დასაქმება მომსახურების სფეროში "სამარცხვინოა"?
დასაქმება მომსახურების სფეროში "სამარცხვინოა"? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,მე ოფიციანტად არ ვიმუშავებდი, მომსახურების სფეროში მუშაობას მირჩევნია საერთოდ არ ვიმუშაო".

,,მგონი, დღეს სათაკილო არ არის თუნდაც ოფიციანტად მუშაობა. არანაირი პრობლემა არაა და კარგია, ახალგაზრდა ადამიანი ასეთი საქმით რომ არის დაკავებული".

მთელს მსოფლიოში სტუდენტები, ძირითადად, მომსახურების სფეროში მუშაობენ. საქართველოში ეს ტენდენცია ახლა შემოდის და სტუდენტების დამოკიდებულება ამ საქმიანობის მიმართ საკმაოდ განსხვავებულია. ახალგაზრდების დამოკიდებულება მშობლების აზრის შესაბამისია და მუდმივად მერყევი.

თამარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ის უკვე 2 წელია აქტიურად არის ჩართული მომსახურების სფეროში, თუმცა, იხსენებს დროს, როდესაც ,,პოპულის"" მაღაზიათა ქსელში პირველად მოუწია კონსულტანტად მუშაობა. ,,2012 წლის ზაფხულში ,,სუმმერ ჯობ""-ის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი ნათესავთან ერთად, მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ. სწავლის დასრულების შემდეგ ისევ თბილისში მომიწია დარჩენა, რადგან ამ პროგრამის ფარგლებში სამსახურში გამოცხადება ყოველდღიურად მიწევდა. დღის განმავლობაში რამდენიმე საათს ვმუშაობდი. თავისუფალი დრო კი საკმაოდ მრჩებოდა. გადავწყვიტე, სხვა სამსახურიც მეპოვნა და დამატებით შემოსავალი გამომემუშავებინა. ძალიან მალე "პოპულში" გამოცხადებული კონსულტანტის ვაკანსიის შესახებ გავიგე და მუშაობაც დავიწყე. თავიდან მშობლებს ვერ ვეუბნებოდი, რომ სხვა სამსახურშიც ვმუშაობდი. ერთი კვირის შემდეგ გადავწყვიტე, მეთქვა, მაგრამ მე ღამის ცვლაშიც მიწევდა მუშაობა და ამის შესახებ მაინც არაფერი ან ვერაფერი ვუთხარი მათ. ვიცოდი, მშობლების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა". როგორც თამარი ამბობს, საქართველოში მშობლების უმეტესობა წინააღმდეგია შვილებმა იმუშაონ სუმერმარკეტებსა თუ რესტორნებში ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს მათი აზრით, ,,სამარცხვინოა". ქვეყანაში არსებული დასაქმების დაბალი დონის გამო მოსახლეობის უმეტესობას ეკონომიურად უჭირს. სწორედ ასეთმა ეკონომიურმა გაჭირვებამ, შეიძლება, აიძულოს მშობელი მომსახურების სფეროში დასაქმებაზე თანხმობა უთხრას თავის სტუდენტ შვილს, მაგრამ იმ შემთხვევში, როცა ეს სამსახური მხოლოდ თავის დასამკვიდრებლად, უნარების გამოსამუშავებლად უნდათ, არ თანხმდებიან.

სამუშაო გამოცდილების მიღებას სტუდენტები მომსახურების სფეროში დასაქმებით იწყებენ. ეს არის ერთ-ერთი გზა თვითრეალიზაციისთვის, რადგან საკუთარი პროფილით სამსახურის პოვნა პირველი-მეორე კურსის სტუდენტისთვის არცთუ ისე ადვილია. ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაწყების სურვილი კი მშობლების მხრიდანაა იგნორირებული.

თამთა ჯაფარიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. დამამთავრებელ კურსზეა და მისთვის პრიორიტეტია საკუთარი პროფილით დასაქმება. მუშაობს კიდეც. ,,ელფის"" გამომცემლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. სამსახური მისი მშობლებისთვისაც მისაღებია, მაგრამ ადრეულ ეტაპზე მასაც ჰქონდა ცდა, ემუშავა მომსახურების სფეროში, თუმცა, მშობლების აკრძალვის გამო ვერ მოახერხა: ,,ახლანდელ სამსახურთან დაკავშირებით არ მქონია წინააღმდეგობა მშობლების მხრიდან, პირიქით, ძალიან გაუხარდათ, თუმცა, ადრე იყო შემთხვევა, როცა არ გამიშვეს სამუშაოდ. მაშინ ვიყავი მეორე კურსზე და ერთ-ერთ პატარა სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე ამიყვანეს. გრაფიკი იყო 24 საათიანი და ჩემმა მშობლებმა ჩათვალეს, რომ სწავლაში ხელი შემეშლებოდა. გრაფიკის მიხედვით: 1 დღე-ღამე მუშაობდი, 2 დღე-ღამე ისვენებდი... სანამ გასაუბრებაზე წავიდოდი არაფერი მითქვამს მათთვის, მაგრამ რომ მოვედი და ვუთხარი, ვიწყებ მუშაობას-მეთქი, ამიხსნეს, რომ არ ღირდა, მერე მეც დავფიქრდი და ჩავთვალე რომ მართლები იყვნენ"".

მანანა კვინტრაძე უკვე წლებია, რაც გერმანიაში ცხოვრობს. სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ჯერ მუშაობდა, გარკვეული პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშავა და ახლა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მისი თქმით, მომსახურების სფეროში დასაქმებასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში განსხვავებული ხედვა აქვთ: ,,აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით არამარტო გერმანელებს, არამედ მთელ დასავლურ სამყაროს. ბავშვებს უკვე დაახლოებით 13-დან 16 წლის ასაკში დააქვთ გაზეთები, ჩემი ჯგუფელები, თითქმის ყველა, ვისაც შრომა არ ეზარება და მდიდარი ოჯახიდან არაა, მუშაობენ სასტუმროებში მიმტანებად, სამზარეულოში დამხმარედ და ა.შ. სტუდენტები სწორედ ასე შოულობენ ჯიბის ფულს. წლებია უკვე ასეა გერმანიაში და უფროსი თაობის ხალხიც ასეა გაზრდილი. პატიოსანი შრომა სირცხვილი როდია! მოსწავლეები პრაქტიკას გადიან სხვადასხა ფირმაში ზაფხულის არდადეგებზე. ამ პრაქტიკების მეშვეობით უამრავ ახალგაზრდას უყალიბდება წარმოდგენა, თუ რა პროფესიას აირჩევს მომავალში. ჩემი გერმანელი მეზობლებისთვის ეს სრულიად მიღებული პრაქტიკაა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობაში ისინიც მუშაობდნენ, გამოიმუშავებდნენ საკუთარი ჯიბის ფულს. მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია დანერგილია ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულებაც დადებითი აქვთ"", - ამბობს ის.

გერმანელი სტუდენტების ორი მესამედი სწავლის პარალელურად მუშაობს. ზოგიერთი მათგანი საკუთარი შემოსავლით ფარავს უმაღლესი სასწავლებლის გადასახადს. მიმტანი, ტაქსის მძღოლი, გამყიდველი – დროებითი სამუშაოების ვაკანსიები პოპულარულია სტუდენტებში. როგორც გერმანიის სტუდენტურმა კავშირმა გაარკვია, შეთავსებით მომუშავე სტუდენტების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. წინა კვლევებთან შედარებით, მომუშავე სტუდენტების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. სტუდენტები კვირაში საშუალოდ 13,5 საათს მუშაობენ. მათ შეუძლიათ კვირაში 15 საათიც იმუშაონ ნახევარ განაკვეთიან სამუშაოზე. სტუდენტების 40% მუშაობს ისეთ დროებით სამუშაოებზე, როგორიცაა მიმტანი, გამყიდველი, ტაქსის მძღოლი ან ოფისის დამხმარე. 28 % მუშაობს, როგორც დამხმარე, თანაშემწე უნივერსიტეტებში სამეცნიერო საქმიანობის კუთხით. მათი საშუალო საათობრივი ანაზღაურება 10 ევროა. (მონაცემები მომზადებულია გერმანული გამოცემის მიხედვით - ჰტტპ://წწწ.ფაზ.ნეტ/აკტუელლ/ბერუფ-ცჰანცე/ცამპუს/დეუტსცჰეს-სტუდენტენწერკ-ვიელე-სტუდენტენ-არბეიტენ-ნებენბეი-1594918.ჰტმლ )

,,მუშაობა საშუალებას მაძლევს, დამოუკიდებელი ვიყო. ჩემი საკუთარი ჯიბის ფულის ქონა, ვფიქრობ, მშობლებისთვისაც შეღავათი უნდა იყოს"" - ამბობს მეოთხე კურსის სტუდენტი ნათია ბადირეიშვილი. მისი თქმით, საქართველოში რაც სირცხვილად მიაჩნიათ: მიმტანად, დამლაგებლად მუშაობა, სხვა განვითარებულ ქვეყნებში სრულიად მიღებულია. ,,ჩემი მეგობარი ათენში ცხოვრობს, წელს სკოლას ამთავრებს და უკვე სამსახური აქვს. ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, კაფეში ჭურჭელს რეცხავს და ამაში ცუდს და სამარცხვინოს არავინ ხედავს. მართალია, ამ ასაკში ვერ გექნება მაღალხელფასიანი სამსახური, ვერ დასაქმდები შენი ინტერესებისამებრ, მაგრამ გექნება საკუთარი შრომით მოპოვებული ფული. თავიდან ლანგრით არავინ მოგართმევს კარგ სამსახურს, ყველაფერი შრომით მიიღწევა" - ამბობს ნათია.

ლალი შენგელია ორი შვილის დედაა, თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციაში - ფონდი "სოხუმი" მუშაობს, ასევე ჟურნალ "ქალთა ხმის" და სხვადასხვა გამოცემის რედაქტორია. ის გვესაუბრა სტუდენტობის ასაკში მომსახურების სფეროს სპეციფიკაზე. ,,მუშაობა არასოდეს ყოფილა სათაკილო, ახლა მით უმეტეს... მე ორი სტუდენტი შვილი მყავს. შარშან ორივე მოხვდა საზაფხულო პროგრამაში. ერთი კლინიკაში მუშაობდა ასისტენტად, მეორე - ბიბლიოთეკაში წიგნებს ალაგებდა... ორივემ უდიდესი სიამოვნება მიიღო, ამასთან ერთად - საკუთარი ხელფასი... გამონაკლისი არც მომსახურების სფეროა. თუკი თავისუფალ დროს იმუშავებენ ახალგაზრდები და თავიანთ ნაშრომში მიიღებენ გასამრჯელოდ, ამაში არაფერია ცუდი... იმედია, ნელ-ნელა მიეჩვევა ხალხი...""- ამბობს სტუდენტი შვილების დედა.

ახალგაზრდებში დასაქმების სფეროს პოპულარიზება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ექცევა. სამინისტროს მიზნებს შორის არის საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ კანდელაკის თქმით, ის იდეა, რომ ახალგაზრდებში პოპულარიზება გაეწიოს მომსახურების სფეროს აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა, ჯერჯერობით სამინისტროს ახლანდელი პრიორიტეტების მიხედვით, ამ სფეროში ახალგაზრდების დასაქმების პოპულარიზება არაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, დეპარტამენტი ამჟამად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, სადაც აქტიურად ხდება სტუდენტების ჩართვა, მათ ანაზღაურებაც ეძლევაც და ეს არის ერთგვარი წახალისება.

ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვახტანგ ასანიძის თქმით კი, დღეს მომსახურების სფერო, ძირითადად, მაინც ახალგაზრდებს უკავიათ. ,,მუშაობას იწყებს ახალშექმნილი სამთავრობო კომისია, რომელიც შეიმუშავებს მომავალი წლის პრიორიტეტებსა და შეიქმნება ბაზა, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა მიმართულებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. კომისია ჩაატარებს კვლევას, კვლევის ფარგლებში კი გამოვლინდება, რა მიმართულებით უნდა იმუშაონ. თუ კვლევის მიხედვით, პრიორიტეტებში მოექცა მომსახურების სფეროც, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიმოქმედებთ ამ მიმართულებით. არსებულ ფინანსურ რესურსებს გამოვიყენებთ და ეს ჩადგება უკვე სახელმწიფოს მიერ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებში"" - აღნიშნა ვახტანგ ასანიძემ.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary