ღამის ცხოვრება: მეტი სითამამე, თავისუფლება, ნაკლები სნობიზმი, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება...
21 დეკემბერი, 2013
ღამის ცხოვრება: მეტი სითამამე, თავისუფლება, ნაკლები სნობიზმი, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება... ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
უძილო ღამე, განტვირთვა, ცოტა სასმელი, დასვენება და გართობა - სწორედ ასე ახასიათებს ღამის ცხოვრებას ე.წ. ‘’ქლაბერი’’. კლუბური ცხოვრების ცნება, რომელიც ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა და ინტენსიური განვითარება ერთი ათწლეულის შემდეგ მოიპოვა, მხოლოდ ამერიკული ჯაზური კლუბების ატმოსფეროს მოიაზრებდა, დღეს ის ნებისმიერი დიდი ქალაქის აუცილებელი ატრიბუტია.
თანამედროვე ღამის კლუბი - წარსული კლუბური ცხოვრებისა და ულტრათანამედროვე ახალი ცხოვრების წესის ერთგვარი ტრანსფორმირებული ვარიანტია. ღამის კლუბი ასოცირდებოდა განსხვავებულ, კონკრეტულ საზოგადოებასთან, დღეს ღამის კლუბის ვიზიტორებს შორის სხვადასხვა პროფესიული მიმართულების, გემოვნების წარმომადგენელს შევხვდებით. საქართველოში ღამის გართობა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არსებობს და განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის. როგორია კლუბური ცხოვრების რეალობა? იძლევა თუ არა ქართული კლუბები დამღლელი დღეების შემდეგ გართობისა და მოდუნების შესაძლებლობას? ამაზე თავად ახალგაზრდები საუბრობენ.

კლუბური გართობის მოყვარულთა ასაკობრივი ზღვარი 18-დან 55-წლამდე მერყეობს. კლუბების სამუშაო გრაფიკი საღამოს 6 საათიდან უკანასკნელი სტუმრის წასვლამდეა. ღამის კლუბების უმეტესობა რეკლამით საზოგადოებას სთავაზობს პოპულარულ მუსიკას, კარგად გაზავებულ კოქტეილსა და მთავარი განათების კარგ ტონალობას. ზოგიერთი კლუბი სტუმრებს მეგობრული პერსონალით, ჩილიმით, ხელმისაწვდომი მომსახურებით, კარგი სამზარეოლოთი აწონებს თავს.

25 წლის თათია აქტიური „ქლაბერია’’, ის საუბრობს ღამის კლუბებში არსებული სიტუაციის შესახებ და ამბობს, რომ ქართული კლუბები ერთფეროვნებას ვერ სცდება: ,,მე აქტიური „ქლაბერი“ ვიყავი, ერთ თვე გავიდა, რაც კლუბში აღარ ვყოფილვარ. მიზეზი ერთფეროვნებაა, არაფერი იცვლება, არც ხალხი. ერთსა და იმავე სახეებს ნახავთ სულ. ყველა აქტიური „ქლაბერი’’ პირადად თუ არა, შორიდან მაინც ერთმანეთს იცნობს’’ - ამბობს ნინო. მისი თქმით, კლუბებში კვირის ბოლოს უდავოდ ბევრი ხალხია. კლუბში გართობას თან ახლავს ექსტაზი, რომელიც სხვადასხვა პრეპარატით მიიღწევა. ნინოს თქმით, საქართველოში წამლის მიღება კლუბში მარტივი არაა, თუმცა, თუ იცნობ შესაბამის ადამიანებს, მას აუცილებლდ მოიპოვებ.

კლუბში წასვლის მთავარი მიზანი დასვენებაა, ოღონდ სასურველი მუსიკის დახმარებით. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ღამის კლუბები მსმენელს ისეთ მუსიკას სთავაზობენ, რაც მასაზეა გათვლილი და გამორჩეული არსად არაფერი ხვდებათ. არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც კლუბში ჩამოჰყავთ უცხოელი დიჯეები.

,,დროდადრო მიყვარს კლუბში სიარული და მეგობრებთან ერთად დავდივარ კიდეც მაშინ, როცა ვიცი, რომ იმ საღამოს კლუბში ჩემთვის სასურველ მუსიკას უკრავენ. ჩემთვის მიუღებელია, ვუსმინო მასაზე გათვლილ მუსიკას’’ - ამბობს 21 წლის თეონა ელიზარაშვილი.

22 წლის ლანასთვის კლუბი გართობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა: ,,კვირის ბოლოს დიდი სიამოვნებით ვერთობი მეგობრებთან ერთად, თუ, რა თქმა უნდა, გარემომაც შემიწყო ხელი, რაც ამ ბოლო დროს იშვითად ხდება’’. ის საუბრობს ქართული კლუბების ხარვეზებზე: ,,არტისტები ხარისხიან მუსიკას თითქმის არ უკრავენ, ყველა ცდილობს, მასისთვის მისაღები მუსიკა დაუკრას და ხალხი მიიზიდოს. ამ დროს კი მუსიკის ხარისხს ყურადღება აღარ ექცევა. სწორედ ამიტომ იშვიათად ვარ კმაყოფილი კლუბით და იქ არსებული მუსიკით, რაც, ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორია და მეპატრონეებისთვის ყურადსაღები’’ - ამბობს ლანა.

არიან ახალგაზრდები, რომლებიც კლუბსა და ღამის ცხოვრების გართობას არ ცნობს და მიუღებლად მიაჩნია: ,,პირადად ჩემთვის, კლუბური ცხოვრებით გართობა ასოცირდება ყოველგვარ უაზრობასთან, სიგარეტის ბოლით ავსებულ სივრცესთან, უაზროდ მთვრალ ადამიანებთან, ცეკვის მხრივ კი პირველყოფილურ მოძრაობებთან’’ - ამბობს არიადნა აფრასიძე.

საინტერესოა, იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ღამის ცხოვრება უფრო აქტიური და აქტუალურია, სადაც კლუბში გართობა უფრო ფართო ცნებას მოიაზრებს და „ქლაბერების’’ რიცხვიც ჩვენი ქვეყნის საერთო რაოდენობას აღემატება.

ანი მირიანაშვილი ახლა ჰოლანდიაში ქალაქ გრონინგერში ცხოვრობს და სწავლობს, ის გვიამბობს ჰოლანდიური ღამის ცხოვრების შესახებ. მისი თქმით, ღამის ცხოვრება 2 საათიდან იწყება და ზოგჯერ წარმოუდგენელ ადგილებშიც კი კლუბური საღამოები ეწყობა: ,,ღამის ცხოვრება 2 საათიდან იწყება, მანამდე ისეთი სიმშვიდეა, ვერ წარმოიდგენ თუ არსებობს. ყველა ქალაქში არსებობს ორი სახის კლუბი: ერთი, რომელიც ქალაქის ცენტრშია და მეორე სახის, რომელიც მიწისქვეშეთშია. მაგალითად, ჩემთან ქალაქში შაბათ-კვირას ჩვეულებრივ ქარხანას აქცევენ კლუბად და უკრავენ, ძირითადად, ტექნომუსიკას’’. მისი თქმით, ქალაქში ყოველდღე რაღაც სიახლეა ახალგაზრდებისთვის, არსებობს უამრავი ჯაზბარი, სადაც თავად სტუდენტები უკრავენ. მისივე თქმით, ჩასული სტუდენტები განსაკუთრებით ეტანებიან ნარკოტიკებს, რადგან ამ ქვეყანაში ისეთი ნარკოტიკიც, რომლის გამოყენება ნებადართული არაა, ადვილად მოსაპოვებელია.

2012 წელს ილიას მარკეტინგის ლაბორატორიის ფარგლებში ჩატარდა კვლევა თბილისის ღამის კლუბების შესახებ, თბილისში არსებული ღამის კლუბების რეიტინგისა და მათდამი მომხმარებელთა დამოკიდებულების დასადგენად. მარკეტინგული კვლევის მიზანი იყო თბილისის 18-55 წლამდე ასაკის მოსახლეობის აზრის დადგენა ყველაზე პოპულარული ღამის კლუბების შესახებ. იმ კრიტერიუმების დადგენა, რომლებიც განსაზღვრავენ ღამის კლუბის რეიტინგს ბაზარზე. კვლევაში აღნიშნულია ასევე, რომ მათ შეისწავლეს მომხმარებელთა სურვილები და ინიციატივები.

,,თბილისში ამჟამად ფუნქციონირებს 10-მდე ცნობილი და რამდენიმე ნაკლებად პრესტიჟული კლუბი. რაც შეეხება კვლევის ობიექტებს, ისინი იყვნენ 18-55 წლამდე ქალაქ თბილისში მცხოვრებნი. მათი დაყოფა მოვახდინეთ შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებად: 18-25; 26-35; 36-45; 46-55. სულ გამოვიკითხეთ 597 ადამიანი. შემთხვევით შერჩეულთა 53%-ს შეადგენენ მდედრობითი სქესის, ხოლო 47%-ს მამრობითი სქესის წარმომადგენლები. კვლევის კითხვარის საშუალებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 51% დასაქმებულია, 43% - სტუდენტი, ხოლო 6% - დროებით უმუშევარი.
მარკეტინგული კვლევა თბილისის ღამის კლუბების შესახებ ტარდებოდა, როგორც სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე პირისპირ გამოკითხვით, ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კვლევამ მოიცვა მთელი ქალაქი, და არ მიენიჭა პრიორიტეტები რომელიმე გარკვეულ უბანს. ამასთან ერთად, ჩვენ მიერ შერჩეული და კითხვარში მითითებული ღამის კლუბები მდებარეობს ქალაქ თბილისის სხვადასხვა უბანში’’ - ვკითხულობთ კვლევაში.

შედეგებიდან ვიგებთ, რომ: გამოკითხულთა 59.8% პროცენტი დადის ღამის კლუბში. ამასთან აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთება 18-25 წლის ადამიანების აქტიურობა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ღამის კლუბს არც ისე ხშირად სტუმრობს.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კლუბის შერჩევისას არის მუსიკა, ხოლო ყველაზე ხშირად უმნიშვნელო კრიტერიუმად დაასახელეს საკვები.

სასურველად დასახელდა ისეთი ღამის კლუბის არსებობა, სადაც ცეკვისთვის საკმარისი სივრცე იქნება შემოთავაზებული. ასევე ზოგიერთი მომხმარებლის სურვილია, კლუბი განთავსებული იყოს ქალაქიდან მოშორებულ ადგილას.

რესპოდენტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მომსახურე პერსონალის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს აგრესია, არამედ პირიქით, გახდნენ მომხმარებელზე ორიენტირებულნი. ასევე პრობლემას წარმოადგენს სუფთა საპირფარეშოების უქონლობა.
ალკოჰოლთან დაკავშირებით გამოთქმული უკმაყოფილება, ძირითადად, მაღალ ფასებს უკავშირდება. მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა, არ არსებობს ლეგალური ჩარჩო.

უკმაყოფილება ივენთების კრეატიულობის დონით და შოუს ელემენტების ნაკლებობით ასევე ხშირად სახელდებოდა. კვლევის მსვლელობისას გამოიკვეთა ისეთი მოწოდებები, როგორიცაა მეტი სითამამე, ნაკლები სნობიზმი, მეტი თავისუფლება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary