,,ჩემი ფანჯრიდან შავნაბადას მთა ჩანს. ყოველთვის მინდოდა მეგობრებთან ამ მთის დალაშქვრა, თუმცა, დღემდე ვერ მომიხერხებია"".
შავნაბადა იდუმალია. საუკუნეების წინ ამ მთას სახელწოდება შავნაბდიანი მხედრის - წმინდა გიორგის სასწაულების გამო დაერქვა. გიორგი მარჯანიშვილს ჯერ ვერ გაუბედავს მისი დაპყრობა, შორიდან უმზერს ბინის ფანჯრიდან და გულის ხმა ეეუბნება, რომ "ამ მთაზე ოდესმე ავა"".
21 წლის გიორგის მომავალი პროფესიიდან გამომდინარე ბიზნესის სფერო აინტერესებს. სურს, საკუთარი თავი გამოსცადოს. ,,საინტერესო პროფესია მაქვს - ბიზნეს ადმინისტრირება. აქ მუდმივად იკვეთება პრობლემები, გიწევს ამ პრობლემების გადაჭრა. ყოველ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული მიდგომა სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხომ ადამიანებთან ურთიერთობაა".
გიორგი არ ჰგავს იმ ადამიანს, ვინც საკუთარი თავის დემონსტრირებას 2 წამში ახერხებს. მშვიდი და გაწონასწორებულია. ლაშა ბარბაქაძე გიორგის უკვე 7 წელია იცნობს, უკრაინაში ბანაკში ყოფნის დროს გაიცნო და ახლა მეგობრები არიან. ,,გიორგის ყოველთის შეიძლება ენდო, დაეყრდნო და მისი იმედი გქონდეს. უკვე 7 წელია გვერდში მიდგას"" - ამბობს ლაშა.
სათქმელს მოხდენილად, ოდნავ აქცენტით, მაგრამ მწყობრად აყალიბებს. უკრაინა მისი დედასამშობლოა. ამბობს, რომ ოთხმოცდაცამეტი პროცენტით ქართველია, შვიდი პროცენტი კი მასში უკრაინული სისხლი და ბუნებაა. პატივს სცემს უკრაინულ ტრადიციებს, მაგრამ ქართული მისთვის მაინც უფრო გულთან ახლოსაა. წლების წინ, როცა რამდენიმე წლით მშობლებთან ერთად დედულეთში, უკრაინაში მოუწია წასვლა და ცხოვრება, ქართული დაავიწყდა. უკან დაბრუნებულს კი - ქართული ენის ათვისება ხელახლა მოუწია. 2008 წლის ომის შემდეგ ეშინოდა, რომ მისი სლავური გარეგნობა ქართველებში პროტესტს გამოიწვევდა და იძულებული გახდებოდა, ქვეყანაა დაეტოვებინა. ,,ჩემს მეგობრებს უხარიათ, რომ ჰყავთ უკრაინელი ძმაკაცი""- ამბობს ის. უკრაინელი ერისთვის დამახასიათებელი გარეგნობის გამო მეგობრები "ქერას" ეძახიან.
ბუნების შეცნობა, მის მოვლენებში გარკვევა სულ მცირე ასაკიდან იწყება. გიორგისაც საკუთარი ფანჯრიდან დანახულმა ხედმა პატარაობიდანვე შთააგონა ბუნების სიყვარული. ლაშქრობა და მოგზაურობა მისი ჰობია. სტუდენტია, 21 წლის ასაკში სამსახურიც აქვს - ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელია, მაგრამ ყოველთვის ნახულობს დროს 2 დღით მაინც წავიდეს ლაშქრობაში მეგობრებთან ერთად. ჯერ საქართველოს შეცნობითაა გატაცებული, ყველა კუთხეში მოგზაურობას აპირებს, შემდეგ საზღვარსაც გადაკვეთს. ლაშქრობაში წასვლის წინ ჩანთას დიდი მონდომებით ალაგებს, რამე რომ არ დარჩეს. ,,კარავი, საძილე ტომარა, ასანთი და დანა თუ თან გაქვს, ლაშქრობიდან ასი პროცენტით ცოცხალი დაბრუნდები"" - ამბობს გიორგი.
სამ მეგობრთან ერთად ბეთანიის მონასტერში იყო წასული ორი დღით. კარვებით მომარჯვებულებმა პირველ დღეს ნორმალურად შეძლეს გამოძინება და ტერიტორიის დალაშქვრა. მეორე დღეს კი უკვე ჩაძინებულებს წვიმამ მოუსწრო. ძლიერმა წვიმამ კარვებშიც შეაღწია. ღამის ათ საათზე მოუწიათ ბარგის საკუთარი ზურგით თრევა. ტყეში, ღამით ნისლში სიარულს კიდევ უფრო აძნელებდა წვიმით გაჟღენთილი ბარგი. სხვა გზა არ ჰქონდათ, უახლოეს გზატკეცილამდე გააღწიეს და თბილისამდე ჩამოაღწიეს. ბუნებით ექსტრემალია და მსგავსი სიტუაცია მისთვის რთულად გადასატანი არ არის. პირიქით, გამოწვევად იღებს.
ახლა სვანეთის მთებს უმიზნებს. სურს, მაღალმთიანი სვანეთის კლიმატის სიძლიერეც შეიგრძნოს.