„აუდიოწიგნები უსინათლოთათვის“
18 იანვარი, 2014
„აუდიოწიგნები უსინათლოთათვის“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეისათვის საქართველოში 12000-დან 15000-მდე უსინათლო ადამიანია. წიგნთან მათი ურთიერთობა საჭიროებს უშუალოდ სხვა ადამიანის ჩარევას, გვერდით დაჯდომასა და წიგნის წაკითხვას, რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს და, რიგ შემთხვევებში, შეუძლებელია. მართალია, არსებობს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა და ძნელად ხელმისაწვდომია ყველასთვის, ტირაჟირება კი ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ უსინათლოთა 202-ე საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე მხოლოდ 49 ბავშვი დადის.

ჩვენს ქვეყანაში მცირემხედველთა არათუ სულიერ საზრდოზე ზრუნვა, მათი დამოუკიდებლად და სრულფასოვნად გადაადგილებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურაც კი არ არსებობს (მცირედი გამონაკლისების გარდა).

არსებული რეალობის პირობებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი ინიციატივით შეიმუშავეს და განახორციელეს პროექტი „აუდიოწიგნები უსინათლოთათვის“. პროექტს 6 ორგანიზატორი ჰყავს. აქედან ხუთნი: ქეთევან ქიმოსტელი, ანა მიქიაშვილი, თეკლა ლათიბაშვილი, პაატა ალავერდაშვილი და რაზმიკ ბადალიანი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან, ხოლო მარიამ მიქიაშვილი სპეცპედაგოგია უსინათლოთა სკოლაში. პროექტი არასამთავრობო ორგაიზაციების "მარიანისა" და "სამოქალაქო ინიციატივის" ორგანიზებითა და პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, ჩაწერილია 20 აუდიო წიგნი. ჩაწერილი წიგნების სია:

• ი.გოგებაშვილი "ბუნების მეცნიერებიდან"
• ი. გოგებაშვილი "ბუნების კარი"
• ვაჟა-ფშაველა - საბავშვო მოთხრობები
• ნ. დუმბაძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ძაღლი"
• გ. ჩოხელი - მოთხრობები
• ჯ. ქარჩხაძე - მოთხრობები
• ა. მორჩილაძე "ობლე"
• ზ. დოლიძე "დავით აღმაშენებელი"
• ზ. დოლიძე "თამარ მეფე"
• ზ. დოლიძე "გიორგი ბრწყინვალე"
• რ. გორდეზიანი "ბერძნული მითების სამყარო-მითების სიბრძნე"
• დ. ხოშტარია "კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები"
• ა. ლინდგრენი "მიო, ჩემო მიო"
• ა. ლინდგრენი "ძმები ლომგულები"
• ა. ლინდგრენი "ყაჩაღის ასული რონია"
• კ. კოლოდი "პინოქიოს თავგადასავალი"
• "რობინ ჰუდი" ინგლისური ბალადების მიხედვით
• ა. ბელაევი "ადამიანი ამფიბია"
• ვ. ჰიუგო "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"


წიგნები შერჩეულია უსინათლოთა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების, ასევე განათლების სამინისტროს მიერ. უსინათლოთათვის აუდიოწიგნების ჩაწერისას გათვალისწინებულია მიზანმიმართული კითხვის სტილის სტანდარტები. 20 აუდიოწიგნი ჩაწერილია 14 მოხალისის მიერ, მათი შერჩევა აპლიკაციის ფორმის შევსებისა და კონკურსის საფუძველზე მოხდა. შერჩეულმა კანდიდატებმა წიგნების ჩაწერამდე გაიარეს გაკვეთილი მეტყველების კულტურაში, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა - ივლისსა და სექტემბერში. თითოეულმა მათგანმა (სულ მცირე) 36 სატრენინგო საათი გაიარა, რაც გულისხმობდა ბგერების გაწმენდას, ხმის დამუშავებას, ხოლო ტრენინგის მეორე ნაწილში ხდებოდა კითხვისას იმ სტანდარტების სწავლა, რაც უშუალოდ უსინათლო და მცირემხედველი პირებისაგან მოითხოვება. სტანდარტები გულისხმობს ყოველი სასვენი ნიშნის, ახალი აბზაცის ინტონაციით, პაუზით, კითხვის დინამიკით გამოკვეთას.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მეტყველების ტრენერმა ქეთევან ქიმოსტელმა გვითხრა: „რამდენადაც მხედველისთვის ვიზუალურად შეიძლება იყოს აღქმადი ნაწერი, აუდიოწიგნის მოსმენისას ყოველივე აკუსტიკურად უნდა აღიქმებოდეს“.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და თსუ, სწორედ მათ მიერ გამოყოფილ აუდიტორიებში მიმდინარეობდა ტრენინგები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1 და საპატრიარქოს რადიო, რომელთა სტუდიებში ჩაიწერა წიგნების აუდიოვერსიები.

წიგნები უფასოდ დარიგდება მთელი საქართველოს მასშტაბით, 20 აუდიოწიგნი აიტვირთება Lib.ge-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის საიტებზე, რომელთა ადაპტირება მცირემხედველთათვის, სწორედ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აუდიოწიგნების ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსყრველს შეზღუდვების გარეშე შეეძლება.

მხარდამჭერის შემთხვევაში იგეგმება პროექტის გაგრძელება, ორგანიზატორები და მოხალისეები იმედოვნებენ, რომ მათ ამის საშუალება მიეცემათ და აუდიოწიგნების რიცხვი 20-ს მნიშვნელოვნად გაცდება. ქეთევან ქიმოსტელის თქმით, „პროექტის გაგრძელების სურვილი, საბედნიეროდ, არ არის ცალმხრივი, არიან ამ საქმით დაინტერესებული პირები, თუმცა, საქმე მაინც ფინანსებამდე მიდის, რამდენადაც დაფინანსდება, იმდენად შეგვიძლია, ვიფიქროთ გაგრძელებაზე. რაც შეეხება შემდეგი პროექტის გეგმას, ჯერ მხოლოდ მონახაზია გაკეთებული და სპეცპედაგოგებისაგან ვიცით, რომ უსინათლოების განვითარებისათვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით“.

ამ ეტაპზე ჩაწერა დასრულებულია და მიმდინარეობს ინტენსიური მონტაჟი, პროექტის დახურვა იანვრის ბოლოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში იგეგმება, სადაც შედგება ადაპტირებული ვებგვერდების (lib.ge-ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის საიტის) პრეზენტაციაც.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary