ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ჩართულნი. ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია ჩატარდა 6 ოქტომბერს, რამდენიმე უნივერსიტეტის ახალგაზრდები პროტესტის გამოსახატავად დვანში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. სტუდენტების ტრანსპორტირება კი კერძო პირმა დააფინანსა. ამ აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, აკაკი წერეთლისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები.
დვანში იყვნენ ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებიც. ამ აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაში დაახლოებით 300 სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდები მიიჩნევდნენ, რომ პროტესტის გამოხატვა „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ მათი მოვალეობაა. „დვანში წამოვედი იმიტომ, რომ ვარ სტუდენტი და მიმაჩნია, ჩემს მოვალეობად ვიყო იქ, სადაც ხალხს უჭირს და გვერდში დავუდგე მათ. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც საზოგადო მოღვაწე, ვარ საზოგადოების წევრი და რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ “ - აღნიშნა სტუდენტმა თათა ბებიაშვილმა.
7 ოქტომბერს უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები დვანში ჩავიდნენ. ამ აქციის კოორდინაცია კი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა სტუდენტმა ვერ შეძლო დვანში წასვლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ–ს სტუდენტური საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია, სადაც ახალგაზრდებმა საქართველოს ფორმის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
საპროტესტო ტალღა სხვა უნივერსიტეტებშიც გავრცელდა და 8 ოქტომბერს რამდენიმე უნივერსიტეტში თეატრალიზებული აქცია გაიმართა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს ფორმის ჯაჭვი შეკრეს და სოლიდარობა გამოუცხადეს დვანის მოსახლეობას, გარდა ამისა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სიმბოლურად ბერლინის კედელი დაანგრიეს და ამით რუსეთს მოუწოდეს, რომ თანამედროვე „ბერლინის კედლების“ ადგილი 21–ე საუკუნეში არ არის.