ახალგაზრდა პატიმრების ცხოვრება გისოსებისა და რკინის კარს მიღმა
28 დეკემბერი, 2013
ახალგაზრდა პატიმრების ცხოვრება გისოსებისა და რკინის კარს მიღმა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გაიღვიძებ (არა, გაგაღვიძებენ დილის 8 საათზე ე.წ. ‘’პრავერკაზე’’) და შენ წინ გისოსებია. დღეების, თვეების, წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას ხარ, დაახლოებით 15-20 კვადრატულში. გენატრება ოჯახი, რომლის სანახავადაც პერიოდულად გენიშნება: ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემანი.
ყველაზე მეტჯერ საკუთარი ოჯახის ნახვა პაემნის საშუალებით არასრულწლოვან პატიმრებს შეუძლიათ: მათ უფლება აქვთ ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეთ 4 ხანმოკლე პაემანი, ერთი წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი და 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით თვეში - 1 დამატებითი ვიდეოპაემანი. დილით სასადილოში მიირთმევ საუზმეს, შუადღემდე ანუ სადილამდე ხარ ‘’თავისუფალი’’. შუადღით სადილის შემდეგ ისევ დგება დრო ‘’თავისუფალი ქცევის’’, შემდეგ ისევ სავახშმოდ გიხმობენ და, საბოლოოდ, გკეტავენ შენს სამყოფელში, რომ დაისვენო, განიტვირთო და იფიქრო.

როგორია არასრულწლოვანი და ახალგაზრდა პატიმრებისადმი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დამოკიდებულება? რა კეთდება მათი რესოციალიზაციისთვის? სასჯელის მოხდის შემდეგ ცხოვრების ნორმალურ რიტმში ჩადგომისთვის? რას გვიჩვენებს ფაქტები და როგორია არასრულწლოვანი და ახალგაზრდა პატიმრების რეალური მდგომარეობა? სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ოქტომბრის შემდეგ პრობაციონერთა რიცხვი მკვეთრად, 37 000-დან 13 600-მდე შემცირდა. აქედან 901 ქალია და 253 - არასრულწლოვანი. მიდგომები იცვლება, ინერგება განვითარების ერთიანი ხედვა, რაც გადმოღებულია ევროპული სისტემიდან და მორგებულია ქართულ რეალობას. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში იუწყებიან: 2010 წლიდან პენიტენციურ სისტემაში დაინერგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება იმ მოზარდთათვის, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში იმყოფებიან. შეიქმნა ინდივიდუალური შეფასება, მონიტორინგისა და რისკის შეფასების ინსტრუმენტები. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სქემის სამოქმედო ფორმატები. ასევე, ახალი მიდგომის წარმატებით განხორციელების მიზნით, თითოეული თანამშრომლისათვის ნორმატიულ დონეზე ახლებური ფუნქციონური უფლება-მოვალეობა გაიწერა და საქმის წარმოების ახალი სისტემა ჩამოყალიბდა.

კონცეფციის მიხედვით, არასრულწლოვანთა გამოსწორების დაწესებულების პერსონალში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რიცხვი გაიზარდა. მოხდა მათი ახალ მიდგომაზე მორგებული, ახლებურად შემუშავებული ტრენინგ-მოდულების შესაბამისად გადამზადება. დღესდღეობით არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში ყველა მსჯავრდებულის მიმართ მიმდინარეობს სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა, რომლის მიზანია მოზარდისათვის რისკის შემცირება და მის საზოგადოებაში სრულყოფილ წევრად დაბრუნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის’’ ხელმძღვანელი და ყოფილი პოლიტპატიმარი ალექსანდრე ახალკაცი აღნიშნავს, რომ დასაფასებელია ის პოზიტიური ნაბიჯები, რასაც ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის მანძილზე სასჯელაღსრულების სამინისტრო დგამს. ,,ქმედითი ნაბიჯები იწვევს არამხოლოდ პატიმართა რაოდენობის საგრძნობლად შემცირებას, არამედ იმ გარემოს გაუმჯობესებას, სადაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უწევთ ყოფნა. სახელმწიფო მაქსიმალურად ჰუმანური უნდა იყოს მსჯავრდებულებისადმი და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა მიმართ. ის, რაც ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ხდება, იმის მეათედი არ გაკეთებულა მთელი 9 წლის მანძილზე. ცოდვით დაიწვებოდით ისეთ დანაშაულზე აკავებდნენ ბავშვებს და უფარდებდნენ გირაოს, ხოლო, რომ ვერ იხდიდნენ გირაოს, იჭერდნენ. ნახავდით დაკავებულებს პურის, წამლის მოპარვისთვის’’ - აღნიშნავს ალექსანდრე ახალკაცი. ის იხსენებს 14 წლი ბიჭს, რომელიც წამლის მოპარვისთვის დააპატიმრეს. ,,და ჰყოლია სიცხიანი და რომ ვერ ყიდულობდნენ მშობლები წამალს, ვერ გაუძლო დის ტანჯვას და სიცხის დამწევი წამალი მოიპარა, დაახლოებით, 3 ლარის ღირებულების’’ - ამბობს ალექსანდრე.

პენიტენციური სისტემის ქმედითი ნაბიჯები დასაფასებელია, თუმცა, განუწყვეტლივ გვესმის არასრულწლოვანი პატიმრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. არასამთავრობო ორგანიაცია ,,ახალგარდა უფლებადამცველთა ასოციაციის’’ წევრი ნიკა მემანიშვილი აღნიშნავს, რომ მას ხშირი კონტაქტი აქვს ახალგაზრდა პატიმრებთან. ის ბოლოს 25 დეკემბერს შეხვდა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმარს, რომელსაც ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილ გოგა ძველაიას საქმეზე რეალური ინფორმაცია აქვს და რომლის გამოც ის 12 დეკემბერს ქუთაისის დაწესებულებიდან გადმოიყვანეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში. ,,რუსთავის ნომერ მე-6 დაწესებულებაში მასზე გრძელდება ზეწოლა, არის იზოლირებული, იმყოფება არაადამიანურ პირობებში, არ აქვს ელემენტარული ჰიგიენური პირობები, მის მშობლებს მონახულების შესაძლებლობა არა აქვს’’ - განმართავს ნიკა მემანიშვილი. მისივე თქმით, აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაბამისი სამსახურების მიერ და ორგანიზაციის სახელით მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს პატიმარზე ზეწოლა, დააბრუნონ ის ქუთაისის დაწესებულებაში და დაიკითხოს მოწმის სახით ძველაიას საქმის ირგვლივ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტური და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით: არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტური პრევენცია, საკანონმდებლობის ბაზის დახვეწა; პასუხისმგებლობისა და საპატიმრო სასჯელის ალტერნატივების შემუშავება და დანერგვა; კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. სწორედ ამის გამო შემუშავდა არასრულწლოვან პატიმრებში განრიდების პროგრამა: ,,განრიდება საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობით წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიულ მექანიზმს. ამ პროგრამის მიზანია, არასრულწლოვანი ჩართოს იმ ზიანის ანაზღაურების პროცესში, რომელიც მისმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია, ასევე მოახდინოს მისი სოციალური რეაბილიტაცია და ხელი შეუწყოს მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას’’ - აღნიშნავენ სამინისტროში.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მსგავსად, გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ იღებს პროკურორი თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მაშინ, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. შემდგომ პროკურორი საქმის მასალებს უგზავნის სათანადოდ მომზადებულ პრობაციის სამსახურის ოფიცერს, რომელიც მუნიციპალიტეტის და/ან არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეიმუშავებს საზოგადოებისათვის სასარგებლო პროგრამას სამართალდამრღვევი არასრულწლოვანისათვის.

აღნიშნულ საქმეს ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“. ისინი წლების განმავლობაში ახორციელებენ პროექტებს პატიმრების მომზადებისა და გათავისუფლებისთვის. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, აღნიშნული პროექტები საკმაოდ წარმატებული და შედეგზე ორიენტირებულია. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შედიან ფსიქოლოგები და სამოქალაქო განათლების ტრენერები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ პატიმრებთან. „პროექტის მიზანს წარმოადგენს, რომ გათავისუფლებული პატიმარი სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას, გათვითცნობიერებული ჰქონდეს მისი, როგორც მოქალაქის უფლება–მოვალეობა, როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს წინაშე და თავად შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება და ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ბუნებრივია, ვაწყდებით პრობლემებს მათი დასაქმებისას, რადგან კომპანიები, რიგ შემთხვევებში, თავს იკავებენ მათი დასაქმებისგან, თუმცა, ტენდენცია დადებითისკენ იცვლება და ვიმედოვნებთ, რომ ყოფილი მსჯავრდებულების სამოქალაქო ინტეგრაციას უფრო მეტი დამსაქმებელი შეუწყობს ხელს’’ - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე. მისივე თქმით, ხშირია მომართვა პატიმრების მხრიდან მათი უფლებების დასაცავად. ორგანიზაციის იურისტები ცდილობენ, მაქსიმალურად დაეხმარნონ, როგორც მსჯავრდებულებს, ისე ყოფილ პატიმრებს, ორგანიზაციის რეკომენდაციით სხვადასხვა კომპანიაში ბევრი ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდა.

,,სამწუხაროდ, დაწესებულებებში არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები, ასევე ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული კვალიფიციური კადრებით, კერძოდ, სოციალური სამსახური, რომელსაც დიდი როლი აკისრია პატიმრებთან მიმართებაში’’ - ამბობს გიორგი ჭულუხაძე. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, პირადი შეხვედრა ჰქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დიმიტრი დარბაისელთან, რომელიც ახალი ძალით სრული რებრენდინგის განხორციელებას გეგმავს. ,,ამ დროისთვის მიმდინარეობს არსებული სიტუაციის ანალიზი სუსტი და პრობლემური საკითხების გამოვლენის მიზნით, რომელიც გახდება სტრატეგიის ნაწილი და დაიწყება ამ საკითხების მოგვარება. ბუნებრივია, იგეგმება საკადრო ცვლილებები, თუმცა, კვალიფიციური კადრები შენარჩუნდება. ჩვენ მივადევნებთ თვალ-ყურს რეფორმის პროცესს და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას’’ - ამბობს ის და იმედს გამოთქვამს, ორგანიზაცია გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ ორიენტირებული იქნება პატიმრებზე, მათ უფლებებსა და სისტემის ლიბერალიზაციაზე.

არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა მსჯავდებულების რესოციალიაზაციის ხელშეწყობისთვის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში შეიმუშავა ,,არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა მსჯავდებულების რესოციალიაზაციის ხელშეწყობის’’ პროგრამა. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი შორენა შიუკაშვილი აღნიშნავს, პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ მსჯავრდებულთათვის, ყველა იმ დაწესებულებისთვის, სადაც არასრულწლოვანი პატიმრებია, შეისყიდა ყველა საჭირო მასალა და ინვენტარი. ,,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მსჯავრდებულებს საჩუქრად გადასცა სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სპორტული ინვენტარი, მუსიკალური ინვენტარი, ხეზე კვეთისთვის საჭირო აღჭურვილობა ,,ქვილითი’’-სათვის საჭირო მასალა და აღჭურვილობა, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი’’ - აღნიშნავს შორენა შიუკაშვილი. თავის მხრივ, პროგრამა მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: სარეაბილიტაციო და დანაშაულის პრევენციის მიზნით სპორტში აქტიურად ჩართვა, არაფორმალური განათლების მიმართულებით სემინარების ჩატარება, პროფესიონალი (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფა, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარება, მწერლებთან, პოეტებთან, სპორტსმენებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს. როგორც ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი შორენა შიუკაშვილი აღნიშნავს, პროგრამის ფარგლებში მათ გარკვეულწილად შეძლეს ახალგაზრდებში რესოციალიზაციის მთავარი მიზნის შესრულება.

შორენა შიუკაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი წლის პროგრამაზე სამინისტრო უკვე მუშაობს და შეეცდება არსებული თანხების ფარგლებში მსგავსი პროექტი ისევ განახორციელონ არასრულწლოვანი და ახალგაზრდა პატიმრებისთვის.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary