"მარიანი" უსინათლო ადამიანების გვერდით
29 ივლისი, 2013
"მარიანი" უსინათლო ადამიანების გვერდით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარიანი" 2012 წლის 28 სექტემბერს დაარსდა ახალგაზრდა დების – მარიამ და ანი მიქიაშვილების მიერ. სახელწოდება "მარიანი" საკუთარი სახელებიდან გამომდინარე დაარქვეს.
ორგანიზაციის მიზანია უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური გარემოს ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება უსინათლობის შესახებ. ორგანიზაცია მუშაობს უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა რეაბილიტაციის, თვითრეალიზაციისა და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე. "მარიანი" ასევე ურთიერთობს ყველა ასაკის უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებთან, მათი ოჯახის წევრებთან, სახელმწიფო, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

"პროფესიით სპეცმასწავლებელი ვარ, ანუ მეხება ყველაფრის სწავლება, რაც არის სპეციფიკური უსინათლო ადამიანებისთვის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიცი, თუ რა სიტუაციაა უსინათლოების კუთხით, ზოგადად, უსინათლოების ინტეგრაციის კუთხით და რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში. საქართველოში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რაშიც დაგვეხმარა პოლონური ფონდი "არი–არი", მან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით თავიდანვე ხელი შეგვიწყო" – აცხადებს "მარიანის" დამფუძნებელი მარიამ მიქიაშვილი.

მარიამ მიქიაშვილის თქმით, სანამ არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდებოდა, მათ უკვე ჰქონდათ ერთი პროექტი "არი–არისთან" ერთად. ორგანიზაცია იყო მათი პარტნიორი საქართველოში და მუშაობდა, როგორც საინიციატივო ჯგუფი "მარიანი". "ჩვენი პირველი პროექტი იყო ლექციები და პრაქტიკული ვორკშოპები. ლექციები მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკული ვორკშოპები – თბილისის N202–ე უსინათლო ბავშვთა სკოლაში. ლექციებზე განიხილებოდა უსინათლოების სწავლება უმაღლეს სასწავლებელში. თუ როგორ უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლების სისტემა მოწყობილი და ასევე როგორ ხდება უსინათლოებთან მომუშავე სპეციალისტების მომზადება. სკოლაში ასწავლიდნენ, რას ნიშნავს ტიფლოგრაფიკა, ანუ უსინათლოებისთვის გრაფიკული ნამუშევრების შექმნა, მაგალითად, რუკები, მაკეტები, ნახატები, ნახაზები, როგორ შეიძლება სწავლებისას მათი გამოყენება, ასევე სწავლობდნენ სივრცეში ორიენტაციას, ხატვას, სმენის გამოყენებას ორიენტაციაში ბინაურალური აუდიოჩანაწერების მეშვეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებში" – გვითხრა მარიამმა.

"მარიანის" ჰყავს დამფუძნებელთა საბჭო, რომელიც იღებს გაადწყვეტილებებს. პროექტების ფარგლებში ჰყავს 20–მდე თანამშრომელი.

"მარიანის" ერთ–ერთი პროექტია 20 აუდიოწიგნის ჩაწერა უსინათლო და მცირემხედველი მოზარდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. "ახლა წიგნების წამკითხველ მოხალისეებს ვარჩევთ, რომლებსაც სასიამოვნო ხმის ტემბრი ექნებათ, ბგერებს სუფთად გამოთქვამენ და წიგნებს არამხატვრულად, ზედმეტი ემოციების გარეშე წაიკითხავენ. აგვისტოში უკვე დავიწყებთ ჩაწერას, ნოემბრის ბოლოს ამ პროექტს დავასრულებთ" – განაცხადა მარიამ მიქიაშვილმა.

"მარიანს" აქვს ასევე მეორე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სივრცითი და საყოფაცხოვრებო ორიენტაციის სწავლებას უსინათლო ადამიანებისთვის. ჰყავთ 8 ინსტრუქტორი, რომლებიც სხვადასხვა ასაკის უსინათლოებს ასწავლიან სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილებასა და საყოფაცხოვრებო უნარ–ჩვევებს. ზოგიერთმა ინსტრუქტორმა კვალიფიკაცია პოლონეთის სარეაბილიტაციო ცენტრებში აიმაღლა. ინსტრუქტორები ასევე მოამზადეს გერმანიის ქალაქ მარბურგის უსინათლო ბავშვთა სასწავლო ცენტრ "ბლისტას" სპეციალისტებმა.

მარიამ მიქიაშვილის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ცხადდებოდეს გაჩერება, რათა მცირემხედველმა და უსინათლომ იცოდეს რომელ გაჩერებაზე ჩამოვიდეს, ასევე კიბის საფეხურები უნდა იყოს შეღებილი ყვითელი ზოლით, უნდა იყოს ე.წ ყვითელი ნიშნულები, რომ მცირემხედველმა ადამიანმა ადვილად შეამჩნიოს, ეს მეტროსაც ეხება. "მაგალითად, ქუთაისის პარლამენტი მთლიანად არის შუშის შენობა. უსინათლოებითვის საერთოდ არ არის მიმანიშნებელი, საით უნდა წახვიდე და როგორ. არც ბრაილით დაბეჭდილი რუკა ან მაკეტია, არც აუდიოგიდი არსებობს. მცირემხედველისთვისაც რთულია, რადგან ყველაფერი მინის არის" - ამბობს მარიამი და დასძენს, რომ ბევრი რამ არის საქართველოში გასაკეთებელი: "თბილისში როდესაც პოლონელები იყვნენ ჩამოსულები, რამდენიმე უსინათლო იყო გამცილებელ ძაღლებთან ერთად, არსად შეგვიშვეს, რესტორანში, კაფეში, მუზეუმში, სუპერმარკეტში, მეტროშიც კი. ტაქსებსაც რომ ვაჩერებდით, ძაღლს რომ ხედავდნენ, უარს გვეუბნებოდნენ, არადა ალიკაპებით ჰყავდათ".
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary