სოფელი საუკუნის შემდეგ
14 დეკემბერი, 2013
სოფელი საუკუნის შემდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გუთანი ტექნიკამ შეცვალა, ეტლი - ავტობუსმა, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას წესით უნდა ამარტივებდეს. მაგრამ, ეს საყოველთაო ცვლილებებია და მათ განსაკუთრებულ პროგრესად ვერ განვიხილავთ. ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება, რაც უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში მოხდა, არის ცვლილება სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის თანაფარდობას შორის: მეორის ხარჯზე შემცირდა პირველი.

სოფლად ცვლილება არა მარტო მოსახლეობამ, არამედ კულტურისა და განათლების სფეროებმაც განიცადა. მდგომარეობა გაუარესებულია კულტურისა და განათლების სფეროებშიც, დაკეტილია ბიბლიოთეკები, კულტურის სახლები კი მხოლოდ მცირედით არის დატვირთული, ან ისიც დაკეტილია. სოფლის განმეორებითი სოციოლოგიური კვლევა გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ სოფლების ახლანდელი მდგომარეობა და შევადაროთ საუკუნის წინანდელ მონაცემებს.

სწორედ აღნიშნულ საკითხს იკვლევს „სოფლის სოციოლოგთა კლუბი“. "სოფელი საუკუნის შემდეგ" კვლევის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ივანე ჯავახიშვილის მიერ საუკუნის წინ აღწერილი სოფლების განმეორებით აღწერასა და შედარებითი ანალიზის გაკეთებას. კვლევა გამოავლენს, როგორც სოფლებში არსებულ პრობლემებს, ასევე საუკუნის განმავლობაში არსებული ცვლილებების გავლენას სოფელზე“ - აღნიშნა კლუბის დამფუძნებელმა თემურ გუგუშვილმა.

21-ე საუკუნეში გლობალიზაციის მზარდი გავლენის პირობებში, საზოგადოდ, ქართული სოფლის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა აქტუალური და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, ვინაიდან დღეს ქართული სოფელი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. „ქართული სოფლის დაკნინების ფონზე კი მთლიანად საქართველოს მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პირობებში ქართული სოფელი სტიქიურად და დამოუკიდებლად ადაპტაციას ვერ შეძლებს. ამისთვის ახალი ხელისუფლება ეკონომიკურ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ გაუბედავად. ამ ნაბიჯებთან ერთად აუცილებელია ქართული სოფლის პრობლემების მეცნიერული კვლევა, რათა მისი გადარჩენის ეფექტური გზები და საშუალებები გამოიძებნოს“- ამბობს ფილოსოფიის დოქტორი და სრული პროფესორი ამირან ბერძენიშვილი.

ამირან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ივანე ჯავახიშვილის მიერ საუკუნის წინ აღწერილი სოფლების განმეორებით აღწერა და შედარებით ანალიზი დიდი მეცნიერული ღირებულების მქონეა დინამიკის საჩვენებლად, იმ მიზეზების გამოსარკვევად, რომლებმაც ასეთ სავალალო მდომარეობამდე მიიყვანეს ქართული სოფელი. როგორც ამირან ბერძენიშვილი აღნიშნავს: „გარდა ამისა, ამ კლუბის მოღვაწეობა კულტურული და პოლიტიკური ელფერის მატარებელიცაა, რამეთუ ქართულ საზოგადოებას ღიად შეახსენებს დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებ“.

თავდაპირველად 2010 წელს თემურ გუგუშვილმა „აღმოაჩინა“ ინფორმაცია ჯავახიშვილის კვლევის შესახებ, იდეაც დაიბადა და სამ თანამოაზრესთან - მარიამ კაპანაძესთან, მარიანა გორგასლიძესა და სალომე დოლიძესთან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოფელში არსებული პრობლემებით, ჩამოაყალიბა "სოფლის სოციოლოგთა კლუბი".

ამ დროისთვის 6 წევრისაგან შემდგარი კლუბის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. როგორც კლუბის ერთ-ერთი წევრი მარიამ შარია ამბობს: „ფართო მასშტაბებზე გასასვლელად და ცნობადობისთვის სპეციალური ხერხები არ გამოუყენებიათ. „შეტყობინება“ კი საზოგადოებისათვის იქნება ის გამოფენა-პრეზენტაცია, რომელსაც პროექტის „სოფელი საუკუნის შემდეგ“ ვგეგმავთ“.

განმეორებითი კვლევის ფარგლებში, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში დასრულდება, კლუბის წევრები ოთხი სოფლის ჩართვას გეგმავენ. კვლევის ფარგლებში უკვე მოინახულეს ორი სოფელი: ასკანა (გურია) და არადეთი (შიდა ქართლი). როგორც ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანის მცხოვრები მარიამ სიხარულიძე ამბობს: „მოხარული ვარ და ვემხრობი მსგავსი კვლევის ჩატარებას, რადგან დარწმუნებული ვარ, კვლევა შეძლებს გამოავლინოს ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი სოფლები დგას და ვიმედოვნებ, რომ ვინმე აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ამ ყოველივეს“.

კლუბი გამოკვეთილი ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს, როგორც კლუბის წევრები აღნიშნავენ, თითოეულ მათგანს გულწრფელად აინტერესებს, მოსწონს და უყვარს ის საქმე, რომელსაც ერთად აკეთებენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლუბის არსებობის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, მათ არც დამფინანსებელი ჰყავთ და არც სპონსორები, თუმცა, დროდადრო გამოჩნდებიან მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობაში ეხმარებიან და ექსპედიციების დროს კლუბს უერთდებიან. „კლუბის წევრები ერთდროულად გონიერი, ჭეშმარიტი მამულიშვილები, ივანე ჯავახიშვილის სულისკვეთების მქონე ახალგაზრდა ქართველები არიან“ - ასე აფასებს ამირან ბერძენიშვილი კლუბის წევრებს და მისი რჩევებიც მხოლოდ პრობლემების მეცნიერული კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სფეროთი შემოიფარგლება: „ჩვენი ურთიერთობა უფრო გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატში მიმდინარეობს. მუდამ ვცდილობ, სიძნელეების დაძლევაში დავეხმარო და შესაბამისად, კი არ ვურჩევ, არამედ თითოეულ მათგანს ვუსურვებ: მიზნისაკენ მიმავალი სწორი გზიდან არ გადაუხვიონ!“

"სოფლის სოციოლოგთა კლუბი" ასევე თავისივე სახსრებით, ორგანიზებას უწევს ექსპედიციებს დაცარილებულ სოფლებში, რომლებიც მიზნად ისახავს სოფლად არსებული სიტუაციის აღწერას, სოფლის დაცარიელების მიზეზების კვლევას, გამოვლენილი პრობლემების წინ წამოწევასა და შესაბამისი ინსტიტუტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ჩვენ გვსურს, გავახმოვანოთ რომელიღაც „მიყრუებულ“ სოფელში შემორჩენილი თანამოქალაქეების სათქმელი, მათი სატკივარი და სურვილები“ - ამბობს თემურ გუგუშვილი. მათ შორის იყო 23-24 ნოემბერს ექსპედიცია გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანას ხეობაში მდებარე ორ მცირემოსახლეობიან სოფელში - სოფელ ყველათუბანსა და ქვემო ბოშურში, რომელებიც უგზოობისა თუ სხვა პრობლემების გამო ძნელად მიუვალ ადგილებს წარმოადგენენ.

როგორც ამირან ბერძენიშვილი ამბობს, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ქართველი ახალგაზრდების გულისტკივილსა და გონების ხმას. რადგან, კლუბის წევრებმა უკვე ბევრი შეძლეს ქართული სოფლის პრობლემების გამოსავლენად, რაზეც მათ მიერ გაკეთებული მოხსენებები თუ პრეზენტაციები მოწმობს, მაგრამ ამ ურთულესი პრობლემების კვლევასა და რეკომენდაციების დადებას მხოლოდ ეს პატარა სტუდენტური კლუბი დაუხმარებლად და სათანადო ორგანოების მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary