მოზარდთა 87% აცხადებს, რომ მისი მეგობარი ეწევა
05 სექტემბერი, 2013
მოზარდთა 87% აცხადებს, რომ მისი მეგობარი ეწევა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პირველი სექტემბრიდან უფილტრო სიგარეტის რამდენიმე სახეობის ფასმა 20 თეთრით მოიმატა, ფილტრიანმა - 5 თეთრით.
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას "თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია".
შესაბამისად, ქვეყანამ საერთაშორისო ვალდებულებები აიღო. ერთ–ერთი ასეთი ვალდებულება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების სრული შეზღუდვა იყო. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის N58 დადგენილებით კი შეიქმნა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების სახელმწიფო კომისია. თამბაქოს მოხმარების რეგულაციების გაწერა, სიგარეტის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის მკაცრი აკრძალვა, თამბაქოს რეკლამირება და მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადის გაძვირება - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ზრუნვას იწყებს სახელმწიფო. ,,გამკაცრდება კონტროლიც და ისეთი ადგილების რაოდენობა გაიზრდება, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძალული იქნება" - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 10 აპრილს.

საგადასახადო კოდექსში პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილებებით, ფილტრიან სიგარეტზე (ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის განაკვეთი 0.60-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტროზე - 0.15-დან 0.20 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ფასის ზრდამ 25% შეადგინა. Japan Tobacco International-ის სიგარეტების შემთხვევაში კი, ფასები დაახლოებით 10%-მდე გაიზარდა. Japan Tobacco International ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. JTI-ის მიერ წარმოებული სიგარეტის ბრენდებია: Winston, Camel, Mild Seven / Mevius, Benson & Hedges, Silk Cut, Sobranie, Glamour , LD, Coronas, Ducat, Export 'A', Magna, Mayfair, Memphis, Mi Ne Monte Carlo, More, Peter I, Ronson, Russian Style, Salem, Sovereign, St George, Troika, Winchester.

,,საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 გრაფაში შესული ცვლილების თანახმად, ფილტრიანი სიგარეტებისათვის (ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის არსებული განაკვეთი იზრდება მხოლოდ 0.60-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტისთვის - 0.15-დან 0.20 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები არ არის გათვლილი ფისკალური ეფექტის მიღებაზე" - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ფაქტია, რომ თამბაქოსგან მიყენებული ზიანი მეტად შემაშფოთებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, "თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია. თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად. აქედან 600 000–ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება. თამბაქოს კონტროლის კუთხით სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში 2030 წლისთვის თამბაქოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 8 მილიონს მიაღწევს, რაც 4 წამში ერთი ადამიანის გარდაცვალებას უდრის".
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად იყიდება 10 მილიარდი ღერი (0.5 მილიარდი კოლოფი), რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს.

თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია.

სტატისტიკოსების განცხადებით კი, უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველია.

ESPAD კვლევის შედეგების მიხედვით, 16 წლის მოზარდთა 50%-ს ერთხელ მაინც მოუწევია სიგარეტი, 16% ეწეოდა ბოლო 30 დღის განმავლობაში და 12% რეგულარული მწეველია. მოზარდთა 1.1% დღეში 20 ან მეტ ღერ სიგარეტს ეწევა. 60%-თვის სიგარეტის ყიდვა ადვილია. 30% თამბაქოს მოიხმარს 13 წლის და უმცროსი ასაკიდან, ხოლო 10% - 9 წლის და უმცროსი ასაკიდან. 13 წლამდე თამბაქოს ყოველდღიურად მოიხმარს 4.3%. მოზარდთა 87% აცხადებს, რომ მისი მეგობარი ეწევა.

STEPS – ის 2010 წლის კვლევის მიხედვით, "საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობაა. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლია".

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კონვენციით ასევე გათვალისწინებულია თამბაქოს ნედლეულის, შემოტანილი და ადგილზე წარმოებული პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის მონიტორინგი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალება.

მწეველი თუ არამწეველი ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ სიგარეტზე ფასის მატება არც ისე ეფექტური ხერხია მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად, ისინი გამოსავალს სხვა გზების გატარებაში ხედავენ.

,,8 წელია, რაც ვეწევი და თავის დანებება არც მიცდია. ჩემი აზრით, ფასის მომატება მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე გავლენას არ იქონიებს. მწეველები მაინც მოწევენ, უბრალოდ, შედარებითი დაბალი ხარისხის სიგარეტს. გაძვირება ბიუჯეტის შევსებას ემსახურება, ჩემი აზრით. სიგარეტის გაძვირებით ეფექტურ შედეგს ვერ მივიღებთ, ამისთვის სხვა ღონისძიებებია საჭირო, ფსიქოლოგთა ჩარევა უფრო წარმატებული იქნება" - აღნიშნა 22 წლის გიზო სამუშიამ.

,,6 წელია ვეწევი და მხოლოდ მარხვის დროს შემიწყვეტია მოწევა 45 დღით. თამბაქოს ღირებულებამ იმდენად მცირედით აიწია, რომ გაყიდვების რაოდენობა არ შემცირდება. მწეველი დაბალხარისხიან სიგარეტზე გადავა. ერთმა ამერიკელმა მწეველმა თქვა: ,,სიგარეტზე თავის დანებება ადვილია, ძალიან ბევრჯერ დამინებებიაო". აკრძალული ხილი კი უფრო გემრიელია" - გვითხრა 23 წლის ბექამ.

,,7 წელი ვეწეოდი სიგარეტს 15 წლიდან, მაგრამ ახლა 2 თვეა არ მომიწევია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემიქმნა, გადავწყვიტე, დამენებებინა და არ გამჭირვებია. ფასის გაზრდა არ არის ეფექტური გზა, ჩემი აზრით, მწეველთა რაოდენობის შემცირებისთვის. უბრალოდ მწეველები იაფ სიგარეტზე გადავლენ. მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად ჯანსაღ ცხოვრებაზე უფრო მეტი სოციალური რეკლამაა საჭირო. საერთოდ, უნდა აიკრძალოს სიგარეტის რეკლამა, ბანერები. საჭიროა, მკაცრად გაკონტროლდეს, რომ 18 წლამდე მოზარდებს არ მიჰყიდონ სიგარეტი. კარგი იდეაა ზოგ ადგილებში მოწევის აკრძალვა. უნდა გამოიყოს და გაკეთდეს სპეციალური ადგილები ცალკე მწეველთათვის და ცალკე არამწეველთათვის" - განაცხადა 22 წლის ირაკლიმ.

თამბაქოზე ფასის მატებასთან დაკავშირებით სოციალურმა მუშაკმა ნელი აკობიამ აღნიშნა: ,,მე არ ვარ ექსპერტი ამ საკითხში, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ზოგადად, ფასის მომატება თამბაქოზე მიჩნეულია ერთ–ერთ ეფექტურ მეთოდად მწეველთა რიცხვის შესამცირებლად. თუ დასავლეთის ქვეყნებს შევხედავთ, ყველგან თამბაქოს ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. ალბათ, ესეც გარკვეულწილად მოქმედებს იმაზე, რომ დასავლეთის ქვეყნებში მაინც უფრო ნაკლებად ეწევიან, ვიდრე ჩვენთან. თუმცა, ჩვენთან ფასის ზრდა საკმაოდ უმნიშვნელო იყო და ალბათ, ძალიან დიდ შედეგს არ გამოიღებს. ამავდროულად უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი კულტურაც. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ფასი ძალიან მაღალია, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი ეწევა. ამისგან განსხვავებით, ამერიკაში მოწევა ლამის სირცხვილად მიიჩნევა და ოჯახის წევრები ერთმანეთს უმალავენ, რომ ეწევიან. ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, სამოქალაქო განათლების კურსებში სკოლიდანვე ინტეგრირება იმისა, რომ თამბაქო მავნეა მწეველისთვისაც და პასიური მწეველისთვისაც".
,,როგორც ვიცი, ფასი ისე მნიშვნელოვნად არ მომატებია, რომ ყიდვისუნარიანობა შემცირდეს. მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად, ჩემი აზრით, საჭიროა სიგარეტის მოწევა გაიგივებული იყოს სირცხვილთან, არაპრესტიჟულ მავნე ჩვევასთან" - აღნიშნა ფსიქოლოგმა თამუნა ტატიშვილმა.

სიგარეტზე ფასის მომატებას ოპოზიციაც გამოეხმაურა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ ფაქტს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გაჩენილი სერიოზული პრობლემის მოგვარების მცდელობად აფასებს. ,,გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აქციზის გადასახადის მატებით დასახელებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია. პირიქით, თამბაქოს ნაწარმზე ფასის მატების გამო, მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც მოიხმარს ასეთი ტიპის პროდუქციას, იძულებული იქნება, გადავიდეს უფრო იაფფასიან და, შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანო თამბაქოს ნაწარმზე. გაიზარდა კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოსვლის ალბათობა, რაც გააჩენს სიგარეტის შავ ბაზარს და შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს" – განაცხადა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".

არალეგალური თამბაქოთი ვაჭრობის შესაძლებლობის არსებობას მომავალში არ გამორიცხავს JTI Caucasus-ის კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

"ექსპერტების შიშს კონტრაბანდის გაზრდის თაობაზე ვეთანხმები, მაგრამ მე ცალსახად იმის თქმა არ შემიძლია, გვექნება თუ არა კონტრაბანდა. თუ კიდევ გაიზარდა აქციზის ფასი, კონტრაბანდა საქართველოში უფრო მეტი იქნება, ვიდრე სომხეთში, სადაც ამჟამად აქციზი ყველაზე იაფი ღირს, მაშინ ცხადია, რისკები კიდევ უფრო გაიზრდება" - თქვა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
სიგარეტზე ფასის მატებასთან დაკავშირებით საცალო გამყიდველები ბიზნესის დაბალ ტემპზე გადასვლის გამო ნერვიულობენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ თუ ეს ხალხის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, მზად არიან, სხვა პროდუქცია გაყიდონ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, ,,მოწევა კლავს", ,,მოწევა იწვევს კანის კიბოს" და ,,საზიანოა, როგორც მწეველისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის", მწეველთა რაოდენობა საქართველოში ძალიან მაღალია. რამდენად შეუწყობს ხელს ფასის მატება მათი რაოდენობის შემცირებას, ამას დრო გვაჩვენებს.

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საჭიროა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და უფრო მეტი სოციალური რეკლამა.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary