ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგი
09 ნოემბერი, 2013
ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არცერთი სიტყვა ქართულად. იქ არცერთი პროდუქტი, არცერთი ნივთი ქართული არ არის. საბავშვო გადაცემებს რუსულ ენაზე გთავაზობენ და შენც უსმენ, ენასაც, სავარაუდოდ, რუსულ ენაზე აიდგამ და ბაღშიც რუსულად დაგელაპარაკებიან. სკოლის დამთავრების შემდეგაც რუსულენოვან დიპლომს მოგცემენ.

,,ქართველი მეგობრები მყავს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ისინი პოლიტიკურ თემებზე არ დაიწყებენ საუბარს. პოლიტიკური თემების თავიდან არიდება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია, ამიტომ სიტუაცია იძაბება. ორივე მხარეს საკუთარი აზრი აქვს და კამათი, საბოლოოდ, უაზრო ხდება’’ - ამბობს აფხაზეთის მკვიდრი 24 წლის ახალგაზრდა. მისი თქმით, აფხაზ ახალგაზრდებში ქართველებისა და საქართველოს მიმართ მტრის ხატია ჩამოყალიბებული და მათ მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა სურთ: ,,აფხაზი ახალგაზრდები საქართველოს განიხილავენ, როგორც მეზობელ სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს, ხელი შეგიშალოს ყველაფერში. დამოუკიდებლობა გვინდა, ამ პირობებში კი აფხაზი სპორტსმენი, ხელოვანი ვერ მიდის სხვა ქვეყანაში მისი ქვეყნის სახელით’’. ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშემშლელ ფაქტორად ის ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს. ,,ინფორმაციას საქართველოს შესახებ კი იღებენ, მაგრამ ეს ინფორმაცია კიდევ უფრო უარესია საქართველოსთვის’’ - ამბობს ახალგაზრდა.

2007 წლიდან ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,შერიგების რესურსები’’ ეგიდით ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები დიალოგის ფორმატში ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხვდებიან და კონფლიქტის მოგვარების საკითხში საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ. ,,ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის გააქტიურების საჭიროება მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია. თითოეულ შეხვედრას, როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან 7 ან 8 ახალგაზრდა წარმოდგენს. მათი საუბარი დიალოგის ფორმატს არ სცდება და კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო მიდგომას განიხილავენ. დიალოგის მონაწილეები თვითონვე არიან დაინტერესებული კონფლიქტების მოგვარების საკითხით და შემდეგ უკვე კონკურსის საფუძველზე ვარჩევთ. აპლიკანტთა ასაკობრივი ზღვარი 20-დან 27 წლამდეა’’ - ამბობს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის "ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის" პროექტის კოორდინატორი ნინო კალანდარიშვილი. საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზებთან შეხვედრის ორგანიზება, მისი თქმით, დღეს ბევრი მიზეზის გამო შეუძლებელია. თუმცა, ნეიტრალურ ტერიტორიაზე: ბელგიაში, შვეიცარიაში ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის შეხვედრა უკვე რამდენჯერმე მოეწყო. როგორც ის აღნიშნავს, ნიშანდობლივია ის საკითხიც, რომ საქართველოს მხარის წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენენ და არა რომელიმე ორგანიზაციას. ისინი სრულიად თავისუფლები არიან. თუმცა, აფხაზური მხარის პოზიციების შესახებ იმავეს ვერ ადასტურებს ქართულ-აფხაზური დიალოგის ერთ-ერთი მონაწილე დენოლა ჩხარტიშვილი. ,,ქართული მხარე საკუთას აზრს გამოთქვამდა, აფხაზური მხარე, ძირითადად, დაკომპლექტებული იყო საჯარო მოხელეებით და ისინი თავიანთი უწყების სახელით გამოდიოდნენ. შეხვედრის ბოლოს აღნიშნეს, რომ საქართველოსთან კულტურული სიახლოვე აქვთ, მაგრამ ერთად ცხოვრების შანსს ვერ ხედავენ. არ არიან ბედნიერები რუსებთან ურთიერთობით, მაგრამ ქართველებმა სხვა გზა არ დაგვიტოვეს’’ - აღნიშნავს დენოლა ჩხარტიშვილი, რომელიც 2009 წელს კიშინოვში მოწყობილი ქართულ-აფხაზური დიალოგის მონაწილე გახლდათ. დენოლა საუბრობს დიალოგის განვითარების პროცესზე და ამბობს, რომ თავიდან საკმაოდ დაძაბული იყო, თუმცა, მეორე დღიდან ნორმალურ სამუშაო რეჟიმში გადავიდა. საქართველო მათთვის არის მეზობელი ქვეყანა და მისგან ყოველთვის გრძნობენ შიშს: ,,ჩვენ განვიხილეთ კონფლიქტის ზონა, მათ არაერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველომ უარი თქვა ხელი მოეწერა ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას, რაც აფიქრებინებთ, რომ საქართველოს ისევ სურს ომი. მე სოხუმელი ვარ და რომ ვკითხე სახლში როგორ ჩამოვიდე-მეთქი, მიპასუხეს: აიღე აფხაზეთის მოქალაქეობა და ჩამოდი-ო’’.

ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს ,,კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის’’ თანადამფუძნებელი და კოფლიქტოლოგი თეონა გედენიძე: ,,აფხაზეთში ქართველები აღიქმებიან როგორც მტრები. დიალოგი, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს აფხაზების წარმოდგენის შეცვლას ქართველთა მიმართ, რომელიც ხშირად მცდარია. ვფიქრობ, რომ რაც უფრო ხშირი იქნება შეხვედრა, მით მალე შევძლებთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას არსებული პრობლემების მოსაგვარებლად’’. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი ნაკლებად ფლობს ინფორმაციას აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემების შესახებ. ,,ჩვენს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის შესაძლო ინიციატივის გაჩენას ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობების აღსადგენად. ძირითადი ინფორმაცია, რომელსაც ვფლობთ აფხაზი ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ, ისევ და ისევ, პირადი კონტაქტებია. ამ გზით გადაცემული ინფორმაცია კი ფართო მასას ვერ წვდება’’ - განმარტავს თეონა გედენიძე.

აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების გასაცნობად და მათთვის ინფორმაციის გაცვლის, პრობლემების ერთმანეთისთვის გაცნობის მიზნით დროდადრო იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები და კავშირები. ,,ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების კავშირი’’ ახლახან ჩამოყალიბდა და ჯერჯერობით მხოლოდ კონტაქტების გაცვლით შემოიფარგლება, მათ აფხაზ ახალგაზრდებთან ინტერნეტით აქვთ კავშირი და დაინტერესებასაც გრძნობენ. ,,მე ჩემი ღრმა რწმენით მჯერა, რომ ის ძალა, ვინც ამ კონფლიქტს წერტილს დაუსვამს, იქნება ჯანსაღი ახალგაზრდა თაობა. ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები თავად შევძლებთ ჩვენი მშობლების პერიოდში ჩანგრეული ხიდის აღდგენას. ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, მტკივნეული თემაა აფხაზეთი და აფხაზი ხალხი. ეს ხომ იმ ოჯახის ნაწილია, რომელიც გარემო პირობებმა, უცხო ძალებმა და გარკვეულმა ურთიერთგაუგებრობამ დააშორა ერთმანეთს. შემდგომში ვგეგმავთ, სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით დავუკავშირდეთ აფხაზ ახალგაზრდებს და გვქონდეს მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან’’ - ამბობს ,,ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების კავშირის’’ თავმჯდომარე სოსო მებონია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის’’ ახლახან დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანს ადამიანის ღირსების, უფლებისა და თავისუფლების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების დონის ამაღლება, ქართველი და მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდობის დაახლოება, ახლგაზრდა შემოქმედთა მხარდაჭერა და, ზოგადად, ქართველი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისადმი ხელის შეწყობა წარმოადგენს. ორგანიზაციის დამფუძნებლის ალექსანდრე ახალკაცის თქმით, მათი მიზანია, მოაწყონ პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოდან და აფხაზეთიდან. ,,ეს იქნება პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი მხარე ერთმანეთს გაიცნობს და დამეგობრდება’’ - ამბობს ალექსანდრე ახალკაცი.

,,არაფერი გვაწუხებს, არაფერს ვითხოვთ, რომც მოვითხოვოთ, საქართველო ამას მაინც არ შეასრულებს. ან სიტყვად დარჩება და მეტ სიძულვილს დანერგავს’’ - აღნიშნავს აფხაზეთის მკვიდრი ახალგაზრდა.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary