მინდა. ვტკბები თავისუფლებით. არავინ მითხრას, რომ ჩემს ასაკში ოჯახი, ბავშვები და ამხელა პასუხისმგებლობის აღება უნდა. ჩემი აზრით, ადრეულ ასაკში ცოლი იმიტომ მოყავთ, რომ უყვართ ის გოგო, მაგრამ მასთან ურთიერთობაში ვიღაც უშლით ხელს, ან ძმა, ან მშობლები და თან ქართული მენტალიტეტიც, ხომ ხვდებით... შეყვარებულთან სიახლოვე "აკრძალულია", სანამ ცოლად არ მოიყვან. რა თქმა უნდა, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ამ საკითხს სხვანაირად უყურებენ, მაგრამ ძალიან ცოტა. ჩემი აზრით, ქართული მენტალიტეტია შესაცვლელი" - სანდრო, 25 წლის.
სოფო 28 წლის - "მე 22 წლის გავთხოვდი. ორი შვილი მყავს და მარტო ვარ. ქმარს დავშორდი. ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ორი თვის მანძილზე ვხვდებოდით ერთმანეთს, სანამ დავქორწინდებოდით. საშინელებაა, ახლა რომ ვფიქრობ" - სოფო, 28 წლის.
"ქმარი გამუდმებით მცემდა. მიზეზი არ სჭირდებოდა. ოღონდ ისე არასდროს ვუცემივარ, რომ რამე დამნჩნეოდა სახეზე. თავიდან მრცხვენოდა, ვერავის ვეუბნებოდი. მერე დედამთილს ვუთხარი. თავიდან არ დამიჯერა. მერე მითხრა შენი ბრალი იქნებაო. მეც ვითმენდი სადამდეც შემეძლო. ორსულობის დროსაც მცემდა. მუცელზე ხელს ვიფარებდი, რომ ბავშვს არაფერი დაზიანებოდა" - სოფო, 23 წლის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს განქორწინების 7136 შემთხვევა იყო, 2003 წელს - 1825. ფაქტია, რომ განქორწინების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 25,4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი სტატისტიკის მიხედვით განქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 25-35 წლის წყვილებს შორისაა და დაახლოებით 17,6%-ს აღწევს.
განქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს: ღალატი, პიროვნული დისჰარმონია, სექსუალური შეუთავსებლობა, ძალადობა, ნაადრევი ქორწინება.
"განქორწინების ყველაზე ხშირ მიზეზად საქართველოში ღალატი სახელდება" - განაცხადა დემოგრაფიული და სოციოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტმა და დემოგრაფმა გიორგი წულაძემ. "განქორწინების სხვა მთავარი მიზეზი არის ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნა, როდესაც ქორწინების მნიშვნელობა ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. სექსუალური შეუთავსებლობა, თუ წყვილს აქვს სექსუალური პრობლემები, ეს თავს იჩენს სხვა გაუგებრობებშიც".
ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი განქორწინებაზე საუბრობს. "განქორწინების პრობლემა არასოდეს არის ერთი ფაქტორით გამოწვეული, როგორც წესი, რამდენიმე არის მიზეზი. მათ შორის პირველი, რა თქმა უნდა, ნაადრევი ქორწინებაა. გარდატეხის ასაკში მას არ აქვს გემოვნება ფორმირებული, არ აქვს ფასეულობებიდან გამომდინარე თავისი შეხედულებები, განიცდის ცვალებადობას. მოუმწიფებელ პერიოდში ძნელია გარჩევა: ფიზიკურ ლტოლვასთან გვაქვს საქმე თუ სერიოზულ გრძნობებთან, თუმცა, ამ ასაკში მაინც, ძირითადად, ფიზიკური ლტოლვაა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მოზარდმა არ იცის, რა უნდა და თუ ადამიანმა არ იცის, რა უნდა, როგორ შეუძლია მას მეორე ადამიანს შეეწყოს". თეა გოგოტიშვილი მეორე მნიშვნელოვან საკითხზეც საუბრობს. მისი თქმით, წყვილს, რომელიც ქორწინდება, უნდა ჰქონდეს ფიზიკური ლტოლვა, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახურ თანაცხოვრებაში. ოჯახური ჰარმონიის მისაღწევად ორივე ფაქტორი, როგორც პიროვნული საერთო, ისე სექსუალური თანხვედრაა საჭირო.
ექიმი-სექსოლოგი ზურაბ მარშანია ამბობს, რომ ბოლო წლებში წყვილების მხრიდან სექსუალური შეუთავსებლობის პრობლემაზე მიმართვა საგრძნობლად გაიზარდა. "სექსუალური შეუთავსებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ოჯახის სიმტკიცეს. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ცოლქმრული სექსუალური დისჰარმონია ოჯახის დანგრევის, განქორწინების ყველაზე ხშირი მიზეზია. რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებიც არის მაგალითად, ყოფითი, სოციალური... ცოლ-ქმარს ხშირად სქესობრივი განათლების დეფიციტი აქვთ, რაც პირდაპირკავშირშია სექსუალური დისფუნქციის განვითარების სიხშირესთან".
ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილის თქმით, ოჯახების ნგრევის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ერთს უნდა, შეცვალოს მეორე და გარდაქმნას ის. "ძალადობა, დისკრიმინაცია - ეს საკითხები ვერანაირი ტოლერანტობის ფარგლებში ვერ ჩაჯდება იმიტომ რომ, ადამიანის ფსიქიკაზეც და მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც მას აქვს სერიოზული ზიანის მოტანის რისკი. ეს ის თემებია, სადაც არსებობს ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე".
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტის მენეჯერი ირინა ჯაფარიძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობა ყველაზე დაფარული საკითხია. წელიწადში დაახლოებით 200-300 რეგისტრირებული შემთხვევაა ოჯახში. "გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მე-11 ქალი, რომელიც ოდესმე ყოფილა ქორწინებაში, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. გამოკითხული ქალების 35% ამბობდა, რომ ოჯახში ძალადობა, მათ შორის ფიზიკური ძალადობა, გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია. შესაბამისად, ეს კონტინგენტი არ მიიჩნევს ამას განქორწინების საფუძვლად. გამოკითხული ქალებიდან, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მხოლოდ 2%-ს მიუმართავს დახმარებისთვის, იქნება ეს ოფიციალური დახმარების მიმწოდებელი, მეგობარი, ნათესავი თუ სასულიერო პირი. ოჯახური ძალადობის რისკი ყველაზე მაღალი რეპროდუქციულ ასაკშია, როდესაც ქალი აქტიურად ეწევა როგორც სქესობრივ, ისე ოჯახურ ცხოვრებას".
რესპონდენტები თანხმდებიან, რომ ქორწინება დიდი ტვირთია და ახალგაზრდებს დაფიქრება მართებთ, სანამ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებენ.