ახალგაზრდობა ჯიბის ფულის გარეშე
28 სექტემბერი, 2013
ახალგაზრდობა ჯიბის ფულის გარეშე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ჩემი აზრით, ახალგაზრდას, მით უმეტეს, თუ სტუდენტია, დღეში 5 ლარი მინიმუმ სჭირდება. მეც ასე ვარ. გზის ფული, ხან ისე ხდება, რომ მთელი დღე გარეთ მიწევს ყოფნა და რაიმე ხომ უნდა შევჭამო, სტუდენტი ვარ და ლექციებისთვის ქსეროასლის გადაღება მიწევს და დღეში 5 ლარი მეხარჯება. ჯიბის ფულს მშობლები მაძლევენ. ვცადე, რამდენჯერმე მეც დამეწყო მუშაობა, მაგრამ ყველგან სტაჟიორებზეა მოთხოვნა და კიდევ დამატებით გზის ფულის გამოყოფა რთულია. სხვა ადგილზე დიდ გამოცდილებას ითხოვენ და ახალგაზრდამ სად უნდა დააგროვოს გამოცდილება" - ნია მამალაძე, 20 წლის.
„სტუდენტი ვარ და როგორც ყველა სტუდენტს, მეც ბევრი ხარჯი მაქვს, სწავლის გადასახადიც საკმაოდ მაღალია. მრცხვენოდა ჩემი მშობლების, როცა ჯიბის ფულს მათ ვთხოვდი, დღეში მინიმუმ ათი ლარი მჭირდება, გადავწყვიტე, მემუშავა. მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ, ახლა სეზონური სამუშაო მაქვს. მინდა, რაიმე სტაბილური სამსახური ვიპოვო და ჩემი პროფესიით დავსაქმდე, ჩემს ნაცნობებში რაღაც ნაწილისთვის მაინც უხერხულია მიმტანად მუშაობა, სტუდენტებისთვის კი სხვა ადგილას დასაქმება ძალიან რთულია. მე ეს პრობლემა არ მაქვს, მინდა, მშობლებზე არ ვიყო დამოკიდებული და საკუთარი ჯიბის ფული მქონდეს" - ნათია შათირიშვილი, 21 წლის.

საქართველოში აქტუალურია დაუსაქმებელი ახალგაზრდების პრობლემა. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ ბავშვები სკოლის ასაკიდან იწყებენ მუშაობას და თავისი ჯიბის ფული აქვთ. ახალგაზრდებს ხელს უწყობენ, რომ პარალელურად სწავლაც შეძლონ. სწავლის გადასახადს თავისი ხელფასით იხდიან. საქართველოში ძალიან რთულია სამსახურის პოვნა. თუ ძალიან გაგიმართლა და ნახავ რაიმეს, მხოლოდ მინიმალური ანაზღაურებით და სხვა პერსპექტივა რომ არ გაქვს, იძულებული ხარ, დასთანხმდე.

საქართველოს შრომის კოდექსში წერია, რომ შრომისუნარიანობა ადამიანს 16 წლის ასაკიდან აქვს და მისი სამუშაოზე მიღება სრულწლოვანებამდე უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ განათლების მიღებაში ხელი არ შეეშალოს .

,,ახალგაზრდების დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, ფულის მოპოვების ძირითადი წყარო მშობლებია. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ახალგაზრდები დროებით სამუშაოს მიმართავენ, ძალიან ცოტაა შემთხვევა, როცა მუდმივ სამუშაოზე არიან დასაქმებულნი. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ არის ბევრი სამუშაო ადგილი, უჭირთ სამსახურის მოძებნა, მით უმეტეს, თუ სწავლობენ ან ვერ/არ იღებენ განათლებას. ასევე ნებისმიერ სამსახურში ითხოვენ სამუშაო გამოცდილებას და, ბუნებრივია, ახალგაზრდა ადამიანს ვერ ექნება დიდი გამოცდილება" - აცხადებს სოციოლოგი სალომე დოლიძე.

,,ახალგაზრდის ჯიბის ფულს მისი საქმიანობა განსაზღვრავს, ეს ასევე დამოკიდებულია მისი ცხოვრების სტილსა და წესზე. მიმაჩნია, რომ მათ ჯიბის ფული არც ძალიან მინიმალური არ უნდა ჰქონდეთ და არც მაღალი. როგორც ერთი, ასევე მეორეც უარყოფითად აისახება მათზე. საშუალო თანხა, რაც ერთ თვეში ჯიბის ფულად ეყოფა ახალგაზრდას, არის 100 ლარი" - ამბობს ფსიქოლოგი თინათინ ხარაზიშვილი.

როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც შვილთან ურთიერთობისას სწორი ფულადი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარებათ მშობლებს: კერძოდ, მიეცით ბავშვს ჯიბის ფული რეგულარულად (მაგალითად, კვირაში ერთხელ); ჯიბის ფული არ უნდა იყოს არც მეტისმეტად ცოტა, არც მეტისმეტად ბევრი; სასურველია, მუდამ ერთი და იგივე თანხა მისცეთ, რომელიც ასაკთან ერთად გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჯიბის ფულის ოდენობა შეესატყვისება ბავშვის ასაკს: 6 წლის ბავშვს კვირაში 6$-ს აძლევენ, 10 წლისას - 10$-ს და ა.შ. გერმანიაში კანონით არის დადგენილი, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვს კვირაში უნდა მისცენ 50 ცენტი, 10 წლიდან - 12 ევრო, 13 წლიდან - 20 ევრო, 15 წლიდან - 30 ევრო. გადაუხდელობის შემთხვევაში მშობლებს აჯარიმებენ.

,,იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი თანატოლებივით, მალე ქართველ ახალგაზრდებსაც გვექნება იმის საშუალება, რომ სწავლის ფულის ნაწილი მაინც ჩვენით გადავიხადოთ, დასასვენებლად ჩვენი ფულით ვიაროთ, დავაგროვოთ სამუშაო გამოცდილება და ვიყოთ უფრო დამოუკიდებლები. წინა წლებთან შედარებით მუშაობა მხოლოდ ერთეულებს თუ ეთაკილებათ. ახალგაზრდები ხვდებიან, რომ შრომა მხოლოდ ეხმარება ადამიანს მეტ წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში" - აღნიშნავს 24 წლის მარიამ სარჯველაძე.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary