ახალბედა და წარმატებულ შემოქმედთა პრობლემები
23 ნოემბერი, 2013
ახალბედა და წარმატებულ შემოქმედთა პრობლემები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ყოველგვარი აბსურდი, რომელიც ურითმოა, შედევრად ინათლება. დევნიან იმ ახალგაზრდებს, ვინც გალაკტიონის გზას მისდევს. რითმიანი და მელოდიური ლექსის მიმართ აუტოდაფეა გამოცხადებული’’ - ამბობს ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა ფიფია.
მისი თქმით, ქართულ ლიტერატურულ პორტალებზე რეიტინგული ბილწსიტყვიანი ლექსებია. მას მაგალითიც მოჰყავს: ,,ელიტარული ლექსების აუცილებელი ატრიბუტია გინება, ბილწსიტყვაობა. ერთ-ერთი სტროფი გენიოსად აღიარებულ პოეტის ლექსიდან: ,,მაწონი? მოგ.....ან დედის ნაწოვი”, ,,ვიღაცის ბოზი მამაიდა ვიღაცას აძლევს ნისიად”. მაპატიეთ, ეს ავსიტყვაობაა. მე 32 წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. როცა ხმა ამოვიღე აღნიშნული პოეტის გასაკრიტიკებლად, მითხრეს, მოვა დრო და ამის ნაწარმოებებს სკოლაში ასწავლიანო. ახლა 53 წლისა ვარ. იმედია, მანამდე პენსია მომისწრებს, ან გული გამისკდება’’ - ამბობს ნონა ფიფია.

რა პრობლემები აქვთ ქართველ ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს? რამდენად მარტივია დღეს ნაწარმოების გამოქვეყნება და საზოგადოებითვის თავის გაცნობა? საკმარისია თუ არა უკვე არსებული ლიტერატურული პორტალები, ჟურნალები და ლიტერატურული პრემიები, ამაზე თავად ახალგაზრდა მწერლები და პოეტები საუბრობენ. მთავარი პრობლემა, რაც აწუხებთ დამწყებ და სახელმოხვეჭილ მწერლებს, დაბალი ჰონორარია. დამწყებ მწერლებს უჭირთ საკუთარი სახსრებით წიგნის გამოცემა. მცირეა ისეთი წიგნების რაოდენობა, რომელიც უცხო ენაზე ითარგმნა და საზღვარგარეთ გავრცელდა. ახალგაზრდა პოეტების თქმით, მათთვის მხოლოდ ინტერნეტსივრცეა ხელმისაწვდომი. რთულია პოეზიის საღამოს მოწყობა და ისიც უნივერსიტეტის ფარგლებს არ სცდება.

თეონა დოლენჯაშვილი აღნიშნავს, რომ საკუთარი მოთხრობებისა და ტექსტების გამოქვეყნების პრობლემა არასდროს შექმნია. ,,პირველივე მოთხრობა "ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე" გაზეთ "პარნასის" პრიზით აღინიშნა და მას სხვებიც მიჰყვა. მე, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ ვარ და ვფიქრობ, რომ ყველა თანამედროვე მწერალს ჰქონდა და აქვს თავის დამკვიდრებისა და საკუთარი შემოქმედების რეალიზაციის საშუალება. ნიჭიერი ადამიანი, თუ მას ეს თავად არ სურს, არ იმალება. მის ნაწერებს მტვერი არ ედება და სადმე უჯრაში არ ობდება’’ - ამბობს თეონა. მისი აზრით, დღეს შემქომედი ადამიანისთვის სივრცე გახსნილია: ,,გამოდის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები, სადაც რედაქტორები ეძებენ ახალ ავტორებს და სიხარულით ბეჭდავენ ახალ საინტერესო ტექსტებს’’.

,,პრობლემა ძალიან ბევრია. არ არსებობს სახსრები პოეზიის საღამოებისთვის. ახალგაზრდა პოეტს, რომელსაც საკუთარი ოჯახი ჰყავს სარჩენი, ვერ იქირავებს დარბაზს საღამოს ჩასატარებლად. პოეზიის საღამოები უნივერსიტეტის კედლებს არ სცდება. ასეთ შემთხვევაში ლექსებს ცოტა მსმენელი ჰყავს და თუ ცნობილი პოეტის მეგობარი არ ხარ, ან არ გყავს პიარი, ვერც ვერავინ გაიგებს, რომ პოეზიის საღამო ჩაატარე ’’- ამბობს ახალგაზრდა პოეტი თემურ კაპანაძე. მისი თქმით, პრობლემაა მასმედიაც. გადაცემათა რაოდენობა, რომელშიც პოეზია ფიგურირებს, ისედაც ცოტაა. სატელევიზიო შოუებში კი ისეთი ლექსების ავტორებს იწვევენ, რასაც ნებისმიერი გრძნობამორეული მოზარდი დაწერს.

თავის დამკვიდრება და საზოგადოებისთვის თავის გაცნობა მარტივია და ამავე დროს - რთულიც. ახალგაზრდა მწერლის ერეკლე დეისაძის თქმით, ზოგიერთი თავის დამკვიდრებისთვის მთელი ცხოვრება შრომობს. საბოლოოდ, გამოსდის ან არ გამოსდის, ზოგს უმოკლეს დროში უნდა ყველაფრის მიღწევა და ის საკუთარ თავს ამ კატეგორიას მიაკუთვნებს. მას მიაჩნია, რომ დღევანდელობა იდეალური ადგილია მწერლისთვის: ,,ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უნდა მწერალს და რამდენად კარგი სმენა და ყნოსვა აქვს, არიან ისეთები, რომლებიც დროსა და სივრცეს მოწყვეტილები სადღაც დაფრინავენ. ყველაფერი მწერალზეა დამოკიდებული, უკეთეს გარემოს დასაწერად მგონი ვერც ინატრებს, რადგან საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე აბსურდის თეატრი გრძელდება თავისი გამოგონილი მტრებითა და გმირებით, არადა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. ამის გამო გვჩაგრავს გარეშე მტერიც’’- ამბობს ერეკლე.

დამწყები პოეტის ივდითი ხაჟალიას თქმით, დღეს არ აქვს მნიშვნელობა რას ან როგორ წერ, მთავარია ვისი მეგობარი ხარ, თუ იმას დაწერ, რაც რედაქტორებს მოსწონთ და ყველაფერზე კვერს დაუკრავ, მხოლოდ მაშინ გიწოდებენ პოეტს ან მწერალს. ,,თუ რომელიმე პოეტი მოსწონთ, მას ნომერ პირველ პოეტად შერაცხავენ საქართველოში და თუ შენ სულელს და უვიცს ეს არ მოგწონს „ყველა სიკეთესთან ერთად“ ხმის ამოღებაც არ გაქვს’’ - ამბობს ივდითი.

პოეტი თემურ ჭახნაკია კი მიიჩნევს, რომ წიგნის დაბეჭდვა დღეს გამარტივებულია: ,,ყველა მწერლუკას საკუთარი კრებული აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, წიგნი უნდა დაიბეჭდოს საზოგადოების მოთხოვნით და არა - ავტორის. იმედია, დრო მოვა და დააფასებენ კლასიკოს ავტორებს, როგორიც, მაგალითად, თემურ ელიავაა“.

ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული ჟურნალი ,,ლიტერატურული პალიტრა’’ ახალგაზრდა მწერლებს შესაძლებლობას აძლევს მათი ნაწარმოები ჟურნალში მოხვდეს. რედაქტორის ზაალ ჩხეიძის თქმით, გამოქვეყნებული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ლიტერატურულ კრიტერიუმებს. ,,რაც შეეხება ახალგაზრდა ავტორებს, მინდა გითხრათ, ნებისმიერ ახალგაზრდა და კარგ ავტორს გზა ხსნილი აქვს ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე. ჩვენთვის მთავარი ნაწარმოების ხარისხია და არა ავტორის ასაკი. ახალგაზრდებისთვის გვაქვს ასევე რუბრიკა ,,დებიუტი", სადაც სათაურიდან გამომდინარე, ის ავტორები ხვდებიან, რომლებსაც პირველად ეძლევათ საშუალება, პუბლიკაცია გამოაქვეყნონ ’’ - ამბობს ზაალ ჩხეიძე. ჟურნალის რედაქცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ლიტერატურა ითარგმნოს. აქცენტი გადატანილია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ავტორებზე. ითარგმნება როგორც კლასიკოსების, ისე სრულიად თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის’’ აქტიურ ნაბიჯებს დგამს ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლების დასახმარებლად. ორგანიზაციის დამფუძნებლის ალექსანდრე ახალკაცის თქმით, ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა ლიტერატურული კლუბი, რომელშიც წევრიანდებიან მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა შემოქმედები. ,,ჩემი ორგანიზაცია ახალგაზრდა შემოქმედთა შორის უახლოეს პერიოდში ლიტერატურულ კონკურსს ჩაატარებს. ბოლოს ისეთ ფინალურ კონკურსს ჩავატარებთ, რაც მათ შემოქმედებით მუზას აღმაფრენას მიანიჭებს’’ - აღნიშნავს ალექსანდრე ახალკაცი.

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და მთარგმნელი გივი ალხაზიშვილის თქმით, შეუძლებელია ყველა ახალგაზრდა მწერალს, ზოგადად, რაიმე ურჩიოს: ,,ადრე ვფიქრობდი, რომ დაოსტატებისთვის აუცილებელი იყო გარკვეული სკოლის გავლა, მაგრამ თანდათან დავრწმუნდი, რომ მხოლოდ სწავლება არ არის საკმარისი და ახალგაზრდა მწერალთა სელექციას დრო ახდენს, იმ უნარებისა და ნიჭის მიხედვით, ისინი რომ დამოუკიდებლად იძენენ, ფლობენ და გამუდმებით ავითარებენ’’.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary