21 წლის სალომე მიქაძე ორგანიზაციის "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ოფისის მენეჯერია. ის ეტლით გადაადგილდება, მაგრამ ეს სულაც არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი იმისთვის, რომ საზოგადოების აქტური წევრი იყოს.
სალომე ორგანიზაციაში მისი დაარსების დღიდან მუშაობს იმ თემებზე, რომელიც ყველაზე კარგად ესმის. პრობლემებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა, მაინც აღნიშნავს, რომ თბილისი გადაადგილებისთვის საუკეთესო პირობებს არ სთავაზობს.
"ქუჩაში ყოველდღიურად გადაადგილება რეალურად რომ ვთქვათ, თითქმის წარმოუდგენელია. ტროტუარზე ვერ გადავდივარ. მიწევს გზაზე სიარული და რამდენჯერ გადავრჩენილვარ ავტოავარიას".
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა, ამბობს, რომ ბოლო დროს მათი მხრიდან დაინტერესებამ იმატა. "ელემენტარულის გათვალისწინებაა საჭირო. თუნდაც ის, რომ გზაზე სიარული არ გვიწევდეს და ტროტუარებზე გადასვლა შევძლოთ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ იყოს კიბე, რომელიც ასეთ დისკომფორტს გვიქმნის. საავადმყოფოებსაც კი არ აქვთ ის პირობები, სადაც ჩვენ სრულფასოვან გადაადგილებას შევძლებთ" - აღნიშნავს სალომე.
სამსახური არ უძებნია, ამბობს, რომ კარგად იცის, რა ხდება ამ მხრივ. "ყოველთვის, როდესაც ორი ადამიანი მიდის სამასხურის საძებნელად, მათგან კი - ერთი ეტლით გადაადგილდება, ან ყავარჯნით, ყოველთვის ირჩევენ იმას, ვისაც გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია..." - ამბობს სალომე.
ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დაფუძნებულია. "მათ უკეთ იციან, რა სჭირდებათ, იციან ის პრობლემები, რის წინაშეც თავად დგანან და როგორ უნდა მოაგვარონ. იმის მაგივრად, რომ სხვას ელოდო, როდის გააკეთებს შენთვის სასარგებლო საქმეს, ჯობია, თავად შეცვალო და მიიღო მონაწილეობა მის გამოსწორებაში. სამოქალაქო საზოგადოების მთავარი პრინციპიც ხომ სწორედ ეს არის - ყველა თავადაა ჩართული სხვადასხვა პროცესში" - გვითხრა ორგანიზაციის ასისტენტ მენეჯერმა ნინო ბაიდაურმა.
ორგანიზაციის მიზანია მაქსიმალური ჩართულობა, შშმ პირთა ადვოკატირება, თანამშრომლობა ცვლილებებისთვის და ინფორმაციულობის ხარისხის ამაღლება. მისი არსებობა ჯერ მხოლოდ 2 წელს ითვლის, თუმცა, უკვე საკმაოდ ბევრი პროექტი განახორციელა. "ჩვენ ვაწყობთ სახვადასხვა ივენთს, შეჯიბრებას, სადაც შშმ პირები იღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია ის, რომ რეგიონებიდანაც ჩამოდიან ამისთვის. მთავარი კი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის მათი უფლებების დაცვა. ამ მხრივ მრავალი პროექტი გვაქვს. ახლა მიმდინარე პროექტია რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბება. სულ 5 რეგიონი გვაქვს არჩეული და გვინდა, რომ თითოეულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა იცოდეს საკუთარი უფლება და იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული. გვინდა, ჰქონდეთ განცდა იმის, რომ მათ თავად შეუძლიათ რაღაცის შეცვლა.
ორგანიზაციის ძალლისხმევით სულ მალე ორი კანონპროექტი ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკურ გარემოს და შშმ პირთა დასაქმებას. "როდესაც ახალი პროექტები, თუ შენობები შენდება, უნდა იყოს გათვალისწინებული შშმ პირთა უფლებები. სახელმწიფომ არ უნდა დაამტკიცოს ისეთი პროექტი, სადაც მათთვის ელემენტარული პირობები არ იქნება შექმნილი" - აღნიშნავს ნინო.
შშმ პირთა დასაქმებაზე ორგანიზაციაც ზრუნავს, რისთვისაც ისინი სოციალურ საწარმოს ხსნიან. პირველი პროექტი უკვე გამოუშვეს და იმედოვნებენ, რომ დასაქმებულთა რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება.
ალბათ, შეგიმჩნევიათ, გადასასვლელ ხიდებზე რკინის კონსტრუქციები, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების საშუალებას უწოდებენ. სინამდვილეში ის ეტლის ზომაზეც კი არ არის მორგებული, არათუ გადასაადგილებლად.
სახელმწიფოს გარდა ამ ადამიანებისთვის მედიას, ასევე საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. როგორც ნინო ბაიდაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათი ორგანიზაცია სამომავლოდ მედია ტრენინგებსაც გეგმავს. "პირველ რიგში საჭიროა სწორი ტერმინების შერჩევა, რასაც, სამწუხაროდ, ჟურნალისტები ხშირად არ ითვალისწინებენ. მედიას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე, რისთვისაც აუცილებელია, ეს თემები სწორად იყოს გაშუქებული. საზოგადოებაში სიბრალულის განცდა არ უნდა იყოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სიბრალული არ სჭირდება, მათ უნდათ გარემო, რომელშიც სრულფასოვნად იგრძნობენ თავს" - განმარტავს ნინო ბაიდაური.
ძალიან ბევრი შშმ პირი ვერ გახდა სტუდენტი მხოლოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა მოქმედებას. "განსაკუთრებით მძიმე სიტუაციია განათლების მხრივ. უნივერსიტეტებში მათთვის არ არის შქმნილი ის გარემო, სადაც კომფორტულად იგძნობენ თავს, სულ რამდენიმე უნივესიტეტშია გადაადგილების საშუალება, რაც აუცილებლად მოსაწესრიგებელია" - აღნიშნავს ასისტენტ მენეჯერი.
სალომე მიიჩნევს, რომ საზოგადოების მხრიდან სულ ელემენტარულია საჭირო. "ამ ყველაფერს უნდა შეხედონ სხვა თვალით. თანაგრძნობა არაფერ შუაშია. თუ აშენებენ, გაითვალისწინონ, რომ არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც და მათაც შეუქმნან შესაბამისი გარემო. თითოეული ადამიანი თუ დაფიქრდება ამაზე და წვლილს შეიტანს, კარგი იქნება" - ამბობს სალომე.
მარიამ ჯავახიშვილი 21 წლისაა და ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემები უნდა გავითავისოთ და ვიცოდეთ, რა დაბრკოლებები ექმნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. "ჩვენ ყველას გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, რომ თანასწორნი ვართ. ყველაზე მეტად, ალბათ, ეს დამოკიდებულება სჭირდებათ ამ ადამიანებს. გადაადგილების საშუალებებიდან რომ დავიწყოთ, ქალაქში პანდუსების პრობლემა უნდა მოიხსნას, სადაც არსებობს, იქ ზოგჯერ მისი გამოყენება შეუძლებელია. შემხვედრია მიწისქვეშა გადასასვლელებში პანდუსები, რომლის ბოლოს ჯიხურია ჩადგმული, რაც ვფიქრობ, არასწორია. ამ და მსგავს დეტალებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და საჭირო უწყებებს მივმართოთ, ვისაც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა შეუძლია. მე, როგორც მომავალი ჟურნალისტი, ერთ პრობლემასაც გავიხსენებდი, ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად შშმ პირების დისკრიმინაციას ვახდენთ, როდესაც მათ "უნარშეზღუდულებს" ვუწოდებთ, მაშინ, როცა ეს ადამიანები, არცთუ იშვიათად, განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით არიან დაჯილდოებულნი. მედიამ კი, სწორედ მათი ამ კუთხით წარმოჩენა უნდა შეძლოს" - აღნიშნავს მარიამ ჯავახიშვილი.