ახალგაზრდების შეფასება პატრიარქის ეპისტოლეზე
11 იანვარი, 2014
ახალგაზრდების შეფასება პატრიარქის ეპისტოლეზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ წყვილს სხვა საშუალება არ აქვს, რომ ბავშვი შეეძინოთ, რა თქმა უნდა , მედიცინას უნდა მიმართონ“.

„ მე პირადად, წინააღმდეგი ვარ სუროგაციის. თუ ასე იქნებოდა საქმე, შვილის აყვანას ვარჩევდი“.

„ როგორც მომავალ ქალს და დედას, პრობლემები რომ შემექმნას ორსულობასთან, ვარჩევ ისევ ხელოვნურ განაყოფიერებას ან სუროგაციას, ვიდრე ბავშვის აყვანას. მეცოდინება, რომ ბავშვი, რომელსაც ვზრდი და ვუვლი არის ჩემი სისხლი და ხორცი. ეს ნებაყოფლობითი თემაა და არ შეიძლება სუროგაციის აკრძალვა. ვისაც უნდა იშვილებს, ვისაც არ უნდა - არა“.

ასეთია ახალგაზრდების დამოკიდებულება იმ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოსმენის შემდეგ დადგა.

უმცირესობათა უფლებები, ოჯახი და იერარქია, ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება, აბორტი, ევთანაზია და თვითმკვლელობა - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაზეც საშობაო ეპისტოლეში ყურადღება გამახვილდა, ეპისტოლეს ტექსტმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, რაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობისა და მღელვარების მიზეზი თუ საბაბი გახდა.

ინ ვიტრო განაყოფიერებასა და სუროგაციას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა და აბორტის თემა გადაფარა. პატრიარქის ეპისტოლეს ამ მონაკვეთში აღნიშნული იყო: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“. საზოგადოების ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულით ამ მეთოდით დაბადებული ბავშვების დისკრედიტაცია მოხდა და გაჩნდა სტიგმის გაჩენის საშიშროება. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეპისტოლეში გამოთქმული აზრის დამახინჯება მოხდა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ახალგაზრდა წყვილები ხელოვნურ განაყოფიერებაზე, სუროგაციასა და აბორტზე.

ახალგაზრდა წყვილი, გიორგი ფხალაძე და მარიამ ორველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ამბობენ, რომ ადამიანის არჩევანზე და კონკრეტულ საჭიროებებზეა დამოკიდებული, მიმართავენ თუ არა ხელოვნურ ჩარევას.

„ვისაც სურს, რომ ბავშვი აიყვანოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებსაც სურთ საკუთარი გენეტიკური კოდის მატარებელი შვილები ჰყავდეთ, რაც ასევე, არაა დასაძრახი. ეს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების გადასაწყვეტია, ამ შემთხვევაში, მათ აქვთ არჩევანის საშუალება“ - ამბობს გიორგი და იმასაც აღნიშნავს, რომ არ სმენია არცერთი მეცნიერული დასკვნა, რომელიც სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვებისგან, ფსიქიკური თვალსაზრისით, განსხვავებულობაზე მიუთითებდეს. გიორგის მარიამიც ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ბავშვები არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან.

„ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვებიც ჩვეულებრივები არიან და საზოგადოებას უბრალოდ შეიძლება დაბალი ცნობიერების გამო ჰგონია, რომ ისინი განსხვავდებიან ან ნაკლებ სითბოს იღებენ. სუროგაციის დროს უბრალოდ ქალს საშუალება ეძლევა, ჰყავდეს ის სანატრელი შვილი, რომელიც არ უჩნდება და ამაში მედიცინაც ერევა და საგანგაშო არაფერია“ - აღნიშნავს მარიამი.

წყვილი აბორტის აკრძალვაზეც გამოხატავს პოზიციას. მათი თქმით, აბორტის აკრძალვა პრობლემებს გამოიწვევს.

„ეს თემა ყოველთვის იწვევს ხოლმე საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფას და მუდმივ დაპირისპირებას. პირადად მე მგონია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში მაინც უნდა დაიშვას აბორტი, რადგან არიან გაუპატიურების შედეგად დაორსულებული არასრულწლოვნებიც, ქალები, რომელთა ორგანიზმსაც წამლავს ორსულობის პროცესი და ამიტომ, აბორტის მთლიანად აკრძალვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. შესაძლოა, უბრალოდ შეზღუდვები დაწესდეს“ - ამბობს მარიამი. გიორგის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი საკითხს უფრო მეტად პრობლემურს ხდის.

აბორტების აკრძალვის მომხრეა 26 წლის აჩიკო: „აბორტსა და ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანის თაობაზე ვეთანხმები პატრიარქს, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“. აჩიკო და თეა ერთი წელია შეუღლდნენ და 9 თვის პატარა ჰყავთ. სუროგაციას ემხრობიან და აღნიშნავენ, რომ თუ წყვილს ბავშვის ყოლის სხვა საშუალება არ აქვთ, მედიცინას უნდა მიმართონ.

„მოვისმინე, რომ ამბობდნენ, ვითომ სუროგატი დედისგან გაჩენილი შვილი მშობლებს არ ეყვარებოდათ, რადგან დედას არ ექნებოდა 9 თვის განმავლობაში მუცლადყოფნის პერიოდი გავლილი, მაშინ ბავშვთა სახლებიდან ბავშვების გაშვილებაც არ უნდა ხდებოდეს, არც ისინი უტარებიათ მუცლით იმ დედებს, რომლებსაც აჰყავთ. გამოდის, რომ უსახლკარო ბავშვები არ უნდა შევიფაროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათი ბიოლოგიური მშობლები არ ვართ“ - აღნიშნავს აჩიკო.

არსებული სიტუაციის შეფასებისთვის ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მივმართეთ. „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, თამარ მოცრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რელიგიური თემატიკით მანიპულირება თვითპოპულარიზაციის საუკეთესო გზა გახდა როგორც საპატრიარქოს, ხელისუფლებისა და პოლიტიკური ფიგურებისთვის, ისე არასამთავრობო სექტორისთვის. მისი თქმით, ეპისტოლეში სუროგაციის შეფასებისას არაკომპეტენტურობა და რადიკალური დამოკიდებულება შეიმჩნევა.

„მიმაჩნია, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უაპელაციოდ იღებს და ეთანხმება პატრიარქის ნებისმიერ განცხადებას, მსგავსი საკითხების შეფასებისგან საპატრიარქომ ან სავსებით უნდა შეიკავოს თავი, ან უფრო მეტად ფრთხილი და კომპეტენტური უნდა იყოს. სუროგაციას მიმართავენ ის ქალები, ვისაც გარკვეული ტრავმის გამო არ შეუძლია დაორსულდეს, ან არსებობს დიდი რისკი, რომ მშობიარობამდე ვერ მიაღწევს. თუმცა, ადამიანებს ძალიან უნდათ, რომ ჰყავდეთ საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ამიტომ, ალბათობა იმისა, რომ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს ან სიყვარული მოაკლდებათ ან მზრუნველობა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა შემთხვევაში“ - ამბობს თამარი.

„ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ წარმომადგენელი საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის სირცხვილი, რომლის მიზეზი მოსახლეობის განათლების დაბალი დონეა.

საპატრიარქოს წინ აქცია „პროტესტი პატრიარქის ეპისტოლეს“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები და კონტრდემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ეპისტოლეს ვაპროტესტებდით, რომელიც ბევრ პრობლემატურ საკითხს შეიცავდა. ერთ-ერთი იყო, როდესაც ეპისტოლეში ბავშვები გამოაცხადეს პრობლემატურებად, რითაც შელახული იყო მათი უფლებები, რამაც შეიძლება მომავალში მათი სტიგმატიზაცია გამოიწვიოს აგრესიულად განწყობილ მართლმადიდებელთა ნაწილში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქი აკრიტიკებდა უმცირესობებს და მათ შორის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და ზოგადად უმცირესობათა უფლებების დაცვა წარმოაჩინა, როგორც პრობლემა. გვქონდა ბანერები, ტრანსფარანტები და აქციაზე დაგვხვდნენ სასულიერო პირები და სხვა მხარდამჭერები. მოგვაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაგვიხიეს პლაკატები. ამის შემდეგ დააკავეს ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. სასამართლო პროცესის შედეგებით უკმაყოფილო ვართ. მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის დარღვევას “ - აცხადებს აქციის ორგანიზატორი ეკა ჭითანავა.

აქციის მონაწილეთა შეკრების ადგილზე იმყოფებოდა გიორგი გაბედავა. მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლე გარკვეული ჯგუფების მხრიდან არასწორად იყო გაგებული და ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად გამოიწვიეს. რაც შეეხება აბორტს, ინ ვიტრო განაყოფიერებასა და სუროგაციას, გიორგი გაბედავა აღნიშნავს, რომ ეპისტოლე გამიზნული იყო მართლმადიდებელი მრევლისთვის და პატრიარქის მოვალეობაა, საკუთარ მრევლს მიუთითოს რა არის არასწორი და გაითვალისწინებენ თუ არა იმას, რაზეც პატრიარქი საუბრობს, ეს უკვე ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული.

ასოციაცია „მომავლის იმედი“-ს თავმჯდომარე თამარ ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ საშობაო ეპისტოლეთი ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით ჩასახული ბავშვების შეურაცხყოფა მოხდა, რაც მისთვის მიუღებელია: „მე ვაცხადებ, რომ ხელოვნური განაყოფიერება და მიღებული ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის თუ ბავშვის საკუთარი დედის საშვილოსნოში აუცილებლად უნდა იყოს ნებადართული, რადგან არის ბევრი პათოლოგია, რომელთა შემთხვევაშიც ამ მეთოდების გარეშე ცოლ-ქმარი ვერ იყოლიებს საკუთარ გენეტიკურ შვილს. მერწმუნეთ, კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდს სინჯარაში შეხვდება თუ კვერცხსავალ მილში ყველა შემთხვევაში ემბრიონი უფლის ნებით ვითარდება. ყველა ბავშვი უფლის ნებით ისახება და იბადება“.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებაში საუბრობენ სუროგაციის კომერციულ ხასიათზე და ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვაზე რიგ ქვეყნებში, თამარ ხაჭაპურიძე ამ საკითხებზეც ამახვილებსს ყურადღებას: „საზღვარგარეთ, სადაც ვითომ არაკომერციული სუროგაციაა ნებადართული, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, წყვილს იმდენად ძვირი უჯდება სუროგატი, რომ ზოგი ბრიტანელი აქ ჩამოდის სუროგაციისთვის. წყვილი ვერსად გაექცევა იმას, რომ სუროგატს 9 თვე ნორმალური კვება და საცხოვრებელი პირობები ესაჭიროება, ეს წყვილის ინტერესებშია, აგრეთვე, ესაჭიროება საორსულო ტანსაცმელი, ოჯახში დამხმარე, სამსახურს თავი უნდა დაანებოს და ამ ყველაფერს კომპენსაცია სჭირდება. ეს ორსულობა განსაკუთრებულ მოვლას, რეჟიმსა და მოფრთხილებას საჭიროებს, იმიტომ რომ საშვილოსნოში ორგანიზმისთვის უცხო ბავშვი იზრდება და არა საკუთარი, და კიდევ ეს ძალიან ძვირადღირებული და რთული სამედიცინო პროცედურის შედეგად ჩასახული და ძალიან ნანატრი ბავშვია“ - აღნიშნავს თამარ ხაჭაპურიძე.

ხელოვნური განაყოფიერება ეკლესიის მხრიდან დაიშვება თუ:


1) განაყოფიერებისთვის გამოიყენება მხოლოდ ცოლ-ქმრის უჯრედები;
2) ემბრიონის ჩანერგვა-განვითარება ხდება არა სინჯარაში არამედ ქალის სხეულში;
3) სხეული უნდა იყოს ბიოლოგიური დედისა (ე.ი. ბიოლოგიური მამის მეუღლისა) და არა "სუროგატი დედის";
4) უნდა მოხდეს ყველა (უგამონაკლისოდ) განაყოფიერებული უჯრედის ჩანერგვა -განვითარება.

აღნიშნულზე საუბრობს მღვდელი ილია ჭიღლაძე. მისი თქმით, სამღვდელოების ნაწილი ამ პოზიციას იზიარებს. მღვდელი ილია ჭიღლაძე სუროგაციას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ სუროგაციის გზით მოვლენილი ადამიანი ღვთის ისეთივე შვილია, როგორც ბუნებრივი გზით გაჩენილნი.

„სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ საკითხებზე ჯერჯერობით არ გამოუხატავს ჩამოყალიბებული საკრებო პოზიცია, მაგრამ სამღვდელოების ნაწილი, იზიარებს ამ პოზიციას და მეც მათ შორის. წყვილებს, რომელთაც აქვთ უშვილობის პრობლემები, უპირველესად რწმენითა და ლოცვით უნდა გაუკმლავდნენ ამ პრობლემას, ასეთია ბიბლიური მაგალითები. რა თქმა უნდა, სამედიცინო საშუალებები, თუ აკმაყოფილებს ჩემოთ ჩამოთვლილ პირობებს, მისაღებია. მედიცინა უფლისაგან ბოძებული ნიჭია, ადამიანის გონიერებისა და შემოქმედებითი უნარის ნიშანი, რაც გამომდინარეობს მისი ღვთისადმი მსგავსებიდან. მაგრამ ამავდროულად, მედიცინას მოეთხოვება გარკვეული კრიტერიუმების დაცვა, მათ შორის უმთავრესის: დაცული იყოს ადამინის სიცოცხლე ჩასახვისთანავე. სუროგაცია კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სუროგაციის გზით მოვლენილი ადამიანი, რა თქმა უნდა, უდანაშაულოა, იგიც ისეთივე შვილია ღვთისა, როგორც ბუნებრივი გზით გაჩენილნი“.

იხილეთ სტუდენტების მოსაზრება

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary