პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ახალგაზრდების თვალსაწიერში
12 ივლისი, 2014
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ახალგაზრდების თვალსაწიერში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
ეს იყო ინგლისურენოვანი პროგრამა თსუ-ს ფარგლებში. პროგრამა სამხრეთკავკასიური პროექტია. ჩვენი ორგანიზაციის წევრები ორგანიზაციის დაარსებამდე მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებში და გარკვეული კავშირი გვქონდა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტსა და აკადემიურ წრესთან. გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით ჩვენს მეგობრებს, რომლებიც უშუალოდ ამ სფეროში მუშაობდნენ ან ინტერესი ჰქონდათ და დაგვეფუძნებინა ორგანიზაცია. თავიდანვე ვცდილობდით, ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წევრს წარმოეჩინა სხვადასხვა კონფერენციაზე“ - ჰყვება თეონა.

თეონა ტურაშვილის თქმით, საქართველო დემოკრატიზაციისა და ტრანსფორმაციის გზაზეა, ამიტომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ინფორმირება ქყვენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ,,ჩვენ მიგვაჩნდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე ჩვენთან ნაკლები ინფორმაცია იყო. მოსახლეობაში არ იყო ამ რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური გააზრება და გვინდოდა ამ ქვეყნების შესახებ უფრო მეტად კვლევითი ნაშრომის შექმნა. რადგან ჩვენი ქვეყანაც ამ ქვეყნების რიცხვში ითვლება, რომელიც ახლა გადის ტრანსფორმაციისა და დემოკრატიზაციის პროცესს, საჭირო იყო, სხვა ქვეყნების დასავლური გამოცდილების გაზიარება“.

პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის შექმნის კიდევ ერთი მიზანია ქვეყანაში კვლევითი საქმიანობის წახალისება ,,პირველ ყოვლისა, სტუდენტებში და შემდეგ აკადემიურ წრეებში“.

თეონა ტურაშვილის თქმით, საწყისი ეტაპი ორგანიზაციის საქმიანობაში მარტივი არ ყოფილა, რადგან ახლადდაფუძნებული ორგანიზაციისათვის ნდობისა და დაფინანსების მოპოვება ძალიან რთულია. ,,ახლადდაფუძნებული ორგანიზაციისათვის ძალიან ძნელია ნდობის მოპოვება, გრანტების მიღება. რთულია ისიც, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია უნივერსიტეტს გარეთ იწყებს მუშაობას. უნივერსიტეტში არ გვქონდა იმის საშუალება, ეს ორგანიზაცია მის ბაზაზე დაგვეფუძნებინა“ - აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი.

ორგანიზაციის წევრებმა ცენტრის ჩამოყალიბებისთანავე დაიწყეს მუშაობა. მათი პირველი ინიციატივა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შესახებ პროფილების შექმნა იყო. ,,დასაწყისში საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნისა და მათი ლიდერების შესახებ ერთგვარი პროფილის წერა დავიწყეთ. ამ დროს ვებგვერდი არ გვქონდა და ინფორმაციას ჩვენი ორგანიზაციის ბლოგზე ვაქვეყნებდით. ეს იყო ჩვენი, ერთგვარად, მოხალისეობრივი საქმიანობა. გარდა ამ პროფილისა, ჩვენ ვაქვეყნებდით ანალიტიკურ სტატიებს ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და ყარაბაღის კონფლიქტზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, არჩევნებზე“ - იხსენებს თეონა.

ანალიტიკური დაიჯესტი

,,CPSS-ის წევრებს გვქონდა იდეა, გაგვეკეთებინე ერთგვარი ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თემატურად მიეძღვნებოდა ანალიტიკური სტატიები. ეს უნდა ყოფილიყო ანალიტიკური სტილის ნაშრომები“ - ამბობს თეონა. ჟურნალ ,,ანალიტიკური დაიჯესტის“ პირველი ნომერი 2012 წლის მარტში გამოიცა და პირველი სტატიები ორგანიზაციის წევრებმა მოხალისეობრივად მოამზადეს. პირველი ნომრის გამოცემის შემდეგ ცენტრის წევრებმა გადაწყვიტეს, დაიჯესტის გამოშვება გაეგრძელებინათ. ამისთვის მათ ჟურნალისთვის მასალების წერის პროცესში სტუდენტები ჩართეს.
,,გვინდოდა ჟურნალი სისტემატური ყოფილიყო, მაგრამ პირველი ნომერიც მოხალისეობრივად გამოვეცით. არანაირი პროექტი არ გვქონდა. დაიჯესტს რომ სიცოცხლისუნარიანობა შეენარჩუნებინა, გადავწყვიტეთ, სხვებიც ჩაგვერთო და გამოვაცხადეთ აპლიკაციების მიღება სტუდენტებისთვის, ვისაც აინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკა. საკითხებში, როგორც წესი, არ ვზღუდავდით“ - ამბობს თეონა. მოხალისე სტუდენტების ჩართულობით შექმნილი ,,ანალიტიკური დაიჯესტის“ მეორე ნომერი მალე გამოიცემა.

მარიამ ჩიხლაძე ერთ-ერთია ,,ანალიტიკური დაიჯესტის“ ავტორებიდან. მისი სტატია დაიჯესტის მეორე ნომერში დაიბეჭდა. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობ და პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად მქონია შეხება პოსტსაბჭოთა სივრცის კვლევასთან. დაიჯესტში გამოქვეყნებული სტატია ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე“ - ამბობს მარიამი ,,თავისუფალ ასოციაციასთან“ საუბრისას.

თეონა ტურაშვილის აზრით, ანალიტიკურ სტატიებზე მუშაობის პროცესში სტუდენტებისათვის ყველაზე საინტერესო ეტაპი სტატიის თემების დამოუკიდებლად არჩევა და რედაქტორებისაგან უკუკავშირის მიღებაა: ,,სტუდენტები გვიგზავნიან ნაშრომს, ჩვენ გვყავს რედაქტორთა ჯგუფი, როელიც ჩვენი ორგანიზაციის წევრებისა და დამხმარე რედაქტორებისაგან შედგება. ჩვენი აზრით, ამ სტატიებზე მუშაობისას სტუდენტებისთვის ყველაზე მომხიბვლელია ის, რომ ისინი უსწორებენ სტუდენტებს ნაშრომებს და ძალიან დეტალურ შენიშვნებს აძლევენ. უგზავნიან უკან და ავტორებს შეუძლიათ შენიშვნები გაითვალისწინონ. თუმცა, ეს სავალდებულო არაა. ამით ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს აკადემიური უნარების გაუმჯობესებაში“.

მარიამ ჩიხლაძის თქმით, მასზე ,,დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გამსწორებლის პროფესიონალიზმმა და მითითებებმა. შემდეგ სტატიებში და საბაკალავრო ნაშრომის ფორმირებისას აუცილებლად გავითვალისწინებ მითითებებს“ - ამბობს სტუდენტი.
თეონა ტურაშვილი კი აღნიშნავს, რომ მომავალში ,,ანალიტიკური დაიჯესტის“ პროექტად ქცევა და ავტორებისთვის სხვადასხვა ტრენინგის ჩატარება იგეგმება: ,,გვინდა ფინანსები მოვიპოვოთ და სტუდენტებს არამხოლოდ შევუსწოროთ, არამედ ტერნინგები ჩავუტაროთ აკადემიური უნარების გასაუმჯობესებლად. გამომჟღავნდა, რომ ქართველი სტუდენტები არ ფლობენ ინფორმაციას, როგორ გამოიყენონ კვლევითი რესურსები, წყაროები. ასევე გვინდა, საქმიანი კომუნიკაციის შესახებაც ჩავატაროთ ტრენინგები“.

„თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტების დამოკიდებულებების კვლევა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისადმი“

,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ პროექტი ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ დაიგეგმა და ჩატარდა ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს - OSGF“ ფინანსური პროექტის ფარგლებში. იდეა იყო, რომ ერთი მხრივ, გამოევლინა სტუდენტების დამოკიდებულება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ, მეორე მხრივ, მიეწოდებინა მათთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ საკითხის შესახებ და პოპულარიზაცია გაეწია ტოლერანტული იდეებისათვის.

„პროექტის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ კვლევა იმის გასარკვევად, თუ როგორი დამოკიდებულებები არსებობს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ სტუდენტებში. ჩვენ ჩავრთეთ პროექტში 22 მოხალისე სტუდენტი, რომლებიც გამოგზავნილი აპლიკაციების მიხედვით შეირჩნენ. ჩვენ შევადგინეთ კითხვარი. მოხალისეებმა შეასრულეს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე - ჩაატარეს გამოკითხვა“ - ამბობს თეონა ტურაშვილი.

კვლევა თბილისის 13 უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში 326 ადამიანი მონაწილეობდა. კველვის ანგარიშის მიხედვით, „შეზღუდული რესურსების პირობებში შეუძლებელი იყო შემთხვევითი შერჩევის განხორციელება. ამის გამო კვლევა საპილოტედ მიიჩნევა და შეუძლებელია მისი განზოგადება“.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, „კვლევაში გამოყენებული კითხვარი 36 შეკითხვას მოიცავდა და შედგებოდა ექვსი ნაწილისაგან: 1. დემოგრაფიული მონაცემები; 2. რესპონდენტის რელიგიურობა; 3. სოციალური მანძილი; 4. დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ; 5. დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ; 6. დასკვნითი ნაწილი“.

კვლევის დასკვნითი ნაწილის მიხედვით, ტოლერანტობასა და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმღებლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რელიგიურობა, განათლება და უმცირესობებთან კონტაქტი. „რელიგიურობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდწილად განაპირობებს რესპონდენტის შეხედულებებს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია სოციალური სტატუსი და განათლება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, რამდენიმე ასპექტისაგან შედგება. კვლევის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე გამოკითხული სტუდენტები უფრო დაბალი მიმღებლობითა და ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ, თუმცა, შედეგები არ არის თანმიმდევრული სხვადასხვა კითხვის შემთხვევაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ფაკულტეტზე სწავლობს სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ სოციალური მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტები მაღალი მიმღებლობით გამოირჩევიან, ხოლოდ საბუნებისმეტყველო და სამედიცინო უფრო დაბალი მიმღებლობით გამოირჩევიან მთლიანობაში. და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია უშუალო კონტაქტის სიხშირე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან: რაც უფრო ხშირი კონტაქტი აქვს ადამიანს მისგან განსხვავებულ ადამიანთან, მით უფრო მისაღები ხდება ეს “განსხვავებები” მისთვის“ - ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
თეონა ტურაშვილის თქმით, პროექტში მონაწილე სტუდენტები კვლევის გაგრძელებასა და საკითხების უკეთ შესასწავლად სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარებას გეგმავენ. „შედეგების გამოქვეყნების შედეგ რამდენიმე სტუდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ დაგვეხმარონ და ჩაატარონ უკვე სიღრმისეული ინტერვიუები კვლევის დროს აღმოჩენილ საინტერესო საკითხებზე“ - ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი.

,,მრავალ(ფ)ეროვანი საქართველო“

,,თუ ადამიანს სხვა რწმენა აქვს, კანის სხვა ფერი აქვს, ეს საზოგადოებიდან მისი გარიყვის მიზეზი არ უნდა გახდეს. ვიღაცას, შეიძლება, გაუკვირდეს - ეს კიდევ ხდება-ო? დიახ, ხდება და საკმაოდ ბევრჯერ“ - ამბობს ლალი შენგელია. ის „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ კონკურსის - ,,მრავალ(ფ)ეროვანი საქართველო“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ლალი შენგელია გარდაბანში წავიდა და საკონკურსოდ საქართველოში მცხოვრებ ასურელებზე მოამზადა ვიდეო. მისი ნამუშევარი კონკურსის ჟიურის რჩეული გახდა. „ჩემი იდეა იყო, წავსულიყავი თბილისთან ახლო მდებარე რომელიმე დასახლებაში, სადაც რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და ერთი ადამიანის ისტორიით წარმომეჩინა მათი ყოფა და პრობლემები. ჩემი დროის მცირე რესურსიდან გამომდინარე, წავედი ყველაზე ახლოს - გარდაბანში, სადაც უმეტესად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. სოფელ-სოფელ სიარულის დროს, სრულიად შემთხვევით, აღმოვაჩინე ასურელების დასახლება, მათი სალოცავი, რომელიც ერთი შეხედვით, ნამდვილად ჰგავდა ტაძარს. შევედი, დაღლილს წყალიც შემომთავაზეს და მოვისმინე მათი პრობლემების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ასურელებს მათ არავინ უწოდებდა - იცნობდნენ როგორც აისორებს, რაც დამამცირებელი სახელია მათთვის. ჩემთვის საინტერესო იყო ამ ერის ისტორიაც. გადავიღე მცირე ვიდეო, რომელშიც ავსახე ასურელების პრობლემა“ - ყვება ლალი შენგელია.

„ამ პროექტის მიზანი იყო, გამოგვემჟღავნებინა, რა ტენდენციები არსებობს სტუდენტებში, როგორი დამოკიდებულება აქვთ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ. ჩვენ ჩავატარეთ ტრენინგი სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რა პრობლემები არსებობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ და სახელმწიფო დონეებზე და როგორ აღიქვამენ სტუდენტები ამ პრობლემებს. ტრენინგის დამსწრეებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ უნდა იმოქმედონ, თუ მსგავსი პრობლემები არსებობს, ასევე ადვოკატირების გარკვეული გზები და თავიანთი ქმედებების დაგეგმვის სტრატეგია“ - აცხადებს თეონა ტურაშვილი.

საბოლოო პრეზენტაციაზე სამი ნამუშევარი - ფოტო და ვიდეო დაჯილდოვდა. პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში ასევე ჩატარდა დისკუსია, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს ეხებოდა. ,,წარდგენილი იყო ჩვენი კვლევა - „თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტების დამოკიდებულებების კვლევა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისადმი“, ასევე ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის - EMC - ს“ მკვლევარის, ლინა ღვინიანიძის კვლევა ,,რელიგია საჯარო სკოლებში“. გაიმართა დისკუსია და ვისაუბრეთ თემაზე, რა გავლენას ახდენს რელიგია სტუდენტების დამოკიდებულებაზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ“ - ამბობს თეონა ტურაშვილი.

სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად
,,სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში ახალი კურსდამთავრებულები მიემგზავრებიან რეგიონებში და არაქართულენოვან მოსახლეობას ქართულ ენას, საკომუნიკაციო ქართულს ასწავლიან.
სრულად






Carpet Cleaning Calgary