მოხალისეობის ინსტიტუტის პრობლემები საქართველოში
15 დეკემბერი, 2013
მოხალისეობის ინსტიტუტის პრობლემები საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოხალისეობის ინსტიტუტი საზოგადოების წარმოდგენაში ასოცირდება სტაჟირებასა და დასაქმებასთან. რას ნიშნავს რეალურად მოხალისეობა? 2001 წლიდან ქვეყნების უმრავლესობამ დღის წესრიგში დააყენა მოხალისეობის სახელმწიფო პროგრამების შექმნის საკითხი. რა სახის ცვლილებები და წინსვლა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში 2013 წლამდე? მეზობელი ქვეყნებისა თუ მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის კანონმდებლობაში მოხალისეობის ცნების შემოღება და კანონმდებლობის შექმნა ხელშემწყობია მომავალში მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებისთვის. რა ხელშეწყობა აქვთ მოხალისეობის სისტემაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კლუბებს?

,,მოხალისეობა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოხალისეობრივი საქმიანობების ხელშეწყობის კუთხით დემოკრატიულ ქვეყნებს’’ - ვკითხულობთ 2013 წლის აგვისტოში არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand–ის მიერ ჩატარებულ კვლევაში. კვლევაშივე წავიკითხვათ დასკვნას: ,,მოხალისეობა არც თუ ისე პოპულარულია, სიტყვა „მოხალისეს“ კი საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულების მატარებელი დატვირთვა ჯერ კიდევ არ აქვს, უფრო მეტიც, არ არსებობს „მოხალისეობის“ და „მოხალისის“ სამართლებრივი განმარტება, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული საბაზისო უფლება-მოვალეობანი’’. იმავე დასკვნას აკეთებს 2011 წელს ჩატარებული კვლევის ,,სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო პრაქტიკა’’ ერთ-ერთი ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი არჩილ აბაშიძე. ის განმარტავს მოხალისეობის ცნებასაც: ,,მოხალისეობა არის ადამიანის კეთილ ნებაზე დაფუძნებული საქმიანობა, ჩვენთან მოხალისეობა არ არის პოპულარული და გულისხმობს მხოლოდ ახალგაზრდების ჩართულობას. მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს ინსტიტუტი იმდენადაა განვითარებული, რომ მოხალისეები არიან არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ ნებისმიერი სხვა ასაკის ადამიანები. მათ აქვთ სურვილი, თავისუფალი დრო, კეთილი ნება და ეხმარებიან სხვებს’’. ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, ხსნის მიზეზებს, სტუდენტებისა და, ზოგადად, ახალგაზრდების გარდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლები რატომ არ არიან მოხალისეები? ,,ერთადერთი ახსნა ის არის, რომ ხალხს მატერიალურად უჭირს. თავისუფალი დროის ქონის მიუხედავად, მათ ძირითად მიზანს საკუთარი თავისა და ოჯახის გამოკვება წარმოადგენს, ახალგაზრდებს კი ნაკლებად აქვთ ოჯახის შენახვის პრობლემა’’ - ამბობს არჩილ აბაშიძე. ის ასახელებს ასევე მეორე მიზეზსაც, რაც უკავშირდება ტრადიციას. მისი თქმით, საქართველოში არ გვაქვს მოხალისეობის ტრადიცია. თუ არ ჩავთვლით საბჭოთა კავშირის დროს არსებულ აქტივობებს, ძალდატანებით მოსახლეობის ჩაბმას ე.წ. ‘’შაბათობებში’’.

საქართველოში გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და კლუბები აქტიურად ცდილობენ, დანერგონ ,,მოხალიეობის’’ პრაქტიკა. რადგან ეს, მათი თქმით, ხელს შეუწყობს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას, დაათბობს და გაამყარებს ურთიერთობებს. ყოველ ახალ წამოწყებულ საქმეს პრობლემა, დაბნეულობა და სიძნელე ახლავს, მაგრამ უცხოელი მოხალისეებისა და ორგანიზაციების დახმარებით ცდილობენ ფეხის მოკიდებას ‘’მოხალისე’’ ორგანიზაციებად.

არასამთავრობო ორგანიზიაცია ,,Helping Hand’’ 2009 წელს ახალგაზრდების ჯგუფმა ამერიკელ მოხალისე ქეით სტაროსტკას დახმარებით დააარსა. ორგანიზაციის ერთ-ერთი მისიაა ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის დანერგვა და მათი ფორმირება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თიკო მესხი საუბრობს საქართველოში მოხალისეობის სისტემისა და იმ სიძნელეების შესახებ, რაც თავიდან მოხალისეების ჯგუფის შეკრებას ახლდა: ,,მოგეხსენებათ მოხალისეს ჩვენს საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულების მატარებელი დატვირთვა ნაკლებად აქვს. ალბათ, ამიტომაც, ჩვენი საქმიანობის დასაწყისში გვიჭირდა ისეთი ხალხის მოძიება, რომლებიც ჩვენთან ერთად მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვებოდნენ’’. მისი თქმითვე, დღეს მდგომარეობა და დამოკიდებულება გამოსწორდა, ზოგჯერ ინიციატივა თვითონ ახალგაზრდებიდანვე მოდის. ,,შექმნილი გვაქვს ”მოხალისეთა ინკუბატორი”, სადაც 300-ზე მეტი ახალგაზრდაა გაწევრიანებული. როგორც მოხალისეები, ისინი საქმიანობენ თითქმის ყველა სფეროში. მოხალისეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან, მოხუცებთან, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან. ხშირად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებო ღონისძიებაში და საკუთარ ინიციატივებსაც ახორციელებენ ’’ - ამბობს თიკო მესხი.

თბილისელი სტუდენტების 15% ამჟამად მოხალისეა, 30% წარსულში იყო მოხალისე, ხოლო 55% არასდროს ყოფილა მოხალისე. ასეთი შედეგები აჩვენა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Helping Hand’’–ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. კვლევის დროს შეირჩა 8 სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მიმართულების 1500 სტუდენტი. მათგან 160-მა გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, გამოიკითხა ბაკალავრიატის 1340 სტუდენტი, რომელთა ასაკი 17-დან 29 წლამდეა. გამოკითხულთა 52% მდედრობითი სქესისაა, 48% კი – მამრობითი. კვლევის შედეგებს ორგანიზაციის წარმომადგენელი უარყოფითად აფასებს. ,,მოხალისეობრივ საქმიანობაში და მოხალისეობის დონე საკმაოდ დაბალია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი არაინფორმირებულობა და ნაკლებობაა ისეთი ორგანიზაციებისა თუ ღინისძიებების, სადაც შესაძლებელი იქნება მათი მოხალისეებად ჩართვა. გამოკითხვის შედეგები ასევე გვიჩვენებს, რომ მოხალისეებს სურთ გარკვეული წახალისება. წახალისებაში იგულისხმება, მაგალითად, გარკვეული ჯილდო, რომელიც მათ მომავალში მიანიჭებთ უპირატესობას უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას და ა.შ. ასევე, პრობლემებს ქმნის ისიც, რომ დღემდე არ არსებობს ”მოხალისის” სამართლებრივი განმარტებები და არ განისაზღვრება მოხალისეთა უფლება-მოვალეობანი’’ - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Helping Hand’’-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თიკო მესხი. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს. ისინი მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ერთად მოხალისეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობენ.

რაც შეეხებას საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებს, იურისტი ნანა ღონღაძე განმარტავს, რომ მოხალისის ინსტიტუტის ერთიან დეფინიციას საქართველოს კანონმდებლობა არ გვთავაზობს. მისივე თქმით, მოხალისის ცნება გვხვდება გარვეულ კონვენციებსა და ხელშეკრულებებში.

''მარიანი'' არასამეწარმეო, არაკომერციული ორგანიზაციაა. 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურადაა დარეგისტრირებული, თუმცა მანამდე არსებობდა, როგორც საინიციატივო ჯგუფი. ,,საქართველოში უსინათლოები დამოკიდებულნი არიან მხოლოდ ოჯახის წევრებზე, არ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრი, სკოლამდელი ინტერვენციის შესაძლებლობა... ზოგადად, უსინათლობა საქართველოში აღიქმება, როგორც მხოლოდ სამედიცინო პრობლემა. არადა სხვა ქვეყნების გამოცდილებით ჩვენ დავინახეთ, რომ უსინათლო ადამიანებისთვის სრულიად მეტი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, ვიდრე ეს საქართველოში წარმოედგინათ’’ - ამბობს ანა. არასამთავრობო ორგანიზაცია ''მარიანი'' სხვადასხვა პროექტში აქტიურად რთავს მოხალისეებს. როგორც ანა განმარტავს, მუშაობის პროცესში გარკვეული სახის პრობლემები მათაც ექმნებათ. ,,პრობლემური სიტუაცია რომ იყო, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ ამ სფეროში მუშაობა. ერთ-ერთი, რაც ახლა მახსენდება, არის თავად ბენეფიციარების დაბალი მოტივაცია, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, ასევე საზოგადოების მხრიდან ხშირი შეცოდება და სტერეოტიპული აზროვნება. მუშაობისას, როცა ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილებას ვასწავლით, უამრავ პრობლემას ქმნის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არაადაპტირებული გარემო. ასევე ხშირად მიიჩნევენ, რომ უსინათლო ადამიანებს მხოლოდ მუსიკასა და პოეზიასთან დაკავშირებული პროექტები აინტერესებთ და რთულია სპორტული აქტივობების საჭიროების დამტკიცება’’ - ამბობს ანა მიქიაშვილი.

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის დეპარტამენტში შექმნილია მოხალისეთა კლუბი. მოხალისეობის არსის შესახებ ცენტრის საიტზე ვკითხულობთ: „დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებისთვის აუცილებელია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და გააზრება იმისა, რომ მათ აქვთ არა მხოლოდ უფლებები, არამედ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რასაც ხელს უწყობს მოხალისეობა, სამოქალაქო ჩართულობა. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ფატი მუმლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოხალისეთა კლუბის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები. „მოხალისეთა კლუბის" მიზანია მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციის გზით მოზარდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება. პროექტის ამოცანაა სკოლებში ინფორმაციის გავრცელება და შეხვედრების ორგანიზება, მოხალისეობრივ პროექტებში ჩართულობა და განხორციელება. მოხალისეთა კლუბი დაახლოებით ორი წელია ფუნქციონირებს, თავიდან კლუბის წევრები ხდებოდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ჩვენ შერჩევითი მეთოდით ვაწევრიანებდით. ახლა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად გაწევრიანდნენ კლუბში. აქ მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვისებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც’’- აღნიშნავს ფატი მუმლაძე. მისი თქმით, ცენტრი გარკვეული სახის დახმარებას უწევს სხვა არაამთავრობო ორგანიზაციებს და სურვილის შემთხვევაში, მათ უთმობენ დარბაზს შეხვედრების მოსაწყობად, დებატებისთვის.
საქართველოს სპორტისა და ახალაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვახტანგ ასანიძის თქმით, სამინისტროში 2011 წელს რამდენიმე სემინარი და ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ ეს არ იყო სერიოზული მოქმედება და კამპანია. ,,ჩვენ უკვე მომავალი წლიდან ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ მუშაობა არა მხოლოდ მოხალისეობის მიმართულებით, არამედ, ზოგადად, არაფორმალური განათლების მიმართულებითაც. ამას გარდა, წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს წლის ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად. ერთ-ერთი ნომინაციაა ,,წლის ახალგაზრდა მოხალისე’’. წლის ბოლოს დამახურების მიხედვით ნომინაციებში გამარჯვებულებს სამინისტრო გადასცემს საჩუქრებს’’. ვახტანგ ასანიძე აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში სამინისტროს ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და პროექტებში ჩართულები იყვნენ მოხალისეები. მისივე თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას თავად აქვს შემუშავებული სტრატეგია და სამინისტრო შეეცდება, მათ მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

22 წლის ეკა ჩახვაშვილის თქმით: ,,ადამიანები ვცხოვრობთ ბედნიერებისთვის, განსაკუთრებულ სიამოვნებას გვანიჭებს სხვების დახმარება. არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა იქნები, თუ ხანშიშესული, აუცილებელია, ყოველთვის დაეხმარო სხვებს, იყო მოხალისე და ხელიდან არ გაუშვა სხვისი გახარებით მიღებული სიამოვნება''.

,,არასდროს ვყოფილვარ მოხალისე, როგორც არასამთავრობოსა თუ კლუბის წევრი, მაგრამ მე ყოველთვის ვეხმარები ადამიანებს. არ მიმაჩნია, რომ ეს ვინმემ უნდა მიგითითოს, ეს უნდა იყოს შენი კეთილი ნება, მაგრამ იცი, რა არის მთავარი? ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე შეიცნონ, თუ რა არის მოხალისეობა და რას გულისხმობს, მათ უნდა ვასწავლოთ, რომ შეიცვალოს ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მოხალისე რომ მხოლოდ სტუდენტი ჰგონიათ'' - ამბობს 30 წლის თემურ შენგელია.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary