სტუდენტების მთავარი პრობლემა - უმუშევრობა
სტუდენტების მთავარი პრობლემა - უმუშევრობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ვსწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე და ყველამ კარგად იცის, რომ უნივერსიტეტში ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის პრაქტიკაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია" - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მეოთხეკურსელი ეკატერინე ყავლაშვილი.

უმუშევრობა მთელი ქვეყნის პრობლემაა. ეს პრობლემა ახალგაზრდა თაობასაც მკვეთრად შეეხო. სტუდენტები განათლების მისაღებად დიდი რაოდენობით ფულს იხდიან უნივერსიტეტებში, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი მათთვის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემას ახერხებს. რაც შეეხება პრაქტიკას, სტუდენტებს დამატებითი კურსებისა და ტრენინგების გავლა უწევთ, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული. განათლების მისაღებად და სამსახურისთვის მზად ყოფნისთვის ამდენი ხარჯების მიუხედავად, სტუდენტების დიდი ნაწილი ან დაუსაქმებელია ან ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზეა.

"ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. უნივერსიტეტს ვამთავრებ და ხელში არაფერი მრჩება. უამრავი ტრენინგი და სხვადასხვა კურსი გავიარე იმისთვის, რომ ჩემს პროფესიაში გავწაფულიყავი. ახლა მარკეტინგით ვარ დაკავებული და მენეჯერად ვმუშაობ. ჯერ სწავლა არ დაწყებულა და არ ვიცი უნივერსიტეტი როგორ შემიწყობს ხელს" - აღნიშნავს ეკატერინე ყავლაშვილი.

ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი პრობლემაც ჩნდება: ლექციებს შორის 3-4-საათიანი შუალედების გამო სტუდენტები საკმარის ყურადღებას ვერც სტაჟირებებს უთმობენ და ვერც სწავლას. ეკა ყავლაშვილის თქმით, "დრო აღარ გრჩება რამე სხვა აკეთო. ლექციების გაცდენის ხარჯზე მიწევდა ერთწლიანი სტაჟირების გავლა ტელევიზიაში, რომელსაც შემდეგ თავი დავანებე სწავლის გამო".

აღნიშნული პრობლემები აქვს თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს:

"სტაჟირება გავიარე პირველ არხზე, ვმონაწილეობდი ინტერნიუსი-საქართველოს პროექტში სტაჟიორად, მაგრამ უნივერსიტეტი ჩემს სამუშაო გამოცდილებასთან არანაირ კავშირში არ არის" - ამბობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი მარიამ ლეჟავა.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სტუდენტის თამუნა ცოფურაშვილის თქმით, მისი პროფესიით სამსახურის შოვნა ძალიან პრობლემურია. ფსიქოლოგებზე მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია, მითუმეტეს ფსიქოლოგ სტუდენტზე. უნივერსიტეტი არ ზრუნავს იმაზე, რომ სტუდენტებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვითი სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი ხატია მელაძე აღნიშნავს, რომ ყველა სტუდენტის სურვილია, იყოს დასაქმებული, მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხოს, რომ სწავლას შეუთავსოს. ასეთი სამსახური კი რთულად მოსაძებნია. ფაქტობრივად, პრაქტიკის მიღების საშუალება სტუდენტებს არ აქვთ. "ჩემი პროფესიით სტაჟირების გავლა მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება მომავალი სამსახურისთვის" - ამბობს ხატია მელაძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტის თეონა ბოჭორიშვილის თქმით, უნივერსიტეტი ხელს არ უწყობს დროის მხრივ. საგნები სულ სხვადასხვა დროს აქვს და ვეღარ ახერხებს მუშაობის დაწყებას.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის უფროსი გიორგი ჩანთლაძე ამბობს, სტუდენტებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას Fაცებოოკ-ის გვერდით აწვდიან, ასევე უგზავნიან ელექტრონულ ფოსტაზეც. ეწყობა სტუდენტების შეხვედრები სხვადასხვა კომპანიასთან და ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, სტუდენტები იწყებენ სტაჟირებებს სხვადასხვა დაწესებულებაში და ხშირად შტატიანი თანამშრომლებიც ხდებიან.

"წლის დასაწყისში ვაცხადებთ ტესტირებას იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნდათ გაიარონ შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირება. ვინც წარმატებით დაძლევს გამოცდას, ავტომატურად ხვდება ბაზაში. შემდეგ ხდება ამ სტუდენტებთან გასაუბრება და მათი შერჩევა სხვადასხვა სახის სამსახურისთვის. ისინი საქმდებიან სამთვიანი სტაჟირების ვადით და თავის გამოჩენის შემთხვევაში, სტუდენტებს აქვთ შანსი, დასაქმდნენ როგორც შტატიანი თანამშრომლები" - ამბობს გიორგი ჩანთლაძე უნივერსიტეტში სტუდენტების დასაქმების შესახებ.

უნივერსიტეტში დასაქმებული სტუდენტები დღეში 4 საათს მუშაობენ ისე, რომ ხელი არ შეეშალოთ სწავლაში. სტუდენტური სერვის ცენტრის უფროსის თქმით, უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტაჟიორს, მიიღოს კარგი გამოცდილება და ისწავლოს მუშაობა, შეეჩვიოს სამუშაო გარემოს.

კავკასიის უნივერსიტეტში კი არსებობს კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართვას სხვადასხვა ღონისძიებაში, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, შეიძინონ დასაქმებისა და სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.

"დასაქმების სამსახურის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. ეხმარება კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს დამსაქმებლებთან კონტაქტების დამყარებაში. სამსახურის მთელი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მაღალი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე", - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახურის უფროსი ხატია ჯიქია.

მისივე თქმით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები დასაქმებულები არიან უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტში. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. "კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საქმდებიან მესამე/მეოთხე კურსიდან. ისინი სწავლობენ და პარარელურად მუშაობენ. კავკასიის უნივერსიტეტი ხელს უწყობს მათ ყველანაირად. ისე ადგენს ლექციების განრიგს, რომ არ შეეშალოთ ხელი დასაქმებაში".

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ნანა მამაგულაშვილს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. მისი თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების დასაქმებაზე სხვადასხვა ფორმით ზრუნავს. წარჩინებულ სტუდენტებს ხშირად უნივერსიტეტის სტრუქტურებსა და ფაკულტეტებზე დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ასევე გაფორმებულია მემორანდუმები სახელმწიფო და კერძო უწყებებთან, რომელიც თსუ-ს სტუდენტების სტაჟირებას ითვალისწინებს.

"საბანკო სექტორისა და კომერციული უწყებების წარმომადგენლები ინტენსიურად მიმართავენ უნივერსიტეტს სტაჟირების და შემდგომი დასაქმების პროექტებით. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და ფაკულტეტების დეკანატები, რათა სტუდენტი დროულად იყოს ინფორმირებული და მიეცეს ამ პროექტებში მონაწილეობის საშუალება. ინფორმირება ხდება როგორც ვებგვერდის, სოციალური ქსელებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე სასწავლო კორპუსებში სტენდებზე პოსტერების განთავსებით" - ამბობს ნანა მამაგულაშვილი.

განსხვავებული სიტუაციაა საზღვარგარეთ. ნორვეგიასა და გერმანიაში მუშაობა ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, აქაც, უნივერსიტეტი ლექციების დროს მომუშავე სტუდენტის განრიგს არ უთავსებს.

ნორვეგიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის "Oსლო ანდ Aკერსჰუს Uნივერსიტყ ჩოლლეგე"-ის საქართველოდან ჩასული სტუდენტის თამუნა მოსიძის ინფორმაციით, აქ ყოველი მეორე სტუდენტი მუშაობს. "მუშაობის უფლება აქვთ გაცვლით პროგრამებით ჩამოსულ სტუდენტებსაც და მათ ნორვეგიული ენის არცოდნის გამო დაბრკოლება არ ექმნებათ. მუშაობენ მიმტანებად, გაზეთების დამრიგებლებად, მაღაზიებში და ა.შ. ჩამოსულ სტუდენტებს კვირაში 20 საათის მუშაობის უფლება აქვთ. უნივერსიტეტებში სემესტრის ნახევარი ეთმობა Fიელდწორკ-ს, სადაც სტუდენტები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ბევრი ჩამოსული სტუდენტი, დაახლოებით 13:00 საათიდან თავისუფალნი არიან და შემდეგ მთელი დღე შეუძლიათ მუშაობა. სტუდენტების ნაწილი მუშაობს ღამის ბარებშიც და უნივერსიტეტის გაცდენა არ უწევთ", - ამბობს თამუნა მოსიძე.

გერმანიაში სამსახურის შოვნას დემოგრაფიული მდგომარეობაც უწყობს ხელს. საქმე იმაშია, რომ სტატისტიკურად გერმანიის მოსახლეობა დაბერებულია, სულ უფრო მეტი გადის პენსიაზე და თავისუფლდება სამუშაო ადგილებიც, რომლებსაც იკავებს ახალი თაობა, ამ უკანასკნელის რაოდენობა კი წინას ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სამუშაო ადგილები ინტენსიურად ჩნდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებშიც, ამიტომ ახალგაზრდებს თავიანთი საცხოვრებლების მიტოვება და სხვა ადგილზე დამკვიდრება ხშირად უწევთ.

"როგორც წესი, იმის შანსი, რომ სამუშაოს იმავე ქალაქში მოძებნი, რომელშიც ცხოვრობ, ძალიან იშვიათია. გერმანიაში უამრავი ქალაქია, სადაც ყველაფერი განვითარებულია, ამიტომაც სამსახურს ყველა იშოვის" - ამბობს გერმანიის Oტტო-ვონ-Gუერიცკე Uნივერსიტყ Mაგდებურგ-ის საქართველოდან ჩასული სტუდენტი ნათია ცოფურაშვილი. "დასაქმების შანსი აქ უფრო მეტია. რამდენიმე უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა ფირმასთან, სადაც შესაძლოა, დასაქმდეს სტუდენტი. თუმცა, სტუდენტი, ამ შემთხვევაში, თვითონ ირჩევს, თუ რომელი ფირმა ურჩევია მას".

რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ყოველი სტუდენტისთვის სავალდებულოა 1-2 თვე გაიაროს პრაქტიკა. სტუდენტი ბოლო სემესტრში მუშაობს და რაც მანამდე ისწავლა ცხოვრებაში ითავისებს. ამის შემდეგ კი საბაკალავრო, ან სადიპლომო, ან სადოქტორო ნაშრომს წერს. ამ ყველაფრის გარეშე ვერცერთი სტუდენტი უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებს.

"აქ მთავარია, მოინდომო. აქ არც მშობელი გაგაჩერებს სახლში უმუშევარს, ასე რომ მზად უნდა იყო ყველაფრისთვის. თუ მოინდომებ, სამსახურს აუცილებლად იპოვი" - თქვა ნათია ცოფურაშვილმა.

სტუდენტების დასაქმების პრობლემის გადაჭრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც ცდილობს. მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლითაც აღნიშნული პრობლემის მოგვარება იგეგმება. მისი თქმით, სამინისტრომ შეიმუშავა სისტემური მიდგომა, რომლის ფარგლებში სტუდენტების დასაქმებას ხელს შეუწყობენ.

"შევიმუშავეთ რეგიონული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში 73 მუნიციპალიტეტში დაიდგმება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომპიუტერები, რომლებშიც განთავსდება სრული ინფორმაცია, რაც კი შეეხება ახალგაზრდებს. ასევე, გვინდა დავამყაროთ ურთიერთობა საზოგადოებრივ დაწესებულებებთან, კერძო სექტორებთან, რათა მათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათთან არსებული ვაკანსიების შესახებ" - ამბობს რატი ბრეგაძე.

იგეგმება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გადახედვა, რაშიც სტუდენტების დასაქმებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება და სახელმიწფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრება ის, რომ სტუდენტები სწავლის პარალელურად იყვნენ დასაქმებულნი.

"ამავდროულად, ვგეგმავთ საკანონმდებლო რეფორმის წამოწყებას ახალგაზრდობის მიმართულებით. სხვადასხვა სამინისტროსთან, პარლამენტთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც დაასაქმებენ ახალგაზრდებს, სახელმწიფოსგან ჰქონდეთ გარკვეული შეღავათები. გვინდა, რომ სწორედ კანონმა შეუწყოს ხელი ახალგაზრდებს დასაქმებაში. სახელმწიფო ვერ დაავალებს რომელიმე კერძო სექტორის წარმომადგენელს, დაასაქმოს ისინი, სახელმწიფომ უნდა დააინტერესოს კერძო სექტორი მათ დასაქმებაში" - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

სტუდენტების ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ ერთი მხრივ, ასეთი დამოკიდებულება კარგიცაა, რომ უნივერსიტეტი სამსახურს არ გთავაზობს. ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდა დამოუკიდებლობას ეჩვევა, ხვდება, რომ არავინ გადაყვება და პირადად არ ეტყვის სამუშაო ადგილების შესახებ.

ფაქტი კი ფაქტად რჩება, საქართველოში უმუშევრობის პრობლემა დგას და სტუდენტების უმეტესი ნაწილი მშობლების იმედად ცხოვრობს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary